შინაარსზე გადასვლა

ჰიდროლოგია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰიდროლოგიის შესწავლის მთავარი სფერო — მსოფლიო ოკეანე

ჰიდროლოგია (ბერძ. hydor – წყალი და logos – მოძღვრება) — მეცნიერება ჰიდროსფეროს შესახებ, რომელიც შეისწავლის ბუნებრივი წყლების დინამიკას და გეოგრაფიულ გარემოსთან ურთიერთდამოკიდებულებას. ჰიდროლოგია დაკავშირებულია: ჰიდრომეტეოროლოგიასთან, ხმელეთის ჰიდროლოგიასთან, ჰიდროგეოლოგიასთან და სხვ. დარგებთან. ჰიდროლოგია კვლევის საფუძველზე შედეგს აწვდის გარემოსთან დაკავშირებულ დაგეგმვას, საინჟინრო ეკოლოგიასა და პოლიტიკას.

ჰიდროლოგია როგორც ცოდნის მეცნიერული სისტემა, ჩამოყალიბდა XX საუკუნის დასაწყისში. ჰიდროლოგიის როგორც მეცნიერების დარგის პირველი განსაზღვრა ეკუთვნის ვიქტორ გლუშკოს (1915), რომელმაც არაერთი ჰიდრომეტრიული ხელსაწყო შექმნა. თანამედროვე ჰიდროლოგია ფართოდ იყენებს გეოგრაფიულ, გეოფიზიკურ და სხვა მეცნიერულ მეთოდებს, სულ უფრო იზრდება მათემატიკური მეთოდების როლი.

ჰიდროლოგია მიეკუთვნება გეოგრაფიულ მეცნიერებათა ციკლს, მჭიდროდ არის დაკავშირებული გეოფიზიკურ, გეოლოგიურ, ბიოლოგიურ, ტექნიკურ და ჰიდრავლიკის შესაბამის დარგებთან (ჰიდროფიზიკა, ჰიდროქიმია, ჰიდროგეოლოგია, ჰიდრობიოლოგია, ჰიდროტექნიკა და სხვ.). ჰიდროლოგიის შესწავლის საგანია წყლის ობიექტები: ოკეანეები, ზღვები, მდინარეები, ტბები და წყალსაცავები. საკვლევი ობიექტების ხასიათის მიხედვით ჰიდროლოგია იყოფა ოკეანოლოგიად, ხმელეთის ჰიდროლოგიად და ჰიდროგეოლოგიად.

ჰიდროლოგიის ძირითადი ამოცანებია: ბუნებაში წყლის ბრუნვის პროცესისა და მასზე ადამიანის ზეგავლენის შესწავლა, ჰიდროლოგიური ელემენტების (წყლის დონე, ჩამონადენი, ტემპერატურა და სხვ.) ანალიზი დროსა და სივრცეში ცალკეული ტერიტორიებისა და მთლიანად დედამიწისათვის; ამ ელემენტების ცვალებადობის კანონზომიერებათა გამოვლინება. ჰიდროლოგიის ძირითადი პრაქტიკული ამოცანებია: წყლის რესურსების თანამედროვე მდგომარეობის შეფასება, მათი მომავლის პროგნოზირება, რაციონალური გამოყენების ვარიანტების განსაზღვრა და დაცვის ღონისძიებების დამუშავება.

ჰიდროლოგიის დისციპლინებია:

ჰიდროლოგია საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიდროლოგიური კვლევის პირველი ცდა საქართველოში ეკუთვნის ბესარიონ ყავრიშვილს. 1935 წელს გამოვიდა ამიერკავკასიის წყლის რესურსების ცნობარი, ხოლო 1940 - „მასალები კავკასიის მდინარეთა რეჟიმის შესახებ“, რომლებშიც შევიდა საქართველოს მდინარეთა შესასწავლად ბესარიონ ყავრიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული კოლექტიური კვლევის შედეგები. ამავე პერიოდში შესრულდა საქართველოს ლანდშაფტურ-ჰიდროლოგიური დარაიონება (ბ. ყავრიშვილი; დაიბეჭდა 1955). 40-იან წწ. დაიწყო საქართველოს ხმელეთის წყლების გეგმაზომიერი კვლევა (იასე შაქარიშვილი, ლევ ვლადიმიროვი და სხვ).

1960-იან წლებიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში, ლევ ვლადიმიროვის ხელმძღვანელობით იკვლევდნენ საქართველოს მდინარეთა საშუალო წლიურ ჩამონადენს, კვებას, ჩამონადენის შიგაწლიურ განაწილებას, კარსტულ წყლებს; ჰიდროლოგიური მაჩვენებლების საფუძველზე მოხდა საქართველოს ხელახალი ჰიდროლგიური დარაიონება, შემუშავდა მთიანი მხარეების ჰიდროლოგიური კვლევის მეთოდიკა და საქართველოს პოტენციური ჰიდროენერგორესურსების გაანგარიშების ჰიდროლოგიური საფუძვლები. შეიქმნა მონოგრაფიები საქართველოს ტბებზე (ილია აფხაზავა), გამოკვლეულ იქნა კავკასიონის კარსტული წყლები (გ. გიგინეიშვილი), დადგინდა კავკასიის მთის წყალსატევების ზედაპირიდან აორთქლების ტერიტორიული კანონზომიერებები (ვ. გვახარია), შესწავლილია საქართველოს მდინარეთა ჩამონადენი და რეჟიმი (ო. ხმალაძე, მ. ჩიჯავაძე და სხვ.).

პრაქტიკული გამოყენება პოვა სელური მოვლენებისა და მდინარეთა მყარი ჩამონადენის შესწავლამ (ი. ხერხეულიძე, მ. გაგოშიძე, გ. ხმალაძე და სხვ). შედგა დასავლეთ ამიერკავკასიის წყლის რესურსების ცნობარი. დაიხვეწა მთიანი მხარეების წყლის ბალანსის კვლევის მეთოდიკა. შედგა კავკასიონისა და საქართველოს წყლის ბალანსები (ლევ ვლადიმიროვი და სხვ). შეიქმნა საქართველოს წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების მიმოხილვითი მონოგრაფია (ნ. უკლება, 1977). დიდი ღვაწლი მიუძღვით ქართველ მეცნიერებს თანამედროვე სტოქასტიკური ჰიდროლოგიის დაფუძნების საქმეში (გივი სვანიძე). ჰიდროლოგიური რიგების მათემატიკური მოდელირების საფუძველზე შემუშავდა მდინარის ჩამონადენის რეგულირების გაანგარიშების ახალი მეთოდები (გივი სვანიძე).

1959-1961 შეიქმნა 10-ტომიანი კოლექტიური ნაშრომი „საქართველოს სსრ წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება“ (ხელმძღვანელი გივი სვანიძე).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ვლადიმიროვი ლ., გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 652-653.
  • Михайлов В.Н., Добровольский А.Д. Гидрология. — 3. — Высшая школа, 2008.