ადამიანი (შუახმელეთი)
შუახმელეთის რასები |
---|
აინურნი |
სხვა რასები |
ადამიანები ჯ. რ. რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში — კაცობრიობის წარმომადგენლები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მზის გაჩენისას, შუახმელეთის აღმოსავლეთში დაიბადნენ ადამიანები. ელფები მათ უწოდებდნენ: Engwar (ჭირვეულები), Edain (ელფთა მეგობრები), Atani (მეორეები), და სხვა. ადამიანები ერუს უმცროსი შვილები არიან. თავდაპირველად ადამიანებს ყველაფერი ელფებმა ასწავლეს.
ადამიანები ადრეულ პერიოდში ესტოლადში დასახლდნენ, დორიათიდან აღმოსავლეთით. I ეპოქაში ედანთა უშუალოდ სამი საგვარეულო იყო დაწინაურებული. ესენია ჰადორის, ჰალეთის და ბეორის საგვარეულოები.
ერთ ხანს მელკორმა შეიტყო ადამიანების გაჩენა და დააპირა მათთვის იგივე გაეკეთებინა, რაც ელფებს გაუკეთა - დამონება. ადამიანთა ნახევარი მას გაჰყვა და ამ ხალხებს აღმოსავლელები ეწოდათ, ხოლო იმ ხალხს, რომლებმაც გაქცევა მოასწრეს და მელკორს არ დაემონნენ - ედანები. ისინი ნოლდორებსა და სხვა ელფებს შეუერთდნენ და მოგვიანებით ერთად იბრძოდნენ მელკორის წინააღმდეგ. ნოლდორთაგან მათ ბევრი რამ აითვისეს.
მელკორის დამარცხების შემდეგ, ადამიანთა მცირე ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, ანდუინის მიდამოებში. უმეტესობა კი ელფებთან ერთად დასავლეთში წავიდა. იქ, კუნძულ ნუმენორზე დასახლდა ადამიანების გამორჩეული მოდგმა - დუნედაინები.
ნუმენორში ადამიანთა ყოფა მშვიდობიანი იყო, სანამ დატყვევებულმა საურონმა დუნედაინები და ნუმენორის უკანასკნელი მეფე ვალართა წინააღმდეგ არ განაწყო. ნუმენორელთა წინააღმდეგობას ემატებოდა სხვა მიზეზიც. დასაბამიდან, ელფებსა და ადამიანებს ორი სხვადასხვა სახის ბედისწერა მიანიჭეს. ელფები უკვდავები იყვნენ - სანამ მათზე არ იმოქმედებდა იარაღი, ისინი რჩებოდნენ სამყაროში ბოლომდე. ადამიანები მოკვდავებად შექმნეს. ისინი კვდებოდნენ და ეზიარებოდნენ ვალართა და ელფთა რიგებს. თავდაპირველად ამას საშიშროებად არავინ თვლიდა.ადამიანთა ასეთ ბედისწერას ძღვენსაც უწოდებდნენ.
მაგრამ მორგოთის წყვდიადის გამოჩენისას და მთელ შუახმელეთში გავრცელებისას ადამიანები სიკვდილს უკვე ისეთ ფაქტორად განიხილავდნენ, რომელიც შიშს იწვევდა და აუცილებლად მისგან გადარჩენის გზები უნდა მოეძიათ. სწორედ ამიტომ სიკვდილს ადამიანთა ბედისწერა ეწოდა. ნუმენორელთა სიცოცხლეც ხანგრძლივი იყო, მაგრამ მათ ეშინოდათ ბედისწერის, ამიტომ დასაფლავების ტრადიციებიც განსხვავებული ჰქონდათ, გარდაცვლილთა მთელი პატივით დამარხვით, დიდ სამარხებში, ათასი ნივთის თანდაყოლებით. მეფე არ-ფარაზონმა გადაწყვიტა არსებული პრინციპების შელახვა და უკვდავების მოპოვების მიზნით, წახალისებულმა საურონის მიერ, უზარმაზარი ფლოტით ისურვა ვალინორის დალაშქრვა და ვალარების ჩამოგდება, რისთვისაც ადამიანები დაისაჯნენ: მთელი ფლოტი კლდეებში მოყვა, ხოლო ნუმენორი თვით ერუმ ჩაძირა. დარჩენილმა დუნედაინებმა შუახმელეთში გადმოინაცვლეს. აქ მათ მიერ შეიქმნა ორი დიდი სამეფო: არნორი, ჩრდილოეთში და გონდორი - სამხრეთში.
მომდევნო ეპოქებში არნორი გრძნეული მეფის მიერ იქნა განადგურებული, ხოლო გონდორმა თავისი ძლიერების ზენიტს მიაღწია, თუმცა მცირე ხნით.
ბეჭდის მეორე ომში გონდორი დასუსტებული იყო, მაგრამ საურონის დაცემისა და მორდორის განადგურების შემდეგ იგი განახლდა, აღდგა სამეფო, რომლის მეფე არაგორნ II გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი, ელდარიონი ავიდა სამეფო ტახტზე. აღმოსავლელებსა და სამხრეთელებს მან აპატია საურონის მხარეს ბრძოლა.
მესამე ეპოქის შემდეგ, როდესაც ერთი ბეჭედი განადგურდა და დასრულდა ბეჭდის ომი, ელფებმა საბოლოოდ დატოვეს შუახმელეთი. სამი ბეჭედი აღარ მოქმედებდა და ელფთა რასა ქრებოდა. ამ დროისთვის უკვდავ მიწებში უკვე მრავალი ელფი გადავიდა, მაგრამ მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა შუახმელეთი სწორედ არაგორნის გამეფების შემდეგ დატოვა. მეოთხე ეპოქაში მათ მიერ მართვადი მიწები ადამიანთა ხელში გადავიდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ადამიანები — საიტზე Tolkien Gateway
- შუახმელეთის ადამიანების ისტორია დაარქივებული 2007-02-22 საიტზე Wayback Machine.
- შუახმელეთის ბნელი ხალხების ისტორია დაარქივებული 2007-02-22 საიტზე Wayback Machine.
|