შინაარსზე გადასვლა

ჰენრი (გლოსტერის ჰერცოგი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრინცი ჰენრი
სრული სახელი
ჰენრი უილიამ ფრედერიკ ალბერტი
წოდებები
გლოსტერის ჰერცოგი
ავსტრალიის გუბერნატორ-გენერალი
დაიბადა 31 მარტი, 1900
სენდრინგჰემი, დიდი ბრიტანეთი
გარდაიცვალა 10 ივნისი, 1974, (74 წლის)
ბარნუელი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო ჯერ საქსენ-კობურგ-გოთელები
შემდეგ უინძორები
მეუღლე(ები) ელის მონტაგ-დუგლასი
(ქ. 1935)
შვილ(ებ)ი უილიამი
რიჩარდი, გლოსტერის ჰერცოგი
მამა ჯორჯ V, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა მარია ტეკელი
რელიგია ანგლიკანიზმი

პრინცი ჰენრი, გლოსტერის ჰერცოგი (ინგლ. Prince Henry, Duke of Gloucester; დ. 31 მარტი, 1900, სენდრინგჰემი, დიდი ბრიტანეთი — გ. 10 ივნისი, 1974, ბარნუელი, დიდი ბრიტანეთი) — საქსენ-კობურგის და გოთას დინასტიის წარმომადგენელი 1917 წლამდე, უინძორების დინასტიის წარმომადგენელი 1917 წლიდან. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ისა და დედოფალ მარია ტეკელის ვაჟი. მეფე ედუარდ VIII-ისა და მეფე ჯორჯ VI-ის ძმა, დედოფალ ელისაბედ II-ის ბიძა. გლოსტერის ჰერცოგი 1928-1974 წლებში და ავსტრალიის გუბერნატორ-გენერალი 1945-1947 წლებში.

ჰენრი თავის და-ძმებთან ერთად, 1910 წელი

პრინცი ჰენრი დაიბადა 1900 წლის 31 მარტს იორკ კოტეჯში, სენდრინგჰემში. იგი იყო იორკის ჰერცოგ ჯორჯისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია მარია ტეკელის შუათანა ვაჟი. მამამისი იყო დედოფალ ვიქტორიას უფროსი ძის, უელსის პრინც ედუარდისა და პრინცესა ალექსანდრა დანიელის უფროსი ვაჟი, ხოლო დედამისი ტეკის ჰერცოგ ფრანცისა და პრინცესა მერი ადელაიდა კემბრიჯელის ქალიშვილი იყო. იგი იმავე წლის 17 მაისს მონათლა ვინჩესტერის ეპისკოპოსმა, მისი ნათლიები კი იყვნენ: დედოფალი ვიქტორია (ბებია), გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II (პაპიდაშვილი მამის მხრიდან), ბატენბერგის პრინცესა ბეატრისი (პაპიდა მამის მხრიდან), კამბერლენდის ჰერცოგინია ტირა (ბებიის და მამის მხრიდან), საბერძნეთის პრინცი გეორგიოსი (ბიძაშვილი მამის მხრიდან), ნორვეგიის დედოფალი მაუდი (მამიდამისი), ტეკის პრინცი ალექსანდრე (ბიძა დედის მხრიდან) და ფელდ-მარშალი ფრედერიკ რობერტსი. ოჯახურ წრეში იგი ჰარის სახელით იყო ცნობილი.

პრინცი ჰენრი თავიდან განათლებას სამეფო კარზე, და-ძმებთან ერთად იღებდა, თუმცა შემდეგ ეტონის კოლეჯში გააგრძელა სწავლა. პირველი მსოფლიო ომის დროს მეფე ჯორჯ V-მ მასთან ერთად ერთ ოთახში დააბინავა ქვეყნის ანექსიის გამო ბრიტანეთში ჩასული კრონპრინცი ლეოპოლდ ბელგიელი. ამის გამო ჰენრი და ლეოპოლდი შემდეგში მთელი ცხოვრების განმავლობაში მეგობრობდნენ, თანაც ისინი თითქმის თანატოლები იყვნენ.

ძმებისაგან განსხვავებით, სამეფო ფლოტის ნაცვლად ჰენრი სამხედრო ძალებს შეუერთდა. 1919 წლიდან იგი სამეფო სამხედრო აკადემიაში მსახურობდა, საიდანაც მხოლოდ 1937 წელს გადადგა.

1928 წელს მამამისმა მას გლოსტერის ჰერცოგის, ულსტერის გრაფისა და კულოდენის ბარონის წოდება მისცა. როგორც გლოსტერის ჰერცოგი, იგი მამის წარმომადგენელი გახდა და მის ნაცვლად დაესწრო კიდეც ჰაილე სალასიეს ეთიოპიის იმპერატორად კურთხევას.

გლოსტერის ჰერცოგი ცოლთან და შვილებთან ერთად 1945 წელს

ქორწინება და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წლის 6 ნოემბერს ჰენრიმ ცოლად შეირთო ელის მონტაგ-დუგლასი, ბაკლექის მეშვიდე ჰერცოგის, ჯონ მონტაგ-დუგლასის ქალიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მათი ჯვრისწერა თავიდან უესტმინსტერის სააბატოში იგეგმებოდა, საბოლოოდ ბაკინგემის სასახლის კერძო სამლოცველოში ჩატარდა საკმაოდ ვიწრო წრეში. ამის მიზეზი ელისის მამის გარდაცვალება გახდა, რომელიც ქორწილამდე თვეზე ნაკლები ხნის წინ დაიღუპა. წყვილს სულ ორი შვილი შეეძინა:

  1. უილიამი (1941-1972), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, აეროკატასტროფისას;
  2. რიჩარდი (1944-ცოცხალია), გლოსტერის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ბრიჯიტ ვან დორსი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი შეუერთდა ბრიტანეთის სამხედრო ძალებს. 1940 წელს იგი მსუბუქად დაშავდა გერმანელთა მიერ საჰაერო თავდასხმის დროს. ომის დასრულების შემდეგ იგი ჯერ ავსტრალიის გუბერნატორ-გენერალი გახდა, ამ თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ კი მიენიჭა ფელდმარშლის (1955), შემდეგ კი სამეფო საჰაერო ძალების მარშლის (1958) წოდება.

იგი გარდაიცვალა 1974 წლის 10 ივნისს ბარნუელში, 74 წლის ასაკში.

  • 1900-1901: მისი სამეფო უმაღლესობა პრინცი ჰენრი იორკელი;
  • 1901-1901: მისი სამეფო უმაღლესობა ჰენრი, პრინცი კორნუოლისა და იორკისა;
  • 1901-1910: მისი სამეფო უმაღლესობა პრინცი ჰენრი უელსელი;
  • 1910-1928: მისი სამეფო უმაღლესობა პრინცი ჰენრი;
  • 1928-1974: მისი სამეფო უმაღლესობა გლოსტერის ჰერცოგი;
  • Edwards, Anne Edwards, Anne (1984). Matriarch. William Morrow. p. 195. ISBN 0688035116.
  • Van der Kiste, John (2003). George V's children. Sutton Publishing LTD. ISBN 0750934689.
  • Davies, Caroline (13 December 2001). "Royal Family throws early 100th birthday party for princess who hated society life". The Daily Telegraph. Retrieved 30 May 2018.
  • Bloch Bloch, Michael (2012). The Secret File of the Duke of Windsor. England. ISBN 978-0349001081.
  • Cadbury Cadbury, Deborah (2015). Princes at War. England. ISBN 978-1610394031.
  • Frankland Frankland, Noble (1975). Prince Henry Duke of Gloucester. England. ISBN 029777705X.
  • Corbitt, Frederick John (1956). My Twenty Years in Buckingham Palace: a book of intimate memoirs. New York: David McKay Company Inc. ISBN 1258094002.
  • Aronson Aronson, Theo (2014). The Royal Family at War. England. ISBN 978-1910198032.