ჰენრიეტა ინგლისელი
ჰენრიეტა ინგლისელი | |
---|---|
ორლეანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 31 მარტი, 1661 |
მმართ. დასასრული: | 30 ივნისი, 1670 |
წინამორბედი: | მარგარიტა ლოთარინგიელი |
მემკვიდრე: | ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 16 ივნისი, 1644 |
დაბ. ადგილი: | ბედფორდის სასახლე, ექსტერი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 30 ივნისი, 1670 (26 წლის) |
გარდ. ადგილი: | შატო დე სენ-კლოდი, ილ-დე-ფრანსი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ფილიპ I |
შვილები: |
მარია ლუიზა, ესპანეთის დედოფალი ფილიპ შარლი ანა მარია, სარდინიის დედოფალი |
დინასტია: | სტიუარტები |
მამა: | ჩარლზ I |
დედა: | ანრიეტა მარია ფრანგი |
რელიგია: |
ანგლიკანიზმი კათოლიციზმი |
ჰენრიეტა ინგლისელი (ინგლ. Henrietta of England; ფრანგ. Henriette d'Angleterre; დ. 16 ივნისი, 1644, ინგლისი — გ. 30 ივნისი, 1670, საფრანგეთი) — სტიუარტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფის, ჩარლზ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ანრიეტა მარია ფრანგის ნაბოლარა შვილი. ჩარლზ II-ისა და ჯეიმზ II-ის უმცროსი და. ინგლისის რევოლუციის გამო, დედასთან ერთად მცირე ასაკში სამშობლოს დატოვება და საფრანგეთში გადასახლება მოუხდა. იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის მამიდაშვილი და განიხილებოდა მის საცოლედ, თუმცა ლუიმ ცოლად ესპანეთის პრინცესა შეირთო. 1661 წელს, იგი მიათხოვეს ლუის უმცროს ძმას, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ს, რომლისგან სამი შვილი შეეძინა, მათ შორის, ესპანეთის დედოფალი მარია ლუიზა დ'ორლეანი და სარდინიის დედოფალი ანა მარია დ'ორლეანი. გარდაიცვალა 26 წლის ასაკში და ითვლება, რომ ის მეფის მტრებმა მოწამლეს.
ინგლისში ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰენრიეტა 1644 წლის 16 ივნისს, ინგლისის სამეფო ოჯახში დაიბადა, სწორედ მაშინ როდესაც ინგლისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მამამისი, ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ I იყო, ხოლო დედა, დედოფალი და ამასთან საფრანგეთისა და ნავარიის პრინცესა, ანრიეტა მარია ფრანგი იყო. ჰენრიეტას დედასთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა. ჰენრიეტას დედის ხაზით ბიძად, საფრანგეთის მეფე ლუი XIII ერგებოდა, ხოლო ბიძაშვილად საფრანგეთის მეფე ლუი XIV. ჰენრიეტას ბავშვობიდანვე ამზადებდნენ საფრანგეთში გასათხოვებლად.
ჰენრიეტა დაბადებიდანვე ძალიან სუსტი ბავშვი იყო, ამიტომაც ბევრი ფიქრობდა, რომ იგი სრულწლოვანებამდე ვერ მიაღწევდა და მალე გარდაიცვლებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა და დედოფლის გულმოდგინე შრომის შედეგად, პრინცესა თანდათან მომჯობინდა.
მალე ინგლისში შექმნილი რთული ვითარების გამო, დედოფალი საფრანგეთში გაიქცა შვილებთან ერთად, მეფე კი ქვეყანაში დარჩა. იქ, დედოფალმა ანრიეტა მარიამ თავის ძმიშვილს, მეფე ლუი XIV-ის დახმარება სთხოვა, რათა როგორმე ჩარლზი გადაერჩინა. მეფემ მამიდას უარი ვერ შეჰკადრა, ამიტომაც დედოფალი ანრიეტა ინგლისში შვილებთან და უზარმაზარ ფრანგულ არმიასთან ერთად დაბრუნდა. ინგლისში ჩასვლისთანავე, პრინცესა ჰენრიეტა კრუნჩხვებში ჩავარდა. მისი მძიმე მდგომარეობის გამო, იგი სასწრაფოდ, 21 ივლისს ანგლიკანად მონათლეს. 23 ივლისს კი პრინცესა ჰენრიეტა პირველად შეხვდა მამამისს. ჰენრიეტა ლონდონის გარეთ, ოტლანდსის სასახლეში დააბინავეს. ამ სასახლეში 1646 წლის ივნისში გადავიდნენ და იქ მთელი ოჯახი 3 თვის მანძილზე ცხოვრობდა. მალე ქვეყანაში ვითარება კვლავ დაიძაბა, ამიტომაც ჰენრიეტა და დედამისი კვლავ საფრანგეთში გაიქცნენ.
საფრანგეთში ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის სამეფო კარზე ყოფნისას, პრინცესა ჰენრიეტას არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა დედა დედოფალ ანა ავსტიელთან. ლუი XIV-მ მამიდასა და მამიდაშვილს (იგულისხმება ჰენრიეტა და დედამისი), ლუვრის სასახლეში ცხოვრების ნება დართო და ყოველთვიურად, პენსიის სახით, თითოეულს 30 000 ეკიუს ურიცხავდა. ამის გარდა, ჰენრიეტასა და დედამისს, სენ-ჟერმენ-ან-ლაეს სასახლე უბოძათ. 1648–1653 წლებში, საფრანგეთშიც სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ამ ომის დროს, ჰენრიეტა და დედამისი იძულებულნი გახდნენ ლუვრში დამალულიყვნენ, ვინაიდან ფრანგების აზრით, საფრანგეთს არ ჰქონდა იმის სახსრები, რომ უცხო ქვეყნის მონარქები ერჩინა. 1649 წლის 30 იანვარს, ჰენრიეტას მამას, მეფე ჩარლზ I-ს, ინგლისელებმა ეშაფოტზე თავი მოჰკვეთეს.
დედოფალ ანრიეტა მარიას მალევე აცნობეს მეუღლის ამბავი. სამეფო ოჯახისათვის ლუვრში ცხოვრება სახიფათო გახდა, ამიტომაც ლუი XIV, ანა ავსტრიელი, ლუის ძმა ფილიპი, ანრიეტა მარია და ჰენრიეტა, პალასის სასახლეში გადავიდნენ საცხოვრებლად. ამავე დროს, დედოფალმა ანრიეტამ, პრინცესა ჰენრიეტა კათოლიკედ მონათლა. 1652 წელს, ინგლისში ვითარება უფრო გამწვავდა, ამიტომაც საფრანგეთში გაიქცნენ ჰენრიეტას უფროსი ძმებიც.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის სამეფო კარმა, მათი ახალგაზრდა მეფისათვის საცოლის ძებნა დაიწყო. ანრიეტა მარიამ ლუის საცოლედ ჰენრიეტას კანდიდატურა წამოაყენა. თუმცა, დედა დედოფალმა, ანა ავსტრიელმა წინადადება უარყო, ვინაიდან მას განზრახული ჰქონდა ლუის დაქორწინება თავის ძმიშვილზე, ესპანეთის პრინცესა მარია ტერეზა ჰაბსბურგზე. მარია ტერეზა, ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე IV-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ელიზაბეტა ბურბონის ქალიშვილი იყო. ელიზაბეტა კი ანრიეტა მარიას ღვიძლი და იყო, ასევე ლუისაც და ჰენრიეტასაც მამიდად ერგებოდა. 1660 წლის ივნისში, ლუი XIV და მარია ტერეზა ესპანელი დაქორწინდნენ. ამის შემდეგ, ანა ავსტრიელმა საცოლის ძებნა თავისი მეორე ვაჟისთვის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ისთვის დაიწყო. ამავე წელს, ინგლისში სტუარტთა დინსტიის რესტავრაცია მოხდა და ჰენრიეტას უფროსი ძმა, ჩარლზ II ინგლისის მეფე გახდა. წესით, ჰენრიეტასა და ფილიპის ქორწინების საკითხი კარგად უნდა წასულიყო, თუმცა, ფილიპი ბისექსუალი აღმოჩნდა, რომელსაც რამდენიმე მამაკაცი საყვარელი ჰყავდა. ამის გამჟღავნებას, სკანდალების მთელი სერია მოჰყვა. ამ ყველაფერმა ჰენრიეტასა და ფილიპის ქორწინების საკითხი გააჭიანურა. ამით დრო იხელთეს და ჰენრიეტას ხელი ითხოვეს სავოიის ჰერცოგმა და ტოსკანის დიდ ჰერცოგმა. თუმცა, პრინცესა იტალიაში გათხოვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა.
მოუთმენელმა ფილიპმა სურვილი გამოთქვა, რომ ჰენრიეტაზე რაც შეიძლებოდა მალე დაქორწინებულიყო. თუმცა, დედოფალი ანრიეტა მარია ქალიშვილთან ერთად ინგლისში დაბრუნებას აპირებდა. 1660 წლის სექტემბერში გარდაიცვალა ჰენრიეტას უფროსი ძმა, გლოსტერის ჰერცოგი ჰენრი სტიუარტი. ოქტომბერში ჰენრიეტა და დედამისი ჩრდილოეთ საფრანგეთის საპორტო ქალაქ კალეში ჩავიდნენ. კალედან ისინი ინგლისში გაემგზავრნენ და ქალაქ დუვრის სასახლეში დაბინავდნენ. საფრანგეთის სამეფო კარმა, 1660 წლის 22 ნოემბერს, ოფიციალურად ითხოვა პრინცესა ჰენრიეტას ხელი.
ჩარლზ III დის გათხოვებას დათანხმდა, თუმცა, საკმაოდ დიდი კომპენსაციის სანაცვლოდ. ფრანგებმა ამისათვის გადაიხადეს 840,000 ეკიუ, ხოლო ჰენრიეტას კომფორტულად მგზავრობაზე 20,000 ეკიუ დახარჯეს, ამასთანავე ჰენრიეტას დაენიშნა 40,000-იანი ყოველთვიური პენსია და კერძო რეზიდენციად გადაეცა მონგარსის სასახლე.
ჰენრიეტას საფრანგეთში დაბრუნება დროებით გადადო მისი უფროსი დის, ორანჟ-ნასაუს პრინცესა მერი სტიუარტის გარდაცვალებამ. ჰენრიეტამ ინგლისი 1661 წლის იანვარში დატოვა. 1661 წლის 30 მარტს, ჰენრიეტა და ფილიპი დაქორწინდნენ. ამავე დღეს, იგი მისი უდიდებულესობა ორლეანის ჰერცოგინია გახდა.
ორლეანის ჰერცოგინია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მათი ქორწინება საკმაოდ კარგად დაიწყო. ქორწიებიდან მალევე ჰენრიეტა დაფეხმძიმდა. 1662 წელს კი ჰენრიეტამ ქალიშვილი გააჩინა, სახელად მარია ლუიზა. თუმცა, ბევრი ფიქრობდა, რომ ბავშვის მამა არა ფილიპე, არამედ ლუი XIV იყო, ვინაიდან ჰენრიეტას ლუისთან რომანში სდებდნენ ბრალს. ამგვარმა ჭორებმა ფილიპი საშინლად ეჭვიანი გახადა და ამის თაობაზე ერთხელ დედა დედოფალ ანასაც შესჩივლა.
ცოტა ხნის შემდეგ, ლუიმ ჰენრიეტასთან რომანი გაწყვიტა და მის ფრეილინთან, ლუიზა დე-ლა ვალიერთან დაიწყო ურთიერთობა. 1664 წელს, ჰენრიეტამ ვაჟი გააჩინა, სახელად ფილიპ შარლი. პატარა მალევე აკურთხეს ვალუას ჰერცოგად. სამწუხაროდ ორი წლის ასაკში, ფილიპ შარლი გარდაიცვალა. ამან საშინლად იმოქმედა ჰენრიეტაზე. ამავე 1666 წელს, გარდაიცვალა დედა დედოფალი ანა ავსტრიელიც. 1669 წელს კი ჰენრიეტამ გოგონა გააჩინა, სახელად ანა მარია.
1666 წელს, ფილიპმა გაიჩინა ახალი კაცი საყვარელი, წარმოშობით ლოთარინგიელი დიდგვაროვანი, შევალიერ დე გიზი. შევალიერი ხშირად რჩებოდა ფილიპის საძინებელში და გამუდმებით კბენდა ჰენრიეტას და ეჭვიანობდა მასზე.
ჰენრიეტას ძალიან უყვარდა ხელოვნება და გამუდმებით მუშაობდა ახალი მხატვრების აღმოჩენასა და მათ მფარველობაზე. იგი ასევე მებაღეობის დიდი მოყვარული იყო, სწორედ მან გაიყვანა ვერსალის სასახლეში სარწყავი არხები, რითაც მისი შადრევნები მარაგდებოდა. მან ასევე დააკომპლექტა დიდი და პრესტიჟული ნახატების კრებული, რომელშიც შედიოდა ვან დაიკისა და კორერიოს ნახატები. მისმა ასეთმა აქტიურმა პიროვნებამ, ისტორიკოსებს აფიქრებინა, რომ ჰენრიეტას ჰქონდა ნერვიული ანორექსიის ნიშნები.
1669 წელს ჰენრიეტას დედა, დედა დედოფალი ანრიეტა მარია გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც მას ზედმეტი ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს.
დუვრის საიდუმლო ხელშეკრულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1669 წელს, ჰენრიეტა შერჩეულ იქნა ინგლისში საფრანგეთის სახელით მოლაპარაკებების საწარმოებლად. მის ძმას, მეფე ჩარლზს დედის გავლენით ყოველთვის სურდა საფრანგეთის მოკავშირე გამხდარიყო. 1669 წელს კი მან აღიარა, რომ იგი კათოლიკური ეკლესიის მომხრე იყო და თავადაც ღებულობდა კათოლიკობას. ამის გამო, ჰენრიეტას სამშობლოს მონახულების სურვილი გაუჩნდა. ამიტომაც, ლუი XIV-მ მას ინგლისში გამგზავრების ნება დართო და თან ინგლისთან ხელშეკრულების დადება დაავალა. იმ ფაქტმა, რომ ფილიპს არავინ ჰკითხა აზრი, ამან მისი განრისხება გამოიწვია და ჰენრიეტას ინგლისში წასვლა აუკრძალა. ჰენრიეტამ ამაზე მეფეს შესჩივლა, მანაც ნება დართო და ინგლისში წასვლისათვის მზადება დაიწყეს. 1669 წლის 26 მაისს, ჰენრიეტა დუვრში ჩავიდა. იქ, იგი თავის ძმას შეხვდა და 1 ივნისს სასურველ ხელშეკრულებას ორივე მხარემ ხელი მოაწერა.
ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ინგლისი კავშირს წყვეტდა ნიდერლანდების რესპუბლიკასთან და შვედეთის სამეფოსთან. ინგლისი, საფრანგეთის მოკავშირე ხდებოდა და ევალებოდა მისი დახმარება ნიდერლანდებთან ომის დროს. იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი ნიდერლანდებს დაიპყრობდა, ინგლისს გადასცემდა ნიდერლანდების მფლობელობაში შემავალ კუნძულებს, ასევე გადასცემდა რამდენიმე ნიდერლანდურ საპორტო ქალაქსაც. მიუხედავად ამისა, ეს ხელშეკრულება საიდუმლო იყო და მხოლოდ 1830 წელს გახდა საჯაროდ ცნობილი. 1669 წლის 18 ივნისს, ჰენრიეტა კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა.
გარდაცვალება და დაკრძალვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1667 წლიდან, ჰენრიეტას დაეწყო გამუდმებული თავის ტკივილები. 1670 წლის აპრილიდან კი მას საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებიც დაეწყო. რძის გარდა ვერაფერს მიირთმევდა. 1670 წლის 26 ივნისს, იგი ქმრის საძინებელში დარჩა. 29 ივნისს, საღამოს ხუთ საათზე ჰენრიეტამ ერთი ჭიქა შაქრიანი წყალი დალია, რის შემდეგაც მალევე იგრძნო გაუსაძლისი ტკივილი თავის არეში, საწოლზე დაემხო და სიმწრისაგან ატირდა. ამავე დროს, მასთან გაჩნდა მისი ქმარი, მეფე ლუი XIV, დედოფალი მარია ტერეზა და სამეფო კარის მკურნალი. ღრმადმორწმუნე დედოფალმა, როცა ასე გატანჯული ჰენრიეტა იხილა, დაუყოვნებლივ მოაყვანინა მოძღვარი და ჰენრიეტა აზიარებინა. ექიმმა განაცხადა, რომ ჰერცოგინია მოწამლული იყო. ჰენრიეტას კუჭის ამოურეცხეს, მაგრამ დაგვიანებული იყო. საბოლოოდ, 1670 წლის 30 ივნისს, შუადღის 2 საათზე, ჰენრიეტა ინგლისელი გარდაიცვალა.
მეფის ბრძანებით დაიწყო გამოძიება იმის თაობაზე, თუ ვინ მოწამლა მისი რძალი. ეჭვმიტანილი უამრავი იყო, მათ შორის ფილიპის საყვარელი შევალიერ დე გიზი, მეფის საყვარელი მარკიზა დე მონტესპანი, 17 ფრანგი არისტოკრატი, 2 ინგლისელი ექიმი, ინგლისის ელჩი, ნიდერლანდების ელჩი და სხვა 100-მდე პიროვნება. თუმცა, საბოლოოდ ბრალი ვერცერთს ვერ დაუმტკიცეს. ამიტომაც განაცხადეს, რომ ჰენრიეტა ღვიძლის გასტროენტრიტით გარდაიცვალა, თუმცა, ყველამ იცოდა რომ ის მოწამლეს.
ჰენრიეტა დაკრძალეს 1670 წლის 4 ივლისს, სენ-დენის ბაზილიკაში. ამ დროს ლუის ბრძანებით დაიხურა ყველა საჯარო და არასაჯარო დაწესებულება, მათ შორის პარლამენტი და სასამართლო. ეს დღე გლოვის დღედ გამოაცხადეს. მის დაკრძალვას დაესწრნენ მეფე ლუი XIV, დედოფალი მარია ტერეზა ესპანელი, თავად ფილიპი, რეჩ პოსპოლიტას მეფე იან II, ინგლისის ელჩი და ბუკინგემის ჰერცოგი.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტრეტი | სახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | ტიტული | ქორწინება |
---|---|---|---|---|---|
მარია ლუიზა | 26 მარტი 1662 | 12 თებერვალი 1689 | ესპანეთის | კარლ II | |
მოშლილი ფეხმძიმობა 1663 წელს | |||||
ფილიპ შარლი | 16 ივლისი 1664 | 8 დეკემბერი 1666 | ვალუას
ჰერცოგი |
||
მკვდარშობილი ქალიშვილი 1665 წლის 9 ივლისი | |||||
მკვდარშობილი ტყუპი ვაჟები 1667 წელს | |||||
მოშლილი ფეხმძიმობა 1668 წელს | |||||
ანა მარია | 27 აგვისტო 1669 | 26 აგვისტო 1728 | სარდინიის
დედოფალი და |
ვიტორიო |
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰენრიეტას სახე ფილმებსა და ტელევიზიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2003 წელს გამოვიდა მინი-სერიალი, სახელწოდებით ჩარლზ II, რომელშიც ჰენრიეტას როლი მოირგო ანა მარია დუფმა;
- 2009 წელს გამოვიდა ფილმი, სახელად ფართო, ჰენრიეტას როლი ითამაშა მსახიობმა ჯესიკა კლარკმა;
- 2010 წელს გამოვიდა ფილმი, სახელად მინუსი, სადაც ჰენრიეტას თამაშობდა ჯენა ბრაიგთონი;
- 2015 წელს გამოვიდა სატელევიზიო სერიალი, სახელად ვერსალი, რომელშიც ჰენრიეტას განასახიერებდა ნოემი სკემიდტი.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Barker, Nancy Nichols: Brother to the Sun King; Philippe, Duke of Orléans, Johns Hopkins University Press, Baltimore/London, 1989
- Fraser, Antonia: Love and Louis XIV; The Women in the Life of the Sun King, Anchor Books, London, 2006
- Fraser, Antonia: Royal Charles: Charles II and the Restoration, Alfred A. Knopf, New York, 1979
- Louda, Jiří; Maclagan, Michael (1999) [1981], Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe (2nd ed.), London: Little, Brown
- Mitford, Nancy: The Sun King, Penguin Publishing, London, 1966
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰენრიეტა ინგლისელი, ორლეანის ჰერცოგინია დაარქივებული 2018-08-09 საიტზე Wayback Machine.
- ეს არის ვერსალი: პრინცესა ჰენრიეტა ინლისელი
- სკანდალები ფილიპ ორლეანელისა და ჰენრიეტა ინგლისელის ქორწინებაში
- მადამ ჰენრიეტას გარდაცვალება
|
|