შინაარსზე გადასვლა

წმინდა გიორგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა გიორგი
Γεώργιος
დაიბადა 275
კაისერი, Cappadocia, რომის იმპერია
გარდაიცვალა 23 აპრილი, 303
ნიკომედია, Bithynia et Pontus, რომის იმპერია ან ლოდი, Syria Palaestina, რომის იმპერია
დასაფლავებულია ლოდი
ხსენების დღე 23 აპრილი[1] და Bright Week
მოღვაწეობა ჯარისკაცი, დრაკონის მკვლელი და სასწაულმოქმედი
ენა Classical Greek

წმინდა გიორგი (ბერძ. Άγιος Γεώργιος; დ. დაახლ. 275 — გ. 23 აპრილი, 303, ნიკომედია) — ქრისტიანი წმინდანი. კაპადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც აწამეს რომის იმპერატორის დიოკლეტიანე დროს. ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია. მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 23 აპრილი (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერი, ხოლო კათოლიკურში23 აპრილი.

წმინდა გიორგი საქართველოს სახელმწიფო გერბზე

გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაპადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხრონია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.

წმინდა მოწამე დიოკლეტიანე მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დიოკლეტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

გადმოცემით ამ დროს გამობრწყინდა ყოვლად წმინდა სამების ახოვანი მხედარი, რომელიც მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარი კი გაკიცხა. დიოკლეტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომაც პირმოთნეობა დაუტევა, ჭეშმარიტი სახე სიბოროტისა გამოავლინა და მისი ტანჯვა განიზრახა. თავდაპირველად მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა. მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა და ასე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფისა და მისი მეგობრის მაგნენტიონის წინაშე. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, რისთვისაც ქალაქგარეთ თავისმოკვეთით დასაჯა ისინი. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, დედოფალი დაატყვევეს. ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, წმინდა გიორგი ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. გამძვინვარებულმა მეფემ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვა ფეხზე და აიძულა ერბინა. ამავე დროს სასტიკად გაშოლტეს, რის შედეგაც მაგნენტიოსმა დაფლული მკვდრის სასწაულთქმედებით გაცოცხლება სთხოვა.

წმინდა გიორგიმ ილოცა და საკვირველებაც აღსრულდა: საფლავს თავი აეხადა, საიდანაც გამოვიდა მიცვალებული, იგი ფეხებში ჩაუვარდა და უფალს დიდება შესწირა, ხოლო მეფის კითხვაზე, ვინ არის და რამდენი ხნის გარდაცვლილი, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა:„მე ქრისტეს მოსვლამდე ვცხოვრობდი და კერპთა საცთურისათვის აქამდე ცეცხლში ვიწვოდიო“. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას, მათ შორის ნეტარი გლიკერიც, რომელიც ღმრთის აღიარებისათვის მახვილით დაისაჯა. ათანასე გრძნეული, რომელმაც დაინახა თუ არა გრძნეულების უძლურება, ჭეშმარიტება აღიარა და ქრისტეს მსხვერპლად შეიწირა. მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა და უბრძანა კერპს, ეთქვა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ეშმაკის პირით კერპმა მეყსეულად აღიარა:„ქრისტეა ერთადერთი ღმერთიო“, რის შედეგაც ყველა კერპი შეიძრა და შეიმუსრა. ეშმაკის მსახურებმა ვეღარაფერი გააწყვეს წმინდა გიორგის წინაშე, შეიპყრეს იგი და დიოკლეტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული.

ტროპარი
ვიკიციტატა
„ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.“
კონდაკი
ვიკიციტატა
„მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.“

10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, ხოლო 23 აპრილი (6 მაისი) თავისკვეთის დღე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Calendarium Romanum: Ex decreto Sacrosancti Œcumenici Concilii Vaticani II instauratum auctoritate Pauli PP. VI promulgatum. Editio typicaCivitas Vaticana: Typis Polyglottis Vaticanis, 1969. — გვ. 25.