ანდრეა არნოლდი
ანდრეა არნოლდი | |
---|---|
არნოლდი 2012 წელს კანის კინოფესტივალზე | |
დაბადების სახელი | ანდრეა არნოლდი |
დაბადების თარიღი |
5 აპრილი, 1961 დარტფორდი, კენტის საგრაფო, ინგლისი, გაერთანებული სამეფო |
საქმიანობა | რეჟისორი, მსახიობი |
აქტიური | 1982-დღემდე |
შვილ(ებ)ი | 1 |
ანდრეა არნოლდი (ინგლ. Andrea Arnold; დ. 5 აპრილი, 1961, დარტფორდი, კენტის საგრაფო, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელი კინორეჟისორი და მსახიობი. 2005 წელს, მის მიერ გადაღებული ფილმისთვის, სახელწოდებით „კრაზანა“, „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის. არნოლდის ნამუშევრებს შორის არის „წითელი გზა“ (2006), „აკვარიუმი“ (2009) და „ამერიკული თაფლი“ (2016). სამივე მათგანმა კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი მიიღო. [1][2] არნოლდი HBO-ს ცნობილი სერიალის, „დიდი პატარა ტყუილების“ მეორე სეზონის შვიდივე სერიის რეჟისორია. [3]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არნოლდი დარტფორდში, კენტის საგრაფოში, ინგლისში (გაერთიანებული სამეფო) დაიბადა. იგი ოთხი დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსია.
არნოლდი ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოინსტიტუტში სწავლობდა. სწავლის დასრულების შემდეგ ინგლისში დაბრუნდა, სადაც ტელევიზიისათვის მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო.
18 წლის ასაკში არნოლდმა მუშაობა ტელევიზიაში დაიწყო. იგი მსახიობი და წამყვანი იყო საბავშვო შოუში, სახელწოდებით „ნომერი 73“. [4]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არნოლდს კინოხელოვნებასთან პირველი შეხება 1980-იანებში ჰქონდა, როცა საბავშვო შოუს, „ნომერი 73“-ს წამყვანი და მსახიობი გახდა. მასთან ერთად შოუში სენდი ტოკსვიგი, ნიკ სავერსონი და ნილ ბიუქენენი იღებდნენ მონაწილეობას.
1990-იანებში ტელევიზიაში მუშაობის შეწყვეტის შემდეგ არნოლდი რეჟისურას AFI კონსერვატორიაში (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) შეისწავლიდა. [5] მის ადრეულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის არის „რძე“ (1998), „ძაღლი“ (2001) და „კრაზანა“ (2003). ამ უკანასკნელისთვის მან „ოსკარის“ ჯილდო მიიღო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის.
2006 წელს გამოვიდა არნოლდის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „წითელი გზა“. ფილმში კეიტ დიკი, ტონი კიურანი, მარტინ კომპსტონი და ნატალი პრესი თამაშობენ. მისი ჩვენება 2006 წლის კანის კინოფესტივალზე გაიმართა და „ჟიურის პრიზი“ მიიღო.
2007 წელს, მისი ფილმისთვის, სახელწოდებით „წითელი გზა“, ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო მიიღო საუკეთესო დებიუტისთვის ბრიტანელი რეჟისორის, სცენარისტის ან პროდიუსერის მიერ.
არნოლდის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმის, „აკვარიუმის“ (2009), ჩვენება კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც რეჟისორმა მეორედ მიიღო „ჟიურის პრიზი“. 2010 წელს მოიპოვა ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო ბრიტანული ფილმისათვის.
2011 წელს გამოვიდა ფილმი „ქარიშხლიანი უღელტეხილი“, რომელიც ემილი ბრონტეს მიერ 1847 წელს დაწერილი იმავე სახელწოდების მქონე რომანის ადაპტაციაა. ფილმის პროდუსერი არის კომპანია Ecosse Films. მისი ჩვენება 2011 წლის ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც „ოქროს ოსელას“ ჯილდო მიიღო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის.
არნოლდის 2016 წლის ფილმი, „ამერიკული თაფლი“, რომელშიც მთავარ როლებს შია ლაბეუფი, საშა ლეინი და რაილი კოფი ასრულებენ, ბრიტანული კინოაკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე იყო ნომინირებული წლის საუკეთესო ბრიტანული ფილმისთვის. ფილმმა 2016 წლის კანის კინოფესტივალზე „ჟიურის პრიზი“ მიიღო. იგი ასევე „ოქროს პალმის რტოზე“ იყო ნომინირებული. არნოლდი მსახიობების, შია ლაბეუფისა და რაილი კოფის შესახებ 2016 წლის ინტერვიუში ამბობს: „...რაილის პირველად მაშინ შევხვდი, როცა კანის კინოფესტივალზე ჟიურის წევრი ვიყავი. სანაპიროზე ვისხედით და ვლაპარაკობდით. იგი მაშინვე შემიყვარდა. თავდაპირველად მასზე ბევრი არაფერი ვიცოდი. შემდეგ ისევ შევხვდით ნიუ-იორკში, და მის მიმართ რაღაც ძლიერი ვიგრძენი. შიასთანაც იგივე მოხდა. მას ლონდონში, კაფეში შევხვდი. იგივენაირი ენერგია მოჰქონდა, როგორიც, ვფიქრობდი, რომ ჯეიკს (ლაბეუფის პერსონაჟი) უნდა ჰქონოდა.“[6]
არნოლდმა 2010 წელს თავის ფავორიტ კინორეჟისორებს შორის დევიდ ლინჩი, ტერენს მალიკი და ძმები დერდენები დაასახელა.[7]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სრულმეტრაჟიანი ფილმები
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2006 | ფ | „წითელი გზა“ | Red Road | რეჟისორი, სცენარისტი |
2009 | ფ | „აკვარიუმი“ | Fish Tank | რეჟისორი, სცენარისტი |
2011 | ფ | „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ | Wuthering Heights | რეჟისორი, სცენარისტი |
2016 | ფ | „ამერიკული თაფლი“ | American Honey | რეჟისორი, სცენარისტი |
მოკლემეტრაჟიანი ფილმები
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1998 | ფ | „რძე“ | Milk | რეჟისორი, სცენარისტი |
2001 | ფ | „ძაღლი“ | Dog | რეჟისორი, სცენარისტი |
2003 | ფ | „კრაზანა“ | Wasp | რეჟისორი, სცენარისტი |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.telegraph.co.uk/culture/film/starsandstories/6093303/Andrea-Arnold-I-wish-cinema-could-be-braver.html
- ↑ https://www.indiewire.com/article/cannes-live-stream-2016-film-festival-lineup-list
- ↑ https://www.imdb.com/title/tt3920596/
- ↑ https://www.scotsman.com/news/film-andrea-arnold-interview-2467078
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-06. ციტირების თარიღი: 2020-12-30.
- ↑ https://glasgowfilm.org/latest/programmeNotes/american-honey-interview
- ↑ https://www.indiewire.com/2010/01/interview-director-andrea-arnold-talks-fish-tank-122328/