შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ვოეიკოვი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ვოეიკოვი
დაბ. თარიღი 8 (20) მაისი, 1842
დაბ. ადგილი მოსკოვი
გარდ. თარიღი 28 იანვარი / 10 თებერვალი, 1916
გარდ. ადგილი პეტროგრადი
დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრის ნიკოლსკის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა მეტეოროლოგი, გეოგრაფი და კლიმატოლოგი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი
ჯილდოები კონსტანტინეს მედალი
ხელმოწერა

ალექსანდრე ივანეს ძე ვოეიკოვი (რუს. Александр Иванович Воейков; დ. 20 მაისი, 1842, მოსკოვი — გ. 10 თებერვალი, 1916, პეტროგრადი) — რუსი კლიმატოლოგი და ჰიდროგრაფი. რუსეთში კლიმატოლოგიის ფუძემდებელი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1910).

1860 წელს ჩააბარა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; 1861 წელს სტუდენტთა რევოლუციურ მღელვარებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის დახურვის გამო თავდაპირველად სწავლა განაგრძო ჰაიდელბერგის, შემდეგ — გეტინგენის უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა დისერტაცია „დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა ადგილების პირდაპირი ინსოლაციის შესახებ“ და 1865 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.[1]

1880 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის საპატიო დოქტორია; 1887 წლიდან სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ორდინარული პროფესორი. 1866 წლიდან რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი.[1]

რუსეთის ევროპულ ნაწილში, კავკასიაში, ყირიმსა და შუა აზიაში მოგზაურობის გარდა, 1872–76 წლებში იმყოფებოდა აგრეთვე დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, მოინახულა სამხრეთი და წინა აზია, სამხრეთი ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია, რის ხარჯზე შეაგროვა ცნობები დედამიწის სხვადასხვა რეგიონების კლიმატზე. შეადგინა რიგი მეტეოროლოგიური რუკა, რომელთა დემონსტრაციისათვის პარიზის მსოფლიო გამოფენაზე (1878) დაჯილდოვდა ოქროს მედლით. ავტორია 1700-ზე მეტი ნაშრომისა, რომელთა შორის აღსანიშნავია კაპიტალური ნაშრომი „დედამიწის კლიმატები, განსაკუთრებით რუსეთისა“ (1884), რისთვისაც მიიღო რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების დიდი ოქროს მედალი.[1] 1871 წელს ვოეიკოვმა გერმანულად გამოაქვეყნა კავკასიის ფიზიკურ-გეოგრაფიული დანაწილების სქემა, რომელშიც ატმოსფერული ნალექების განაწილებისა და ტყის მცენარეულობის ხასიათის გათვალისწინებით გამოყოფილია 8 ოლქი. ეს სქემა საყურადღებოა, როგორც კავკასიის ლანდშაფტური დაყოფის პირველი ცდა.[2]

ალექსანდრე ვოეიკოვმა კლიმატური და გეოგრაფიული მოვლენების შესწავლისას პირველმა შემოიღო ბალანსის მეთოდი. ჰიდროლოგიური რეჟიმით შეიმუშავა რუსეთის მდინარეების კლასიფიკაცია, რომელიც შემდგომი კლასიფიკაციების საფუძველი გახდა. ვოეიკოვმა საფუძველი ჩაუყარა მოძღვრებას თოვლის, პალეოკლიმატოლოგიის, აგრარული ფენოლოგიისა და აგროკლიმატოლოგიის შესახებ. დაკავებული იყო მოსახლეობის გეოგრაფიის საკითხებით, ავტორია თხზულებისა „მსოფლიო მოსახლეობის განაწილება ბუნებრივი პირობებისა და ადამიანის მოღვაწეობის შესაბამისად“ (1906), სადაც პირველმა შემოიღო ტერმინი „მილიონიანი-ქალაქი“.[1]

საქართველოში ალექსანდრე ვოეიკოვმა რამდენჯერმე იმოგზაურა (1898, 1911, 1913 წწ.) და მრავალი შრომა მიუძღვნა ზოგიერთი მხარის ჰავის დეტალურ დახასიათებას. შეისწავლა საქართველოს შავიზღვისპირეთისა და ბორჯომის მიდამოების ჰავა. ამ უკანასკნელის შესწავლის შედეგად დაადგინა მასზე რელიეფისა და მცენარეულობის გავლენა. იწინასწარმეტყველა სამხრეთ კავკასიაში მეჩაიეობისა და მეციტრუსეობის განვითარების, ხოლო შუა აზიაში ბამბის ძვირფასი ჯიშების მოყვანის შესაძლებლობა. ვოეიკოვმა საყურადღებო მასალა დაგვიტოვა საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექების განაწილების შესახებაც.[2]

რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებაში დააარსა მეტეოროლოგიური კომისია და ჟურნალი „მეტეოროლოგიჩესკი ვესტნიკ“ („Ме­тео­ро­ло­ги­че­ский вест­ник“, 1891–1935). 1892–1904 წლებში იყო ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის გეოგრაფიული განყოფილების რედაქტორი. ვოეიკოვი სპეციალური უმაღლესი გეოგრაფიული განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორია და უმაღლესი გეოგრაფიული კურსების პირველი დირექტორი (1915). 1949 წელს ვოეიკოვის სახელი ეწოდა მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიას დაარსებიდან 100 წლის თავზე, სრუტეს კურილის კუნძულებს შორის, მყინვარს ჩრდილოეთ ურალში, აზიის ანტიციკლონის ტოტსა („ვოეიკოვის ღერძი“) და აგრეთვე კვლევით გემს.[1]

  • Избр. соч. М.; Л., 1948–1957. Т. 1–4 (био­гра­фи­че­ский очерк и спи­сок ра­бот).
  • Мо­ляв­ко Г. И., Фран­чук В. П., Ку­ли­чен­ко В. Г. Гео­ло­ги. Гео­гра­фы. Био­гра­фи­че­ский спра­воч­ник. К., 1985;
  • Твор­цы оте­че­ст­вен­ной нау­ки. Гео­гра­фы. М., 1996.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Александр Иванович Воейков // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-23. ციტირების თარიღი: 2020-12-14.
  2. 2.0 2.1 ჯავახიშვილი შ., ა. ი. ვოეიკოვი. დიდი რუსი კლიმატოლოგი და გეოგრაფი, თბ., 1954.