შინაარსზე გადასვლა

შუახმელეთის ობიექტების სია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქ მოცემულია იმ არტეფაქტების სია, რომლებიც აღწერილია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ლეგენდარიუმში.

ელენდილის საგვარეულო რეგალიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანუმინასის კვერთხი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არნორის მეფეთა მთავარ ატრიბუტს წარმოადგენდა ე.წ. ანუმინასის კვერთხი.

ვარაუდობენ, რომ კვერთხი შექმნა ანდუინეს პირველმა მმართველმა, პრინცესა სილმარიენმა, ვინაიდან თავდაპირველად კვერთხი იყო ანდუინეს მმართველთა (ნუმენორის დასავლეთ მხარის განმგებლები) საგვარეულო რელიკვია, იგი ნუმენორის მეფეთა კვერთხის ვერცხლის ვარიანტს წარმოადგენდა (მეფეთა კვერთხი ნუმენორის უკანასკნელ მეფე არ–ფარაზონთან ერთად განადგურდა მისი ამანში შეჭრისთანავე მეორე ეპოქის 3319 წელს). ელენდილმა შეძლო და ნუმენორის განადგურებამდე გადაარჩინა ანდუინეს მმართველთა კვერთხი. განსხვავებით ელენდილის მიერ დააარსებული გონდორის მეფეებისგან, რომლებიც გვირგვინს ატარებდნენ, არნორის მეფენი მხოლოდ კვერთხს ატარებდნენ. ვინაიდან არნორის მეფენი ქვეყანას დედაქალაქ ანუმინასიდან მართავდნენ, კვერთხმაც ეს სახელი აქედან მიიღო.

როდესაც მესამე ეპოქის 861 წელს არნორი დაიშალა, კვერთხი ერგოთ ართედაინის მეფეებს, ხოლო ამავე ეპოქის 1974 წელს, სამივე სამეფოს დაცემის შემდეგ კი კვერთხი და ისილდურის საგვარეულოს დანარჩენი რელიკვიები შუაველში, ელრონდის სახლში ინახებოდა.

მესამე ეპოქის 3019 წლის შუაწლის დღეს, ელრონდმა კვერთხი (ამ უკანასკნლის ასაკი თითქმის 5 000 წელს აღწევდა) მინას ტირითში გადასცა მეფე ელესარს, როგორც არნორის და გონდორის გაერთიანებული სამეფოს მეფეს.

როდესაც ბარაჰირმა ელფების მეფე ფინროდ ფელაგუნდი დაგორ ბრაგოლაჰში სიკვდილს გადაარჩინა, მადლიერმა მეფემ მას აჩუქა ბეჭედი, რომელიც გახდა ფინდორის და ბეორის გვართა სამუდამო მეგობრობის სიმბოლო გახდა. სამწუხაროდ, ბარაჰირი ორკებმა მოკლეს, ხელი კი ბეჭდიანად მოჰკვეთეს და თან წაიღეს, თუმცა მათზე შური იძია ბარაჰირის ვაჟმა ბერენმა, მან ხელი მამის ცხედართან ერთად დამარხა, ბეჭედი კი მის საგვარეულო რელიკვიად იქცა. ბეჭედზე გამოსახული იყო ერთმანეთზე დაკლაკნილი ორი გველი, რომელთაც ზურმუხტის თვალები ჰქონდათ (ზურმუხტები გამოკვეთილი იყო ვალინორში მცხოვრები ნოლდორების მიერ), მათი თავები ყვავილის ფორმის გვირგვინის ქვეშ ერთიანდებოდა, ერთს გვირგვინი ეჭირა, მეორე კი მას ყლაპავდა; ასეთი იყო ფინარფინის საგვარეულოს სიმბოლო.

ბერენიდან ბეჭედი პირდაპირი ხაზით გადაეცემოდა მის შთამომავლებს, თავდაპირველად დიორს, შემდეგ მის ასულს — ელუინგს, შემდეგ — ელროსს (ამ უკანასკნელმა ბეჭედი მეორე ეპოქაში ნუმენორზე წაიღო), ნუმენორზე იგი მეფეთა ერთ-ერთი რელიკვია იყო, სანამ მეფე ტარ–ელენდილი მას თავის ასულს, სილმარიენს არ გადასცემდა, მისგან ბეჭედი გადაეცემოდათ ანდუინეს მმართველებს, ნუმენორის დაცემის შემდეგ იგი ელენდილმა გადასცა ისილდურს, ისილდურისგან იგი გადაეცემოდა ჯერ არნორის, ხოლო შემდეგ ართედაინის მეფეებს, ართედაინის უკანასკნელმა მეფემ, არვედუიმ, იგი მადლიერების ნიშნად გადასცა ლოსოთებს, რომლებმაც ბეჭედი დუნედიანებს გადასცეს, დუნედაინებისგან ის მიიბარა ელრონდმა, რომელმაც, თავის მხრივ, ბეჭედი არაგორნს მისცა, არაგორნმა კი ნიშნობის ნიშნად იგი არუენ უნდომიელს მისცა მესამე ეპოქის 2980 წელს.

სავარაუდოდ, მეოთხე ეპოქაში ბარაჰირის ბეჭედი არნორის და გონდორის გაერთიანებული სამეფოს მეფეთა საგვარეულო რელიკვია გახდა.

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ტრილოგიისგან განსხვავებით, პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიაში ბარაჰირის ბეჭედს არაგორნი მთელი ბეჭდის ომის განმავლობაში ატარებდა.

გონდორის გვირგვინი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გონდორის გვირგვინი გონდორის მეფეთა მთავარი ატრიბუტი იყო.

პირველ გვირგვინს წარმოადგენდა ჩაფხუტი, რომელიც ისილდურს მორდორში წარმოებული ომის დროს ეკეთა (მისი ძმის, ანარიონის ჩაფხუტი ბარად–დურის ალყის დროს გადმოგდებულმა იმ ლოდმა დაამსხვრია, რომელმაც ანარიონიც იმსხვერპლა).

გონდორში ატანატარ II ალკარინის მეფობის დროს (მესამე ეპოქის 1149—1226 წწ.), მისი ბრძანებით, ვერცხლისგან და ძვირფასი ქვებისგან დამზადდა მეორე გვირგვინი, რომელსაც მეფე თავის მემკვიდრეს სიკვდილის წინ გადასცემდა, ხოლო თუ ეს უკანასკნელი მეფის სიკვდილის დროს იქ არ იქნებოდა, გვირგვინი მეფის საფლავზე იდებოდა, სანამ მემკვიდრე მკვდართა ქალაქში (მეფეთა სასაფლაო მინას ტირითში) მარტო არ შევიდოდა და გვირგვინს არ აიღებდა.

მესამე ეპოქის 2050 წელს ანგმარის გრძნეულმა მეფემ გონდორის მეფე ეარნური ორთაბრძოლაში გამოიწვია, ეარნურმა გვირგვინი მამის, ეარნილ II-ის საფლავზე დადო, მინას მორგულში რჩეულ რაინდებთან ერთად გაემართა და უკვალოდ გაუჩინარდა. ხოლო ვინაიდან ეარნურს მემკვიდრე არ ჰყავდა, თუმცა მისი სიკვდილის ნივთიერი მტკიცებულებებიც არ არსებობდა, მისი სახელით გონდორს მოურავი მარდილ ერთგული მართავდა, მის შემდეგ კი სამეფოს მოურავები მართავდნენ, მთელი ამ დროის განმავლობაში გვირგვინი მეფე ეარნილ II-ის საფლავზე იდო.

დუნადანის ვარსკვლავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუნადანის ვარსკვლავს ატარებდნენ ჩრდილოელი მზვერავები, არნორის სამეფოს მაცხოვრებელთა შთამომავლები. ეს არის ამულეტი მრავალსხივა ვარსკვლავით.

დუნადანი მზვერავები, რომლებიც არაგორნს დუნჰაროუში ეახლნენ, ატარებდნენ დუნადანის ვარსკვლავებს, როგორც მოსასხამების საჭერებს. ვარსკვლავი ერთადერთი სამკაული იყო, რომელსაც ყველა დუნადანი ატარებდა.

ელენდილის ვარსკვლავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუმენორიდან ელენდილმა ანუმინასის კვერთხთან ერთად წამოიღო ანდუინეს მმართველთა მეორე ატრიბუტიც, მითრილის ზონარში ჩასმული ნოლდორ ელფთა მიერ გამოკვეთილი ძვირფასი ქვა. არცთუ უსაფუძვლოდ ვარაუდობდნენ, რომ ვარსკვლავი შეიქმნა ანდუნიეს პირველი მმართველის, სილმარიენის ბრძანებით იყო შექმნილი. როგორც არნორის მეფეები, ელენდილი და ისილდური ვარსკვლავს გვირგვინის ნაცვლად ატარებდნენ. ვარსკვლავი ისილდურთან ერთად მდინარე მდინარე ანდუინ დიდში დაიკარგა, მისი ზუსტი ასლი კი შუაველში ელფებმა დაამზადეს ისილდურის ვაჟის, ვალანდილისთვის. ეს ვარსკვლავი მემკვიდრეობით გადაეცემოდა არნორის მეფეებს, მათ შორის მეფე ელესარსაც, როგორც გონდორის და არნორის გაერთიანებული სამეფოს მეფეს.

ელესარი არის ძვირფასი მწვანე ფერის ქვა (ბერილი), რომელიც ნოლდორების მიერ არის გამოკვეთილი, ქვა გალადრიელმა გადასცა არაგორნს, როგორც ნიშანი არაგორნის თავიდან დაბადებისა (იგულისხმება არაგორნის სახელის შეცვლა გამეფების შემდეგ). ქვა ჩასმული იყო ვარცხლის ჩარჩოში, რომელსაც ფრთაგაშლილი არწივის ფორმა ჰქონდა.

„დაკარგული ამბების წიგნის“ მიხედვით, ნოლდორებმა შექმნეს ორი ელესარი: პირველი გონდოლინში შექმნა ელფმა ოსტატმა ენერდილმა, რომელმაც იგი გადასცა მეფე ტურგონის ასულს, იდრილს. ამ უკანასკნელმა კი ის გადასცა თავის ძეს, ეარენდილს, რომელმაც იგი ამანში წაიღო. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ვალარების სურვილით, ელესარი ოლორინმა შუახმელეთში დააბრუნა და გალადრიელს გადასცა.

რაც შეეხება მეორე ელესარს, იგი შეიქმნა მეორე ეპოქაში ბელერიანდის განადგურების შემდეგ, როდესაც უკანასკნელი ნოლდორები ერიადორში გადასახლდნენ. მეორე ელესარი გამოკვეთა ნოლდორმა ოსტატმა და მეფემ კელებრიმბორმა, მან ქვაში ჯადოსნური ძალა ჩააქსოვა და იგი გალადრიელს გადასცა, რომელმაც ამ ქვით ლოთლორიენი შუახმელეთში ულამაზეს ადგილად აქცია, თუმცა, როდესაც მან მიიღო ძალაუფლების ბეჭედი ნენია, გალადრიელმა ელესარი თავის ასულს, კელებრიანს, გადასცა. მისგან ქვა გადავიდა ჯერ არუენთან, შემდეგ კი არაგორნთან.

ზებუნებრივი წარმოშობის არტეფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიადი ლამპრები იყო უზარმაზარი ჭურჭლები, რომლებიც არდის ორ მხარეს აღმართეს ვალარებმა ჩაბნელებული არდის გასანათებლად (თავდაპირველად არდა ბრტყელი იყო).

ლამპრები შექმნა სამმა ვალარმა: გამოკვეთა აულემ, დალოცა ვარდამ და აანთო მანუემ. ერთი ლამპარი — ილუინი, დადგეს უკიდურეს ჩრდილოეთში, ხოლო მეორე — ორმალი, უკიდურეს სამხრეთში (შეიძლება გავიგოთ, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები). ჩრდილოეთის და სამხრეთის სინათლეების გადაკვეთაზე („ეკვატორზე“) ვალარებმა შექმნეს კუნძული ალმარენი, რომელიც მატერიალურ არდაში მათი პირველი საცხოვრებელი გახდა.

ლამპრების შექმნიდან დაიწყო მეორე ისტორიამდელი ხანა არდაში — ლამპრების ხანა.

როდესაც მელკორმა ააგო თავისი ციხესიმაგრე უტუმნო, მან დაანგრია მთები ჰელკარი და რინგილი, რომლებზეც აღმართული იყო ლამპრები. მათი განადგურების შედეგად დაიწყო კატაკლიზმები, რომლებსაც ალმარენის დაღუპვა მოჰყვა, ვალარები კი ამანზე გადასახლდნენ.

მთა ჰელკარის ადგილზე შეიქმნა ჰელკარის ზღვა ყურე ქუივიენენით, ხოლო სამხრეთში გაჩნდა ზღვა რინგილი.

ხეები ვალარებმა შექმნეს მას შემდეგ, რაც მელკორმა დიადი ლამპრები გაანადგურა და არდა წყვდიადში ჩაძირა. ხეები შექმნეს იავანამ და ნიენამ, ვალარებმა. ხეები იდგა ვალიმარის სიახლოვეს არსებულ ბორცვზე, ისინი ანათებდნენ ვალინორს, ელდამარს და კუნძულ ტოლ ერესეას. ერთ ხეს, ტელპერიონს, ვერცხლისფრად მანათობელი ყვავილები ჰქონდა, ხოლო მეორეს — ლაურელინს — ოქროსფერი ფოთლები. ხეების სინათლის აღსავსე ნამს ვარდა აგროვებდა დიდ, ვარდას თასებში. სწორედ ამ ხეების ნამით და სინათლით აავსო ფეანორმა თავის მიერ შექმნილი სილმარილები. ტელპერიონის და ლაურელინის სინათლე ყოველ თორმეტ საათში სუსტდებოდა და ძლიერდებოდა (იმ დროს დღის და ღამის ხანგრძლივობა ერთად ოცდაოთხ საათს შეადგენდა).

მელკორს სძულდა ხეები, ის უნგოლიანტთან ერთად საიდუმლოდ შეიჭრა ვალინორში და ხეები შავი შუბით დასერა, მათი მანათობელი წვენი კი უნგოლიანტმა ამოწოვა და შემდეგ ორივენი შუახმელეთში გაიქცნენ, მელკორმა კი თან სილმარილები წაიღო.

ვალარებმა ვერ შეძლეს ხეების გაცოცხლება, მაგრამ მათი უკანასკნელი ნაყოფებიდან მათ შექმნეს მზე და მთვარე. ტელპერიონის სასწაულებრივად გადარჩენილი ნერგი, გალათილიონი, გადაეცათ ნოლდორებს. გალათილიონის ნერგი, კელებორნი, დაირგა კუნძულ ტოლ ერესეაზე. მეორე ეპოქაში კელებორნის ნერგი, ნიმლოთი, დარგეს ნუმენორში, საიდანაც ელენდილმა ნუმენორიდან გაქცევამდე თან წაიღო მისი ნერგი და იგი გონდორში დარგო (სწორედ ეს ნერგი არის გონდორის თეთრი ხე).

მელკორის მიერ ხეების განადგურების შემდეგ არდა საბოლოოდ ჩაიძირა წყვდიადში, ეს კი მელკორის ორკებს შუახმელეთში თავისუფლად ხეტიალის და იქ მაცხოვრებელი ელფების, სინდარების, ავარების და ფეანორის მიმდევარი ნოლდორების აწიოკების საშუალებას აძლევდა.

ვალარებმა ნიენამ და იავანამ ხეების გაცოცხლება ვერ შეძლეს. მაგრამ, დაღუპვამდე, ტელპერიონმა უკანასკნელი ყვავილი, ხოლო ლაურელინმა — უკანასკნელი ნაყოფი — გამოიღო. აულემ მათთვის დაამზადა განსაკუთრებული ნავები, რომლებიც გადასცა მაიარებს, ტირიონს და არიენს. ვარდას ჩანაფიქრით, ორივე ნავი ილმენში ყოველ საათს უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს. ერთი ვალინორიდან უნდა ამოცურებულიყო და აღმოსავლეთით დაშვებულიყო, ხოლო მეორე პირიქით — აღმოსავლეთიდან უნდა ამოცურებულიყო და დასავლეთით დაშვებულიყო. მოგვიანებით, მეუღლეების, ლორიენას და ესტეს თხოვნით, ვარდამ შეცვალა გადაწყვეტილება: მზე (არიენი), ვალინორში მოსვლის შემდეგ, გარკვეული დრო ზღვის თავზე უნდა დარჩენილიყო, შემდეგ მას ულმოს ხელქვეითნი ზღვის ქვემოდან გადაატარებდნენ და აღმოსავლეთით გადაიყვანდნენ, მთვარეც (ტილიონი) მზის გზას გაივლიდა, ოღონდ ყოველთვის მის შემდეგ უნდა ამოსულიყო.

მზის პირველ ამოსვლასთან ერთად დაიწყო პირველი ეპოქა, მზის პირველ სხივებთან ერთად შუახმელეთში გაიღვიძეს ადამიანებმა, ერუ ილუვატარის მეორე შვილებმა.

აეგლოსი იყო გილ-გალადის კუთვნილი შუბი. სიტყვა აეგლოსი სინდარულად ნიშნავს თოვლიან მწვერვალს.

ანგლახელი (გურთანგი)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგლახელი ერთ-ერთია ორ ხმალს შორის, რომლებიც შექმნა ეოლმა ბნელმა ელფმა. ეოლმა ხმლები გამოჭედა მეტეორიტული რკინისგან და თავის მიერ შექმნილი ხელოვნურად შექმნილი შავი ფერის ლითონი გალვორნისგან. იგი იძულებული იყო ხმალი დაეთმო თინგოლისთვის, რომ ამ უკანასკნელს მისთვის უფლება მიეცა ნან ელმოთის ტყეში დასასახლებლად. მოგვიანებით თინგოლმა ხმალი თავის სარდალს, ბელეგს გადასცა. თუმცა მას მელიანმა უწინასწარმეტყველა, რომ ხმალში ბოროტება არსებობდა და რომ მას თავისი პატრონი ყოველთვის ეძულებოდა.

ლეგენდის მიხედვით, ხმლიდან ყოველთვის სიმღერის ხმა მოისმოდა, როდესაც ბელეგი მისით ორკებს და მორგოთის სხვა არსებებს ხოცავდა.

როდესაც ტურინი ამონ რუდის ორკებმა შეიპყრეს, ბელეგი მის დასახსნელად გაემართა. მან მცველები დახოცა, მაგრამ, როდესაც მეგობრის ბორკილებს ამსხვრევდა, შემთხვევით ტერფში დაჭრა. გონს მოსულ ტურინს კი ბელეგი ორკად მოეჩვენა, ანგლახელი წაართვა და მოკლა. გამოფხიზლებული ტურინი დიდი ხნის განმავლობაში გლოვობდა მეგობარს. მოგვიანებით ტურინი გვინდორთან ერთად გაემართა ნარგოთრონდში, სადაც ხმალი გადაჭედეს და გურთანგი (სინდარულად სასიკვდილი რკინა) დაარქვეს. სხვა ელფური ხმლების მსგავსად, გურთანგიც მორგოთის არსებების სიახლოვეს ანათებდა. ამ ხმლით ტურინი ნარგოთრონდის ელფებს მრავალ ბრძოლაში უძღვებოდა წინ, დევნიდა რა ამ მიწებიდან მელკორის ქვეშევრდომებს.

დრაკონ გლაურუნგის სიკვდილის შემდეგ ტურინმა ბრანდირისგან შეიტყო, რომ მისი ცოლი ნინიელი სინამდვილეში მისი და — ნიენორი იყო. განრისხებულმა ბრანდირი გურთანგით მოკლა, შემდეგ კი, სასოწარკვეთილი ხმალს მიუბრუნდა და უთხრა:

გამარჯობა გურთანგ! შენ არ აღიარებ მბრძანებელს, არავის ერთგული არ ხარ, მხოლოდ ხელის, რომელიც შენ გმართავს! შენ არავის სისხლის წინაშე არ დაიხევ! არ აიღებ ტურინ ტურამბარის სისხლს? შეძლებ ჩემს სწრაფად მოკვლას?

ხმალმა კი უპასუხა:

დიახ, შენს სისხლს სიამოვნებით დავლევ, რომ დავივიწყო სისხლი ბელეგისა, ჩემი პატრონისა, და სისხლი ბრანდირისა, უსამართლოდ მოკლულისა. მე დავლევ შენს სისხლს!

ტურინის უსულო სხეულთან იპოვეს ორად გადატეხილი გურთანგი.

მანდოსმა იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელი ბრძოლის დროს ტურინი ხელში გურთანგს აიღებს და მელკორს სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს, რითაც მსოფლიოში ბოროტებას საბოლოოდ მოუღებს ბოლოს.

ანგრისტი — ხანჯალი, რომელიც გამოჭედა ჯუჯათა დიდებულმა ოსტატმა, ნოგროდელმა ტელხარმა და გადასცა კურუფინს, ფეანორის შვილს. ბერენი, რომელმაც ხანჯალი კურუფინს წაართვა, ხანჯლით ლუთიენის სიმღერით დაძინებული მორგოთის გვირგვინიდან სილმარილების ამოღებას ცდილობდა. როდესაც ბერენი მეორე სილმარილის ამოღებას შეეცადა, ხანჯალი გატყდა, მისმა ნამსხვრევმა კი მძინარე მორგოთს ლოყა გაუჭრა.

ანგრისტი სინდარულად რკინისმჭრელს ნიშნავს.

ანგლახელის ტყუპისცალი ხმალი, რომელიც ასევე ბნელმა ელფმა ეოლმა გამოჭედა. ხმალი ეოლს ჰქონდა, სანამ იგი არ მოიპარა მისმა ვაჟმა, მაეგლინმა, როდესაც დედასთან ერთად გონდოლინში გაიქცა.

თინგოლ დორიათის მეფის ხმალი. სინდარულად მისი სახელი ითარგმნება როგორც მეფის რისხვა.

ბელთრონდინგი ბელეგ ქურთალიონის მშვილდია. სინდარულად სახელი ითარგმნება როგორც ურჩი მშვილდი.

ელფების ხმალი, რომელიც ეკუთვნოდა ელფების მეფე ტურგონს. უცნობია, როგორ მოხვდა ხმალი ერიადორის ტროლების ბუნაგში გონდოლინის დანგრევის შემდეგ. გლამდრინგი ტროლების გამოქვაბულში იპოვა განდალფმა, როდესაც ჯუჯები გამოქვაბულში ტროლების განძს ეძებდნენ. შუაველში მისულებს ელრონდმა გადაუთარგმნა მათ ხმალზე არსებული წარწერები:

ხმლები ძალზე სახელგანთქმულია და მათ თავიანთი სახელები აქვთ. მას, რომელიც განდალფს აქვს, გლამდრინგი ჰქვია, რაც მტრის-მლეწავს ნიშნავს, ოდესღაც მას გონდოლინის მეფე ატარებდა, გაუფრთხილდით.

ვინაიდან გონდოლინს თავისი ხანმოკლე არსებობის განმავლობაში ერთადერთი მეფე ჰყავდა, ცხადი ხდება, რომ გლამდრინგი სწორედ მას ეკუთვნოდა.

გლამდრინგი განსაკუთრებული იმით იყო, რომ ორკების სიახლოვეს ყოველთვის თეთრად ანათებდა, როგორც მასთან ერთად აღმოჩენილი ორკრისტი და ნესტარი.

გრონდი იყო მორგოთის უზარმაზარი ურო, რომელსაც შუახმელეთში მეორენაირად „მიწისქვეშეთის უროს“ ეძახდნენ. შუახმელეთში ამბობდნენ, რომ მიწაზე დარტყმის დროს წარმოქმნილ ორმოებში ყოველთვის ცეცხლი ამოდიოდა.

ეს ტარანი საურონის მეომრებმა პელენორის მინდვრებზე ბრძოლის დროს გამოიყენეს. ეს იყო უზარმაზარი, მგლის თავის ფორმის ტარანი, რომელსაც ბორბლებზე შედგმულს რამდენიმე ტროლი მიათრევდა. ვინაიდან მინას ტირითის კარიბჭე მტკიცე რკინისგან იყო ჩამოსხმული და მას ჩვეულებრივი მორდორული ტარანები ვერ ანგრევდნენ, არმიის მთავარსარდალმა გრონდის გამოყენება ბრძანა. უცნობია, რით დამზადდა ეს ტარანი ან რამდენი ხანი მზადდებოდა იგი, მაგრამ ორკები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა, მანაც კი ვერ შეძლო კარიბჭის დანგრევა. მაშინ ნაზგულთა წინამძღოლმა ტარანს სამჯერ შეულოცა და ტარანის მესამე დარტყმაზე მინას ტირითის კარიბჭეც დაინგრა. ამის შემდეგ გრონდზე აღარაფერია ნახსენები, სავარაუდოდ, ბრძოლის დამთავრების შემდეგ იგი ორკების პელენორის მინდვრებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად გაანადგურეს.

ეომერის ხმალი. ეომერი და არაგორნი პირველივე შეხვედრისას ენდნენ ერთმანეთს და მათ ერთმანეთს სიტყვა მისცეს, რომ გუთვინეს და ანდურილს ერთმანეთის გვერდიგვერდ გაამზადებდნენ საბრძოლველად. ბეჭდის ომში მათ პირობა სამჯერ შეასრულეს: პირველად — ჰორნბურგში, მეორედ — პელენორის მინდვრებზე და მესამედ — შავ კარიბჭესთან.

დორ–ლომინის დრაკონის ჩაჩქანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დორ–ლომინის დრაკონის ჩაჩქანი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰადორის ჩაფხუტი, იყო ჰადორის ოჯახის საგვარეულო რელიკვია, რომელსაც საგვარეულოს მმართველები ატარებდნენ (უფრო დაზუსტებით, თავად ჰადორი, ჰურინი და ტურინ ტურამბარი). დაამზადა ნოგროდელმა ჯუჯა მჭედელმა ტელხარმა მეფე აზაგჰალისთვის (რომლისთვისაც ის დიდი აღმოჩნდა) აზაგჰალმა ჩაჩქანი გადასცა ფეანორის ვაჟს, მაეგლოსს, მან — ფინგოლს, ფინგოლმა კი ჩაჩქანი გადასცა ჰადორს, დორ–ლომინის მმართველს, რისგანაც მიიღო დასახელება.

ჩაფხუტი ჰადორმა გადასცა თავის ვაჟს, ჰურინს, მან კი თავის ვაჟს, ტურინს. ჰურინი მაღალი არ იყო და დიდ სიამოვნებას არ განიცდიდა ჩაფხუტის ტარებისას, ყოველთვის ამბობდა, რომ „ერჩივნა მტრისთვის თვალებით ეცქირა“. სამაგიეროდ, ტურინი მამაზე დიდი აღნაგობის იყო და შეეძლო როგორც ჩაჩქანის ტარება, ისევე მისი ჯადოსნური ძალის გამოყენებაც: ჩაფხუტი მფლობელს ნებისმიერი დაზიანებისგან იცავდა, მაგალითად ხმალი, რომელიც მას მოხვდებოდა, ტყდებოდა, ისრები სხლტებოდა და ა.შ.

ჩაფხუტი დამზადებული იყო რუხი ფოლადისგან, რომელიც ოქროთი იყო დაფარული, თავზე ჰქონდა დრაკონ გლაურუნგის მცირე ქანდაკება მიმაგრებული. ჩაფხუტის დანახვაზე ორკები შიშისაგან გარბოდნენ.

სავარაუდოდ, ჩაფხუტი ტურინთან და გურთანგთან ერთად დამარხეს.

მორგულური სატევარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორგულური სატევარი მოკლე მახვილია, რომელსაც ნაზგულები ატარებდნენ, სატევარი დაფარულია სასიკვდილო შხამით, რომელიც მსხვერპლს კი არ კლავს, არამედ ნელ-ნელა მას აქცევს სუსტ, წყვდიადის მორჩილ სულად (არნორის არმიის კაპიტანი კართაენი შედარებით ძლიერ სულად, კარშად იქცა, შედეგად ანგმარის არმიის გრძნეულთა დანაყოფების მეთაური გახდა). სატევარი იმისთვის იყო შექმნილი, რომ მსხვერპლისთვის გადარჩენის შანსი არ დაეტოვებინა, დაჭრის შემთხვევაში სატევრის ნატეხი სხეულში რჩებოდა (დანარჩენი ნაწილი, ვადის გარდა, რამდენიმე წუთში ორთქლებოდა და იშლებოდა) და გულისკენ მიმავალი ორგანიზმს გამუდმებით წამლავდა. მართალია, სამკურნალო მცენარე ათელასი შხამის მოქმედებას ანელებდა, მაგრამ განკურნება მასაც არ შეეძლო, მხოლოდ ელფების მედიცინას შეეძლო დაჭრილის განკურნება. თუმცა სატევარი არა მხოლოდ სხეულს, არამედ სულსაც ჭრიდა, დაჭრილს გამუდმებით აწუხებდა ნაიარევი, მაშინაც კი თუ ნატეხი ამოღებული იყო, ჭრილობა კი — შეხორცებული (მაგალითად, ფროდოს, რომელიც წელიწადში ერთხელ, დაჭრის დღეს, ლამის სიკვდილის პირას მიდიოდა, მაგრამ მეორე დღეს ისევ ჯანმრთელად იყო. ცნობილია, რომ გონდორის უფლისწული, ბორომირი ასეთივე სატევრით დაჭრეს, მაგრამ მხოლოდ ოცდახუთი წლის შემდეგ გარდაიცვალა).

ნარსილი ხმალია, რომელიც ჯუჯების მჭედელმა ტელხარმა პირველ ეპოქაში გამოჭედა. თუმცა, უცნობია მისი ისტორია პირველ და მეორე ეპოქებში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მეორე ეპოქის 3319 წელს ელენდილმა იგი ნუმენორის დაღუპვის წინ წაიღო სხვა რელიქვიებთან ერთად შუახმელეთში.

უკანასკნელი სამხედრო კავშირის დროს ელენდილი ნარსილით მორდორამდე ელფების მეფის გილ–გალადის მხარდამხარ იბრძოდა და სწორედ ნარსილით შეიჭრა მორდორში. როდესაც ბარად–დურის შვიდწლიანი ალყის ბოლოს მოკავშირეებთან საბრძოლველად თავად საურონი გამოვიდა, ელენდილმა და გილ–გალადმა უშიშრად შეუტიეს მას, მაგრამ საურონი ორივეს ადვილად გაუმკლავდა, მისი ხელით მოკლული ელენდილის სხეული ნარსილზე დაეცა და ორად გადატეხა, თუმცა ისილდურმა, ელენდილის უმცროსმა შვილმა, ხმლის ნატეხი აიღო, საურონს მოუქნია და (არაა გამორიცხული რომ შემთხვევით) საჩვენებელი თითი წააცალა, რომელზეც მთავარი ბეჭედი ეკეთა. ისილდური თავისი მეფობის პერიოდში ყოველთვის თან დაატარებდა ნარსილის ნამტვრევებს, როდესაც ზამბახების ველზე მის ამალას ნისლიანი მთების ორკები დაესხნენ და თითქმის ყველა, მათ შორის ისილდურიც, მოკლეს, მისი ამალიდან მხოლოდ სამი ადამიანი გადარჩა, ერთ-ერთი იყო საჭურველთმტვირთველი ოჰტარი, რომელმაც ნარსილის ნამტვრევები იმლადრისში, შუაველში, წაიღო უფლისწულ ვალანდილთან.

ხმალი გახდა არნორის საგვარეულო რელიკვია, თუმცა იგი არ გადაეჭედათ, მას არნორის ყოველ მეფეს გადასცემდნენ გამეფებისთანავე. ხმალი თავიდან გადაჭედეს მესამე ეპოქის 3018 წლის 18 დეკემბერს, როდესაც შეიქმნა ბეჭდის საძმო და არაგორნიც, რომელსაც ხმალი ეკუთვნოდა, საძმოს წევრი გახდა. გადაჭედვის შემდეგ არაგორნმა მას ახალი სახელი, ანდურილი, უწოდა. ბეჭდის ომის დასრულების შემდეგ ანდურილი არნორის და გონდორის გაერთიანებული სამეფოს საგვარეულო რელიკვია გახდა.

სახელი ნარსილი წარმოდგება ქვენიური ანარ (მზე) და ისილ (მთვარე) სიტყვებისგან ნაწარმოები ნარ (ცეცხლი) და სილ (თეთრი სინათლე) სიტყვებით, დასახელება სრულად ნიშნავს მზის და მთვარის სინათლეს.

ანდურილი შედგება ასევე ქვენიური ანდუ (დასავლეთი) და რილ (ალი) სიტყვებისგან, დასახელება სრულად ნიშნავს დასავლეთის ალს.

ნესტარი არის მცირე ზომის ხმალი (შეიძლება ხანჯლადაც ჩაითვალოს), რომელიც თორინ მუხისფარის ექსპედიციამ გლამდრინგთან და ორკრისტთან ერთად ტროლების გამოქვაბულში იპოვა. გლამდრინგისგან და ორკრისტისგან განსხვავებით, რომლებიც ორკების სიახლოვეს თეთრად ანათებდნენ, ნესტარი მოცისფრო-მოლურჯოდ ანათებდა. თავისი მცირე ზომის გამო იგი გადაეცა ბილბო ბეგინსს, მან კი იგი თავის ბიძაშვილიშვილს, ფროდოს გადასცა.

ნესტარზე ამოკვეთილი იყო ელფების სინდარული რუნები, მათზე ეწერა:

ჩემი სახელია მაეგნასი, მე ვარ ობობების გამანადგურებელი.

ბილბომ ხმალს ნესტარი ობობებთან ბრძოლის შემდეგ დაარქვა.

ორკრისტი თორინ მუხისფარის ექსპედიციამ ტროლების გამოქვაბულში იპოვა. ზომით ორკრისტი გლამდრინგზე პატარა და ნესტარზე დიდი იყო. ისიც, მათ მსგავსად, ელფებმა გონდოლინში გამოჭედეს. ხმალი განდალფმა თორინს გადასცა, ხოლო ხუთი არმიის ბრძოლაში მისი სიკვდილის შემდეგ, ორკრისტი თორინის საფლავზე დაასვენეს. ჯუჯები, რომლებიც ერებორში ცხოვრობდნენ, ამტკიცებდნენ, რომ მტრის მოახლოებისას ორკრისტი ყოველთვის ანათებდა, ამის გამო მთისქვეშა ქალაქზე მოულოდნელი თავდასხმა შეუძლებელი იყო, ხოლო ერებორელი ჯუჯები მთის სიახლოვეს არსებული ველის ქალაქის გაფრთხილებას ყოველთვის ასწრებდნენ.

ორკრისტისინდარულადორკების ყასაბს“ ნიშნავს (თავად ორკები მას „მკბენარს“ ეძახდნენ).

რინგილი იყო ნოლდორთა მეფის, ფინგოლფინის ხმალი. ხმალი ჯადოსნური იყო, მისი ყოველი დარტყმა აუტანელ სიცივედ იგრძნობოდა, ხოლო მისი პირი სუსტი, ყინულივით ცეცხლით იფარებოდა. სწორედ ამ ხმლით შეებრძოლა ფინგოლფინი მორგოთს. ფინგოლფინმა მორგოთს ხმლით შვიდი ჭრილობა მიაყენა და მართალია, დამარცხდა, მაგრამ ბრძოლის შემდეგ მორგოთი სამუდამოდ დაკოჭლდა, ჭრილობები კი აღარასოდეს შეხორცებია.

ჰერუგრიმი როჰანის მეფის, თეოდენის ხმალია.

ისილდურის და ანარიონის უზარმაზარი მონუმენტები აგებული იყო მდინარე ანდუინის ორივე სანაპიროზე ტბა ნენ ჰითოელის და მდინარის ჩრდილოეთ შესართავთან. მონუმენტები ააგებინა გონდორის მეფე რომენდაკილ II-ემ მესამე ეპოქის 1240 წელს, რითაც გონდორის ჩრდილოეთ საზღვარი აღნიშნა (თუმცა, იმავე ეპოქის მიწურულს გონდორის საზღვარი ძალზე უკან იყო დაწეული).

ძეგლები წარმოადგენდა საბრძოლოდ შეჭურვილ მეფეებს, რომლებსაც მარცხენა ხელი წინ გაშვერილი ჰქონდათ, თითქოს სამეფოს მტერს საბრძოლველად იწვევდნენ.

მონუმენტი ასევე ცნობილი იყო, როგორც მეფეთა კარიბჭე და მეფეთა ძეგლები.

ე.წ. „შავი ქვა“ ისილდურმა ნუმენორიდან შუახმელეთში წაიღო და დადო ბორცვ ერეხზე. ქვა ზომით ადამიანის სიმაღლის იყო, მაგრამ ნახევრამდე მიწაში იყო ჩაფლული. სწორედ ამ ქვაზე შეჰფიცეს ერთგულება ისილდურს მთის ხალხმა, მაგრამ საურონის მრისხანებით შეშინებულებმა მას უღალატეს და საბრძოლველად არ გამოცხადდნენ, რის გამოც ისინი ისილდურმა დაწყევლა: სიმშვიდეს სიკვდილის შემდეგაც ვერ იპოვიდნენ, თუ მათ გონდორის მეფე არ გაათავისუფლებდა, ასეთად კი მხოლოდ ის მიიჩნეოდა, რომელიც ხელში ელენდილის ხმალს აიღებდა. სიკვდილის შემდეგ ყოველი მათგანი აჩრდილად იქცა, მათ დუნჰარგის აჩრდილები ეწოდათ. ამ ქვასთან მოუყარა თავი აჩრდილებს არაგორნმა, როდესაც სამხრეთ გონდორისკენ მიმავალი უმბარელი მეკობრეების გასანადგურებლად მიემართებოდა.

უმბარის სვეტი ნუმენორიდან ამ უკანასკნლის განადგურებამდე წამოსულმა ერთგულებმა აღმართეს უმბარში, არ–ფარაზონის არმიის უმბარში გადმოსხდომის და საურონის უბრძოლველად შეპყრობის სამახსოვროდ. მაღალი თეთრი სვეტი აღმართეს ნავსაყუდელთან არსებულ უმაღლეს ბორცვზე, მის თავზე კი დაამაგრეს დიდი ბროლის სფერო, რომელიც მზისა და მთვარის სინათლეს კრებდა და ვარსკვლავივით კაშკაშებდა, მისი სინათლის დანახვა გონდორის სანაპიროებზეც კი შეიძლებოდა., მორდორში საურონის დაბრუნების შემდეგ მონუმენტი, როგორც მისი დამცირების სიმბოლო, დაანგრიეს.

ძვირფასეულობა და სამკაულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგმარის გრძნეული მეფის გვირგვინი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავარაუდოდ, ეს გვირგვინი დამზადდა ანგმარში, როდესაც ნაზგულთა წინამძღოლმა ანგმარში თავი მეფე გამოაცხადა და ააგო კარნ დუმი, ანგმარის დედაქალაქი. გვირგვინი, თავის მხრივ, გარკვეულწილად მუზარადსაც წარმოადგენდა, ვინაიდან სახეს ლოყების მხარეს ფარავდა და თვალების ადგილას ჭრილები ჰქონდა გაკეთებული. უცნობია გვირგვინის ბედი ფორნოსტის ბრძოლის შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ პელენორის ბრძოლის დროს გრძნეული მეფე ასეთივე გვირგვინს (თუ მას არა) ატარებდა, აქედან ორი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება: ან გრძნეულმა მეფე გვირგვინი ფორნოსტის ბრძოლაში დაკარგა და იგი შემდეგ მორდორში თავიდან გამოჭედეს, ან იგი მორდორში თან წაიღო და პელენორის ველზე სწორედ მას ატარებდა. გვირგვინის ბეჭდის ომის შემდგომი ბედი უცნობია.

არკენსტოუნი, რომელსაც მეორენაირად ნატვრისთვალს და მთის გულს უწოდებდნენ, საშუალო ზომის მრგვალი ალმასია, რომელიც ენით აუწერელ სინათლეს უშვებდა, იგი ერებორის უმთავრეს განძად ითვლებოდა. საუკუნეების განმავლობაში არკენსტოუნი დრაკონ სმაუგის მიერ გაუკაცრიელებულ ერებორში ხელუხლებლად იდო. მესამე ეპოქის 2958 წელს, როდესაც სმაუგი ბარდმა მოკლა, ჯუჯებმა ერებორში არსებული განძის გადანაწილება დაიწყეს, თორინმა ბილბოს არკენსტოუნის მოძებნა დაავალა. ბილბომ ნატვრისთვალი კი იპოვა, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ მარტოსულ მთასთან დაბანაკებული ადამიანების და ელფების ლაშქარი სმაუგის მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ერებორში შენახული განძის ნაწილს ითხოვდა, ხოლო თორინი მათ უარით პასუხობდა, არკენსტოუნი მოიპარა და ადამიანებსა და ელფებს მიუტანა. ადამიანებმა და ელფებმა თორინს არკენსტოუნის სანაცვლოდ განძის ნაწილი მოითხოვეს, თუმცა, მალე რკინის გორების ჯუჯების არმიაც მოვიდა და მოლაპარაკებები ჩაიშალა. ადამიანებს, ელფებს და ჯუჯებს ბრძოლამდე ცოტაღა დარჩენოდათ, როდესაც მათ ნისლიანი მთების ორკების და ვარგების გაერთიანებულმა ლაშქარმა შეუტია და გაიმართა ხუთი ლაშქრის ბრძოლა, ადამიანებმა, ელფებმა და ჯუჯებმა ბრძოლაში კი გაიმარჯვეს, მაგრამ ბრძოლაში დაიღუპა თორინ მუხისფარი, იგი ერებორის სიღრმეში დაასვენეს, არკენსტოუნი კი გულზე თავად ბარდმა დაადო. იმ დღიდან არკენსტოუნი თორინის საფლავზე დევს.

ბევრმა მკითხველმა შეამჩნია მსგავსება სილმარილებსა და არკენსტოუნს შორის.[1]

მორგოთის რკინის გვირგვინი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელკორმა, რომელსაც ვალინორიდან გაქცევის შემდეგ ნოლდორებმა მორგოთი უწოდეს, შუახმელეთში დაბრუნებისთანავე აღადგინა ნახევრად დანგრეული ანგბანდი და იგი საიმედოდ გაამაგრა, თავი შუახმელეთის მბრძანებლად გამოაცხადა, მსახურებს რკინის გვირგვინი გამოაჭედინა და შიგ ვალინორიდან მოპარული სილმარილები ჩასვა. მელკორი გვირგვინს მთელი თავისი მბრძანებლობის განმავლობაში ატარებდა, მისი ჩამოგდების შემდეგ ვალარებმა გვირგვინი დაამსხვრიეს და მისგან დაამზადეს ჯაჭვი, ანგაინორი, რითაც მორგოთი გაკოჭეს და სამყაროს საზღვრებს მიღმა, უკუნ წყვდიადში, დაამწყვდიეს.

ნაუგლამირი, ანუ სინდარულად ჯუჯების ყელსაბამი, ნარგოთრონდის მეფე ფინროდ ფელაგუნდისთვის დაამზადეს ლურჯი მთების ჯუჯებმა. როდესაც გლაურუნგის არმიამ ნარგოთრონდი დაანგრია, ყელსაბამი ნანგრევებში დაიკარგა, იქ იგი იპოვა ჰურინმა და გადასცა დორიათის მეფე თინგოლს, რომელმაც მასში ბერენის მიერ მოტანილი სილმარილის ჩასმა მოისურვა. ჯუჯებს, რომლებიც ყელსაბამში სილმარილის ჩასმაზე მუშაობდნენ, სიხარბემ სძლიათ და როდესაც მუშაობა დაასრულეს, თინგოლს ყელსაბამი მოსთხოვეს, ამტკიცებდნენ რა, რომ ყელსაბამი მას არ ეკუთვნოდა. თინგოლმა მათი მიზნები ამოიცნო და ძლიერ განრისხდა, მან ჯუჯები უხეში სიტყვებით მოიხსენია და უბრძანა დორიათიდან ყოველგვარი საზღაურის გარეშე წასულიყვნენ. ჯუჯებმა თინგოლი მოკლეს და ნაუგლამირით გაქცევა სცადეს, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი მცველებმა დახოცეს. გადარჩენილები ნოგროდში გაიქცნენ და თავიანთ მეფეს შესჩივლეს, განაცხადეს, რომ ელფებმა მათი უმიზეზოდ დახოცვა სცადეს. შედეგად, ნოგროდელ ჯუჯათა არმია დორიათში შეიჭრა, მენეგროთი გაძარცვა და მრავალი განძეულით, მათ შორის ნაუგლამირით, დატვირთული ნოგროდში ბრუნდებოდა. მთა დოლმედთან ისინი მოყვნენ მწვანე ელფების და ენტების ჩასაფრებაში, რომლებსაც მეთაურობდა თინგოლის სიძე, ბერენი. ბერენმა საკუთარი ხელით განგმირა ნოგროდის მეფე, რომელმაც სიკვდილის წინ ნაუგლამირი დაწყევლა. ნაუგლამირი ბერენმა ლუთიენს გადასცა, მისი სიკვდილის შემდეგ იგი მათ ვაჟს, დიორს გადაეცა, დიორი ფეანორის ვაჟების სილმარილის დასაუფლებლად წამოწყებული ბრძოლის დროს დაიღუპა, ნაუგლამირი დიორის ასულმა, ელუინგმა სირიონის ნავსაყუდელში წაიღო, ის ცოლად გაჰყვა ეარენდილს, რომელმაც სილმარილის წყალობით ვალინორამდე მიაღწია.

მტრედის კვერცხის ზომის მარგალიტი, რომელიც კირდანის ქვეშევრდომმა ელფებმა ბელეგაერში იპოვეს. კირდანმა იგი თინგოლს მისცა, თინგოლმა კი ის ბელეგოსტის ჯუჯებს მენეგროთის აშენების სანაცვლოდ გადასცა.

ფეანორის მიერ შექმნილი სამ ძვირფას ქვას, რომლებშიც მოთავსებული იყო ვალინორის ხეების სინათლე, ეწოდებოდათ სილმარილები. შექმნისთანავე ისინი ვარდამ აკურთხა, ასე რომ, ვერავის ხელი ვერ შეეხებოდა მას, ვინაიდან ისინი იმწამსვე ამ უკანასკნელს დაწვავდნენ. მანდოსმა განაცხადა, რომ სილმარილებში არდის ბედი იქნებოდა ჩადებული.

ფეანორი ძლიერ იყო სილმარილებით აღფრთოვანებული, მათ მხოლოდ დღესასწაულებზე ატარებდა, სხვა დროს კი ფორმენოსის საცავში ინახავდა. მელკორს მთელი გულით სურდა მათი დაუფლება და ყველანაირად ცდილობდა, ფეანორისთვის მათი ვალარებისგან შორს გადალვა დაეძალებინა. თუმცა, როდესაც მისი ჩანაფიქრები გამოაშკარავდა, იგი უნგოლიანტს შეეკრა, ხეები გაანადგურა, ფორმენოსში შეიჭრა, ფეანორის მამა, ფინუე მოკლა და ნოლდორთა მთელი განძეული, მათ შორის სილმარილებიც, გაიტაცა. განრისხებულმა ფეანორმა ერუ ილუვატარის წინაშე დაიფიცა, რომ ის და მისი შვილები სილმარილების ნებისმიერ მფლობელს დაედევნებოდნენ, თუ იგი თავად ფეანორის შვილი არ იქნებოდა.

შუახმელეთში გაქცეულმა მორგოთმა სილმარილები თავის რკინის გვირგვინში ჩასვა და მუდამ თან ატარებდა, მიუხედავად იმისა, რომ მათთან შეხების გამო გამოწვეული ტკივილი არასოდეს განელებია. სილმარილის ამოღება მხოლოდ ბერენმა შეძლო, როდესაც მორგოთი ლუთიენის სიმღერით იყო გაბრუებული. ეს სილმარილი ბერენმა ლუთიენს მისცა, ლუთიენმა კი — თავის ვაჟს, დიორს; დიორისგან იგი მიიღო მისმა ასულმა, ელუინგმა; ელუინგი ცოლად გაჰყვა ეარენდილს, რომელმაც სილმარილის წყალობით ვალინორამდე მიაღწია, ვალარებმა ეარენდილს შუახმელეთში დაბრუნების უფლება არ მისცეს და სილმარილიან-ვინგილოტიანად ცაში ვარსკვლავად აქციეს.

დანარჩენი სილმარილები მრისხანე ომის შემდეგ, მორგოთის გვირგვინიდან ამოიღეს და ეონვეს, მანუეს მედროშეს მისცეს, ფეანორის ვაჟებმა სილმარილები მოითხოვეს, ეონვემ მათ უარი განუცხადა, ახსნა, რომ ყველა ძმათაშორისი მკვლელობებისთვის, რათ მათ ჩაიდინეს, მათ დაკარგეს ყველანაირი უფლება სილმარილებზე. თუმცა, ფეანორის ვაჟებმა ისინი მოიპარეს, მაგრამ ვერ გაუძლეს მათ სიმხურვალეს და ერთ-ერთი მათგანი, მაედროსი, უფსკრულში სილმარილთან ერთად ჩახტა, ხოლო მეორე, მაგლორი, სილმარილთან ერთად ზღვაში გადახტა და ორივე სილმარილი სამყაროს აღსასრულამდე დაიკარგა.

ლოთლორიენის დედაქალაქ კარას გალადონის სამხრეთით მდებარე ბაღში, ქვის სადგამზე იდგა დიდი თასი, მის გვერდით იდგა ვერცხლის სურა იქვე კი შადრევანი ამოდიოდა. თავისთავად სარკეს წარმოადგენდა თასი, რომელიც სურიდან ივსებოდა შადრევნის წყლით. ბაღში შესვლის უფლება მხოლოდ ლოთლორიენის დედოფალს, გალადრიელს, ჰქონდა. გალადრიელის სიტყვებით:

ჩემი ბრძანებით სარკეს მრავალი რამის ჩვენება შეუძლია, ასევე შემიძლია, ნებისმიერს დავანახო ის, რისი ხილვაც სურს. თუმცა სარკე ყველაზე ხშირად მაშინ აჩვენებს ღირებულსა და საჭიროს, როცა ჩვენს სურვილებს განზე ვდებთ და მის ქმედებაში არ ვერევით. რას დაინახავთ სარკეში, თუ მას თავისუფლებას მიანიჭებთ, ვერ გეტყვით. ის აჩვებებს იმას, რაც მოხდა, ხდება ან შეიძლება მოხდეს. თითოეულმა თავად უნდა განსაჯოს, რა იხილა მან, წარსული, აწმყო, მომავალი.

სარკეში არსებული ხილვები ყოველთვის არ ხდება: თუ ჩამხედავი ხისტი ნებისყოფის მქონეა, იგი შეიძლება არ ახდეს.

უცნობია სარკის ბედი ბეჭდის ომის შემდეგ, სავარაუდოდ, იგი გალადრიელმა ვალინორში თან წაიღო.

გალადრიელის ფიალა ეწოდებოდა ბროლის ჭურჭელს, რომელიც სავსე იყო გალადრიელის ბაღში არსებული, ეარენდილის ვარსკვლავის სინათლის შემცველი, შადრევნის წყლით. ფიალა გალადრიელმა ფროდოს ბეჭდის საძმოს ლორიენიდან გასვლამდე მისცა. ფიალის სიღრმეში წყალი სუსტად ანათებდა, სიბნელეში კი სინათლე ძლიერდებოდა. სინათლე სიმამაცეს, სიმტკიცეს, იმედს და ძალას ჰმატებდა. ფიალის სინათლით ფროდო ბეჭდისადმი მიდრეკილებას სძლევდა, ხოლო სემმა შელობის დაშინება მოახერხა, სემმა ფიალის სინათლით კირით უნგოლის კარიბჭის მცველთა ჯადოს ახსნაც კი შეძლო (მცველები ეწოდებოდათ მორდორის ციხესიმაგრეების კარიბჭეებთან მდგარ მაგიურ ქანდაკებებს, რომლებსაც კარიბჭესთან უხილავი ბარიერის შექმნა შეეძლოთ).

ფროდომ ფიალა ბეჭდის ომის შემდეგ დასავლეთში გამგზავრებისას თან წაიღო.

პალანტირები — შორსმხედველი ქვები — ჯერ კიდევ პირველ ეპოქაში ამანში დაამზადა ფეანორმა. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ მთავარი პალანტირი ტოლ ერესეაზე ინახებოდა, შვიდი მათგანი ელფებმა ედაინებს მორგოთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების სანაცვლოდ გადასცეს. ამ ქვებით შესაძლებელი იყო იმის დანახვა, რისიც მფლობელს სურდა, მაგრამ არ შეეძლო იმის დანახვა, რაც არ არსებობდა, ამის გაკეთება თავად მაია საურონსაც კი არ შეეძლო. ამასთანავე, პალანტირის მფლობელს მეორე პალანტირის მფლობელთან საუბარიც შეეძლო.

ნუმენორის დაღუპვამდე ისინი ელენდილმა შუახმელეთში თან წაიღო. ოთხი მათგანი ელენდილის შვილების მიერ დააარსებულ გონდორის სამეფოს გადაეცა, ორი არნორის სამეფოში დარჩა, ერთი კი რუხი ნავსაყუდელის ელფებს გადაეცათ ელენდილისადმი გაწეული დახმარების სანაცვლოდ.

რუხი ნავსაყუდელის პალანტირი ემინ ბერაიდში ინახებოდა, იგი სხვა პალანტირებს არ უკავშირდებოდა და მხოლოდ ზღვას აჩვენებდა, ვინაიდან ნუმენორში ის ზღვისკენ იყო მიმართული.

არნორის პალანტირები დედაქალაქ ანუმინასში და ამონ სულში ინახებოდა (არნორის დაშლის შემდეგ ანუმინასის პალანტირი ართედაინის დედაქალაქში, ფორნოსტში გადაიტანეს). როდესაც ანგმარის მეფემ არნორის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, ამონ სულის პალანტირი , ციხესიმაგრის დაცემის შემდეგ უკან დახეულმა ართედაინის ძალებმა ფორნოსტში წაიღეს, მათი წყალობით ართედაინი ანგმარის შეტევებს თითქმის 500 წლის განმავლობაში უძლებდა. როდესაც მესამე ეპოქის 1973 წელს ართედაინის უკანასკნელი საყრდენი — ფორნოსტი დაეცა, მეფე არვედუი პალანტირებთან ერთად ფოროხელში, შუახმელეთის გაყინულ ჩრდილო-დასავლეთში, გაიქცა. ლინდონიდან მის დასახმარებლად გემი გაგზავნეს, მაგრამ, როდესაც მეფე თავის ამალასთან ერთად გემბანზე ავიდა, ქარიშხალი ამოვარდა და გემი ფოროხელის ყინულებზე დაიმსხვრა, პალანტირები კი ფოროხელის ყურის ფსკერზე დაიკარგა. ვარაუდობდნენ, რომ ქარიშხალი ანგმარის მეფის შექმნილი იყო.

გონდორის პალანტირები სასაზღვრო ციხესიმაგრე იზენგარდის კოშკ ორთნკში, მინას ანორში, დედაქალაქ ოსგილიათში და მინას ითილში ინახებოდა. მესამე ეპოქის 1400-იან წლებში გონდორში მოხდა სამოქალაქო ომი, ომმა ძლიერ დააზარალა ოსგილიათი, მისი პალანტირი კი ანდუინის ფსკერზე დაიკარგა; 2002 წელს მინას ითილს ნაზგულები დაესხნენ თავს და მას მინას მორგული დაარქვეს, პალანტირი კი მორდორის მფლობელობაში გადავიდა, შედეგად, დაბრუნებულ საურონს უკვე შეეძლო გონდორის არმიების ზუსტი განლაგებების და მდგომარეობების გაგება და ბრძოლის სასწორის საკუთარ მხარეზე გადაწევა, მიუხედავად ამისა, გონდორი მორდორის და მისი მოკავშირეების წნეხს მთელი ათასი წლის განმავლობაში უძლებდა; 2759 წელს გონდორის მოურავმა ბერენმა სარუმანს იზენგარდში დასახლების უფლება მისცა, რომელმაც ორთანკის პალანტირით საურონის თავად დამარცხება გადაწყვიტა, მაგრამ, მინას ითილის პალანტირის წყალობით, საურონმა თავად გაიგო სარუმანის გეგმების შესახებ და ამ უკანასკნლის თავის მხარეზე გადაყვანა მოახრეხა (სარუმანს ეგონა, რომ რასაც აკეთებდა, მისი მოფიქრებული იყო, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი საურონის მიერ იყო ჩაგონებული). მინას ანორში დარჩენილი პალანტირი, რომელსაც მინას ითილის დაცემის შემდეგ მინას ტირითი დაარქვეს, ციხესიმაგრის თეთრ კოშკში ინახებოდა და მის გამოყენებას ვერავინ ბედავდა, სანამ სახელმწიფოს მდგომარეობით შეშფოთებულმა მოურავმა დენეთორ II-ემ მისი გამოყენება არ გადაწყვიტა მორდორის მიზნების გასაგებად, სარუმანის მსგავსად, ისიც საურონის ხელში აღმოჩნდა, მაგრამ საურონმა მისი დამორჩილება ვერ შეძლო, თუმცა, ანახვებდა რა მორდორის ურიცხვი არმიის სიძლიერეს, საურონმა დენეთორი ნელ-ნელა ჭკუიდან შეშალა და გააგიჟა, დაარწმუნა, რომ მორდორის წინააღმდეგ ბრძოლა სისულელე იყო.

ბეჭდის ომის შემდეგ პალანტირები საბოლოოდ დაიფანტა: არნორის პალანტირები ფოროხელის ფსკერზე დაიკარგა, ორთანკის და მინას ტირითის პალანტირები მეფე ელესარის მფლობელობაში გადავიდა, ემინ ბერაიდის პალანტირი ელრონდმა ამანში თან წაიღო, ოსგილიათის პალანტირი ანდუინის ფსკერზე, ხოლო მინას ითილის პალანტირი კი ბარად-დურის ნანგრევებში ჩაიკარგა.

ძალაუფლების ბეჭდები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუახმელეთის ისტორიაში უდიდესი ადგილი უკავია ძალაუფლების ბეჭდებს, რომლებთან დაკავშირებული კონფლიქტი ორი ეპოქის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძალაუფლების ბეჭდებს მათი პატრონებისთვის განსაკუთრებული უნარები უნდა შეეძინათ და მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში უნდა დახმარებოდათ. მაგრამ ბეჭდები იმისთვის შეიქმნა, რომ გაეძლიერებინათ მთავარი ბეჭედი და მისი მბრძანებელი, საურონი, მთელი არდის მბრძანებლად ექციათ. ოცივე ბეჭედი სხვადასხვა ლითონისგან იყო გამოჭედილი

მეორე ეპოქაში საურონი ანატარის სახით ელფებს დაუმეგობრდა და მათ ძალაუფლების ბეჭდების შექმნის საიდუმლოს ასწავლიდა, მას მრავალი ელფი მიენდო, უნდობლად მხოლოდ ელრონდი, გილ-გალადი და გალადრიელი ეპყრობოდნენ, რომლებიც მასში დაფარულ ბოროტებას გრძნობდნენ. როდესაც ერეგიონელმა მჭედლებმა აითვისეს ბეჭდების ჩამოსხმის ხელოვნება, თითქმის 90 წლის განმავლობაში ჭედავდნენ ძალაუფლების ბეჭდებს ხელმარჯვე მჭედლის, კელებრიმბორის მეთაურობით. ამასობაში, ოროდრუინში საურონი მთავარ ბეჭედს ჭედავდა კიდევ 16 ბეჭედთან ერთად. როდესაც საურონმა მთავარი ბეჭედი თითზე გაიკეთა, კელებრიმბორი ყველაფერს მიხვდა და ელფური ბეჭდები გადამალა, მათ საურონი არ შეხებია. როდესაც საურონმა მათ დასაუფლებლად ომი წამოიწყო, სანდო ხელქვეითების შესაძენად, ჯუჯების და შუახმელეთელი ადამიანების მეფეებს გადასცა ძალაუფლების ბეჭდები — ცხრა ადამიანებს (რომლებიც შემდგომში ნაზგულებად იქცნენ) და შვიდი ჯუჯებს. ადამიანების ბეჭდები საურონის ხელში მალე დაბრუნდა — ცხრავე მეფე ნაზგულად იქცა. ჯუჯები ბეჭდების ძალის მიმართ მდგრადები აღმოჩნდნენ და ისინი მათი მეფეების საგვარეულო რელიკვია გახდა. მესამე ეპოქაში ჯუჯების ოთხი ბეჭედი დრაკონების თავდასხმების დროს განადგურდა, ნაწილი კი სხვადასხვა დროს საურონის მსახურებმა ხელში ჩაიგდეს და საურონს გადასცეს. ელფური ბეჭდები საურონისთვის ყოველთვის დამალული იყო და მხოლოდ ცოტამ თუ იცოდა თუ ვის ეკუთვნოდა ისინი.

სულ სამი ელფური ბეჭედი არსებობდა:

ცეცხლის ბეჭედი ნარია, ლალის თვლით, რომელიც კირდანმა განდალფს გადასცა;
წყლის ბეჭედი ნენია, მითრილიდან გამოჭედილი ალმასის თვლით, რომელსაც გალადრიელი ატარებდა;
ჰაერის ბეჭედი ვილია, ოქროდან გამოჭედილი საფირონის თვლით, რომელიც გილ-გალადმა სიკვდილის წინ ელრონდს გადასცა.

ყველა ელფური ბეჭედი ბეჭდის ომის დასრულების შემდეგ ამანში წავიდა.

ანგაინორი — ჯაჭვია, რომელიც ვალარებმა მორგოთის რკინის გვირგვინიდან დაამზადეს. ამ ჯაჭვით ვალარებმა მორგოთი გაკოჭეს უკუნ წყვდიადში დაამწყვდიეს.

შავი და მტკიცე ლითონის შენადნობი, რომელიც გამოიგონა ეოლმა, როდესაც ჯუჯების მჭედლობის ოსტატობას დაეუფლა. გალვორნი საკმაოდ მტკიცე იყო და მისი დამსხვრევა საკმაოდ რთული იყო. გალვორნისგან დამზადებულ აბჯარს ეოლი გამუდმებით თან ატარებდა, ხოლო მის მიერ დამზადებული ე.წ. შავი ხმლები — გურთანგი და ანგუირელი — სწორედ გალვორნისგან იყო დამზადებული. ეოლმა ყველა თავისი საიდუმლო თავის ვაჟს, მაეგლინს გადასცა, რომელიც დედასთან ერთად გონდოლინში გაიქცა, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ გონდოლინელმა მჭედლებმა გალვორნის გამოყენების ხელოვნება ისწავლეს, ვინაიდან ცნობილია, რომ გონდოლინში მისვლისას ტუორმა ყურადღება მცველებს მიაპყრო, რომლებსაც შავი ლითონისგან დამზადებული აბჯრები ეცვათ, შესაძლებელი იყო, რომ ეს ლითონი გალვორნი ყოფილიყო.

გონდორის ბუკი იყო გონდორის მოურავების საგვარეულო რელიკვია.

ბუკი დაამზადა ვორონდილ მონადირემ მესამე ეპოქაში, იგი ნადირობდა რუნის ზღვასთან მობინადრე ე.წ. ორომეს ხარებზე და ერთ-ერთი მათგანის რქისგან დაამზადა ბუკი, რომელიც შემდგომში გონდორის მოურავების საგვარეულო რელიკვია გახდა. ბუკს საკმაოდ ძლიერი ხმა ჰქონდა, რაც მფლობელის მტერს გარკვეული დროით აშინებდა და აბნევდა. როგორც მისმა უკანასკნელმა მფლობელმა, ბორომირმა თქვა, თუ ბუკის გუგუნს გონდორში გაიგებდნენ, მისი პატრონის დასახმარებლად იქიდან აუცილებლად მოვიდოდნენ. როდესაც ბორომირი პართ გალენთან დაიღუპა, სარუმანის ურუკებმა ბუკი ორად გადაამტვრიეს, ნამტვრევები კი არაგორნმა ბორომირის ნავში ჩადო და თან გაატანა. რამდენიმე დღის შემდეგ ნამსხვრევები ბორომირის ძმამ, ფარამირმა, იპოვა და მამამისს, დენეთორს, გადასცა.

ელფთა მოსასხამები უცნობი ქსოვილისგანაა დამზადებული, მათ ელფები ჯერ კიდევ პირველ ეპოქაში ამზადებდნენ მოგზაურებისთვის. მოსასხამის ფერი დამოკიდებული იყო დღის მიმდინარეობაზე, მაგალითად, ღამით მუქდებოდა, დღისით ღია მწვანე ან ნაცრისფერი ხდებოდა, ფერთა ამგვარი ცვლილება მოსასხამის მფლობელს გარემოსთან შეხამებულს და შესაბამისად, უცხო თვალისთვის დამალულს, ხდიდა. ასეთი მოსასხამები ლორიენში ბეჭდის საძმოს წევრებს დაურიგეს.

ვალარომა ვალა ორომეს ბუკია, რომლის გაგონებაც მელკორის მსახურებს შიშის ზარს სცემდა. ახალგაჩენილ ელფებს ორომე მფარველად მიაჩნდათ და როდესაც ვალარომას ხმა ესმოდათ, თავს დაცულად გრძნობდნენ.

ვინგილოტე ეწოდებოდა გემს, რომლითაც ეარენდილი და მისი მეუღლე, ელუინგი ამანში წავიდნენ. ვინგილოტე ამანს გარშემორტყმულ ბინდის ზღვებში ეარენდილმა სილმარილის სინათლის წყალობით გაატარა და პირველი მოკვდავი გახდა, რომელმაც უკვდავთა მიწაზე ფეხი დადგა, მაგრამ ვალარებმა მას დაბრუნების უფლება არ მისცეს და მრისხანე ომის შემდეგ გემთან ერთად ცაში ვარსკვლავად აქციეს.

ერეგიონელი ნოლდორების მიერ შექმნილი მითრილის შენადნობი, რომელიც კარიბჭეების და დარბაზების მოსართავად გამოიყენებოდა. ითილდინი რუხი ფერისაა, მაგრამ, მთვარის ან ვარსკვლავების სინათლეზე თეთრად კაშკაშებს. მორიის დასავლეთ კარიბჭეზე დურინის გერბი სწორედ ითილდინით იყო შესრულებული.

ხელნაწერი წიგნი, რომელშიც აღწერილია ბალინის მიერ მორიის სამეფოს აღდგენის მცდელობა. წიგნი ხუთი წლის ისტორიას აღწერს, იწყება ბალინის რაზმის მორიაში ზარზეიმით მისვლის აღწერით და მთავრდება უიმედო აღსასრულის მქონე სიტყვებით — „ისინი მოდიან ...“, შედეგად, კჰაზად-დუმის სამეფოს აღდგენის მცდელობა კრახით დასრულდა.

წიგნი სხვადასხვა მწერლის ხელით იწერებოდა, იგი დაწერილი იყო რამდენიმე (მათ შორის, ელფურ) ენაზე მორიული, ველის და ელფური ასოების გამოყენებით. ძლიერ დაზიანებული წიგნი ბალინის სამეფო დარბაზში (კჰუზდულად — მაზარბულში) იპოვა ბეჭდის საძმომ, განდალფმა წიგნი გიმლის გადასცა, რომელსაც იგი ერებორის მეფე დაინ რკინისტერფისთვის უნდა გადაეცა, მაგრამ, ვინაიდან დაინი ბეჭდის ომში დაიღუპა, გიმლიმ წიგნი მის ვაჟს, თორინ III ქვისჩაფხუტას გადასცა.

კეთილშობილი ლითონი, ნებისმიერ ფოლადზე მტკიცე და ამასთანავე, საკმაოდ მსუბუქი ლითონი, ჯუჯების და ელფი–ნოლდორების ძვირფასი ლითონი, მითრილის უზარმაზარი საბადო მდებარეობს მორიაში, ამიტომაც ეწოდა მას მორიის ვერცხლი. მითრილს საკმაოდ ძლიერი ბრწყინვალება ახასიათებს, მისი დამუშავება კი მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე შეიძლება. მითრილის პერანგს, რომელიც ბილბომ ფროდოს გადასცა, ჩვეულებრივი პერანგის წონა ჰქონდა, თუმცა იმდენად მტკიცე იყო, რომ მორიის ორკების ბელადის მოქნეული შუბის დარტყმას გაუძლო.

საურონი კარგად ხვდეობდა მითრილის ფასს, ამიტომაც ის ცდილობდა თან მორია გამუდმებულ კონტროლში ჰქონოდა, თან კი მისი დაბრუნების მოსურნე ჯუჯების მოკავშირეობა მოეპოვებინა.

ლამპრები, რომლებიც თეთრ კრისტალში შენახული ცისფერი ცეცხლით ანათებდნენ, ვალინორში შექმნა ფეანორმა, ამ ცეცხლის ჩაქრობა ქარით ან წყლით შეუძლებელი იყო.

ნოლდორები შუახმელეთში ამ ლამპრებითაც ამაყობდნენ, მაგრამ მათი შექმნის საიდუმლო პირველ ეპოქაში დაიკარგა. მოგზაური ელფები, რომლებსაც მორგოთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიახლოვეს უნდა გაევლოთ, ყოველთვის თან ატარებდნენ ლამპრებს. თავის მხრივ, მზვერავი ელფები თავიანთ თანამოძმეებს სწორედ ამ ლამპრებით იცნობდნენ. ლამპრებს ატარებდნენ გონდოლინის მცველებიც.