შინაარსზე გადასვლა

ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი
დროებითი სახელისუფლებო ორგანო

9 (22) მარტი191715 (28) ნოემბერი1917
დედაქალაქი ტფილისი

ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, ოზაკომი (რუს. Особый Закавказский Комитет, ОЗАКОМ; 9 (22) მარტი15 (28) ნოემბერი1917) — რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ ამიერკავკასიის მართვა-გამგეობის გამგებლობისთვის შექმნილი სამხარეო ხელისუფლების ორგანო, შტაბ-ბინით თბილისში.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში საიმპერატორო ხელისუფლება ჩაანაცვლა ახლადმოსულმა რუსეთის დროებითმა მთავრობამ, რომელმაც ამიერკავკასიის მართვა-გამგეობა ჩააბარა სამხარეო ხელისუფლების ორგანოს — ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს. ახალი სამხარეო ხელისუფლების ორგანო დაკომპლექტდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კავკასიელი დეპუტატებით. კომიტეტი თავმჯდომარედ დაინიშნა ვ. ხარლამოვი წევრები იყვნენ მ. პაპაჯანოვი, მ. ჯაფაროვი, აკ. ჩხენკელი კ. აბაშიძე.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებით მოხდა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული სამხარეო ორგანოს — ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის გადაყენება, რომლის სათავეშიც კადეტი ვ. ხარლამოვი იდგა[1].

1917 წლის 23 თებერვალს (8 მარტი) რევოლუციის გამარჯვებით, თავისი არსებობა დაასრულა რუსეთის იმპერიამ.

27 თებერვალს (12 მარტი) რუსეთში სახელმწიფო მართვა აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაიბარა. კომიტეტში შედიოდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სულ თორმეტი კაცი: მ. როძიანკო (თავმჯდომარე), კერენსკი, ჩხეიძე, შულგინი, მილიუკოვი, კარაულოვი, კონოვალოვი, დმიტრიუკოვი, რჟევსკი, შიდლოვსკი, ნეკრასოვი და ლვოვი[2].

კავკასიის მეფისნაცვალი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე თბილისის სასახლეს არ ტოვებდა, ირწმუნებოდა, რომ ის დანიშნული იყო რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის მიერ და რომ მისი მმართველობის გაგრძელება შეთანხმებული იყო ახალ მთავრობასთან[3].

6 (19) მარტს კავკასიის მთავარსარდალმა თბილისი დატოვა. გუბერნატორი და ვიცეგუბერნატორი გადააყენეს. ქალაქში არსებულმა 12 ათასმა ჯარისკაცმა ახალ რევოლუციურ მთავრობას ნდობა გამოუცხადა და ქალაქში სიმშვიდის უზრუნველყოფა გადაიბარა. შესდგა თბილისის აღმასრულებელი კომიტეტი ათი კაცის შემადგენლობით. იმავე დღეს თბილისის სასახლიდან ჩამოხსნეს სამფეროვანი სამეფო შტანდარტი (დროშა) და მის ნაცვლად აღიმართა ახალი წმინდა გიორგის ლენტის ფერის დროშა, რომელზედაც ეწერა „კავკასიის მხედრობა“[4].

7 (20) მარტს მეფისნაცვალმა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძემ დატოვა ტფილისი[5].

ამიერკავკასიის მხარე 1913 წელს

9 (22) მარტს რუსეთის დროებითმა მთავრობამ დაადგინა „შედგეს განსაკუთრებული კომიტეტი, რომელშიც შედიან სახელმწიფო სათათბიროს წევრები: ხარლამოვი, პაპაჯანოვი, ჯაფაროვი და კ. აბაშიძე. ესენი დროებით უმაღლეს მთავრობის სახელით და უფლებებით არიან აღჭურვილნი ამიერკავკასიის მართვა-გამგეობის და მკვიდრთა შორის წესიერების დამყარებაში, ამ დებულების ძალით, რომელიც მთავრობის მიერ გამოქვეყნებულია 6 მარტის თარიღით; მოხსენებულ განსაკუთრებულ კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნულია სახელმწიფო სათათბიროს წევრი ხარლამოვი“. კომიტეტს დაევალა დაუყოვნებლივ გამგზავრება კავკასიაში[6][კ 1].

9 მარტს პეტროგრადიდან ტფილისში გამოემგზავრა დროებითი მთავრობის აღმასრულებელი კომიტეტის ხუთკაციანი დელეგაცია ვ. ხარლამოვის ხელმძღვანელობით[7].

9 მარტს ახლადწარმოქმნილი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის შემადგენლობა, რომელსაც ამიერკავკასიაში ახალი წესრიგი უნდა დაემყარებინა, შეიცვალა რუსეთის დროებითი მთავრობის 10 მარტის დადგენილებით, რომლის მიხედვითაც კომისარიატში კ. აბაშიძის მაგივრად უნდა შესულიყო სახელმწიფო დუმის წევრი ა. ჩხენკელი[8].

11 (24) მარტს თბილისში მოვიდა გ. ლვოვის დეპეშა კომისრების: პერევერზიევის, პაპაჯანოვის, ჯაფაროვის, კ. აბაშიძისა და ხარლამოვის მოსკოვიდან გამოგზავნის თაობაზე[9].

კავკასიის კომისარიატში კიტა აბაშძის მაგივრად აკაკი ჩხენკელის დანიშვნის თაობაზე დეპეშით აუწყებდა მინისტრთა თავმჯდომარე ლვოვი თბილისის ქალაქის თავს. თბილისის ქალაქის აღმასრულებელმა კომიტეტმა ცნობა მიიღო, რომ 11 მარტს პეტროგრადიდან თბილისს გამოემგზავრა დროებითი მთავრობის კომიტეტის წევრი ვ. ხარლამოვი, რომელსაც მართვა-გამგეობა უნდა გადაებარა[10].

17 (30) მარტს კ. აბაშიძემ პრემიერ მინისტრის ლვოვისაგან მიიღო დეპეშა, რომელშიც ის იუწყებოდა: „გაუგებრობა მოხდა სრულად უნებურად, კომისარიატთა შემადგენლობიდან თქვენ არავის დაუთხოვიხართ, გთხოვთ შეხვიდეთ კოისარიატში“[11].

18 (31) მარტს ოზაკომი თბილისში პრაქტიკულად მოღვაწეობას შეუდგა. გაზეთი „ერთობა“ ამ მოვლენის შესახებ წერდა: „გუშინ 18 მარტს, დილის 10 საათ. 13 წუთ. თფილისში ჩამოვიდნენ რუსეთის ახალი მთავრობის კომისრები - ხარლამოვი, ჯაფაროვი და პაპაჯანოვი. აკაკი ჩხენკელი ეხლა არ ჩამოსულა, ვაგზალში მიეგებენ კომისრებს ჯარისკაცები, დიდძალი ხალხი, თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის კომისრები, წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიებისა, პრესისა, დაწესებულებათა, აურაცხელი ხალხი და სხვა“[12]. სტუმრებს დახვდა კიტა აბაშიძე. პავლე პერევერზიევი, რომელიც ოზაკომის კომისრებში თავიდან იყო გათვალისწინებული, საბოლოო შემადგენლობაში აღარ მოხვდა[13][14].

9 (22) მარტს, ოზაკომის შემადგენლობაში შევიდნენ IV სახელმწიფო სათათბიროს ამიერკავკასიელი დეპუტატები: კადეტები ვ. ხარლამოვი (თავმჯდომარე), პ. პერევერზევი და მ. პაპაჯანოვი, მუსავატელი მ. ჯაფაროვი და სოციალისტ-ფედერალისტი კ. აბაშიძე. მოგვიანებით ქართველი დემოკრატიული ძალების მტკიცე მოთხოვნით, დროებითმა მთავრობამ კომიტეტის შემადგენლობაში კ. აბაშიძის მაგივრად შეიყვანა ქართველი სოციალურ-დემოკრატების ერთ ერთი ლიდერი ა. ჩხენკელი, რამაც მენშევიკების პოზიცია ამიერკავკასიაში გაამყარა.

30 მარტს (12 აპრილი) ოზაკომმა საბოლოო ორგანიზაციული სახე მიიღო, და ჩამოყალიბდა როგორც ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (ოზაკომი). ოზაკომი ნიშნავდა სამაზრო და საგუბერნიო კომისრებს, რომლებიც მას ემორჩილებოდნენ. თანამშრომლობდა მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოების ამიერკავკასიის ორგანოებთან, სადაც უმრავლესობას მენშევიკები და ესერები შეადგენდნენ. ორხელისუფლებიანობის პირობებში, ესერულ-მენშევიკურ საბჭოებთან მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, ოზაკომს თავი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ მიაჩნდა და „ვეტოს“ უფლებისათვის იბრძოდა.

ესერები და ქართველი მენშევიკები მონაწილეობდნენ თითქმის ყველა მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოებზე, რომლებიც მალევე გაჩდნენ ბაქოში, ქუთაისში და ამიერკავკასიის მსხვილ ქალაქებში. მათ დაიკავეს მმართველი თანამდებობები მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების სამხარეო საბჭოებში, კავკასიის არმიის სამხარეო საბჭოში და აღმასრულებელ კომიტეტებში, ამასთანავე ესერებს საკმაო გავლენით სარგებლობდნენ არმიაში. მენშევიკებს ჰქონდათ მყარი პოზიციები ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში. ბოლშევიკებისაგან განსხვავებით გამოდიოდნენ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მხარეზე.

ამიერკავკასიის ეკონომიკურ ცენტრ — ბაქოში წარმოიქმნა საკუთარი სახელისუფლებო ორგანოები — ბაქოს დროებითი აღმასრულებელი კომიტეტი და მშრომელ დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარედ არჩეული იყო ბოლშევიკი ს. შაუმიანი. აქ მენშევიკთა პოზიციები საკმაოდ სუსტი იყო, თუმცა მალევე მოძლიერდა „მუსავატელთა“ და „დაშნაკცუთიუნის“ პარტიები, რომლებიც უწევდნენ დიდ კონკურენციას ბოლშევიკებს.

26 აპრილს (9 მაისი) დროებითი მთავრობის დადგენილებით შეიქმნა თურქეთის სომხეთის გენერალური კომისრის პოსტი, რომელსაც უნდა გადაცემოდა სამოქალაქო მმართველობა რუსეთის არმიის მიერ დაკავებული დასავლეთ სომხეთის ტერიტორიაზე.

აპრილის ბოლოს შეიქმნა ამიერკავკასიის მმართველობის პროექტი. პროექტის მიხედვით ამიერკავკასია უნდა დაქვემდებარებოდა 74 წევრისაგან შემდგარ „ამიერკავკასიის საბჭოს“. საბჭო უნდა განაწილებულიყო სამ სექციად: პირველ სექციას (ჩხენკელის ან აბაშიძის ხელმძღვანელობით) შეადგენდნენ წარმომადგენლები თბილისის (14) და ქუთაისის (10) გუბერნიებისა, ბათუმის მხარის (1), სოხუმის (2) და ზაქათალის ოლქებისა (1), სულ 28 კაცი; მეორე სექციას (პაპაჯანოვის ხელმძღვანელობით) შეადგენდნენ ერევნის გუბერნიის (11) და ყარსის ოლქის (4) წარმომადგენლები, სულ 15 კაცი; მესამე სექციას (ჯაფაროვის ხელმძღვანელობით) შეადგენდნენ ელიზავეტპოლის (12), ბაქოს (12) და დაღესტნის (7) წარმომადგენლები, სულ 31 კაცი[15].

გ. ვ. გუტოპი

დროებითმა მთავრობამ ამიერკავკასიაში თავის მეექვსე კომისრად კადეტი გ. ვ. გუტოპი დანიშნა[16].

28 მაისს ამიერკავკასიის გლეხთა და მუშათა ყრილობის ეროვნულ სექციაში სიტყვით გამოვიდა კომისარი ა. ჩხენკელი, სადაც მან ისაუბრა ავტონომიის თემაზე. მისი სიტყვებით ამიერკავკასიაში უნდა ჩამოყალიბებულიყო უფლებამოსილი არჩეული ორგანო (სახელწოდება არ იყო შეჯერებული, ან პარლამენტი, ან სეიმი, ან საბჭო), რომელსაც არ ექნებოდა სახელმწიფო სტატუსი როგორც ეს უნდოდათ ფედერალისტებს, არამედ იქნებოდა ტერიტორიული თვითმართელობა. მისივე სიტყვებით ეროვნულ-ტერიტორიული თვითმართველობისა უნდა დაარსებულიყო კულტურულ-ეროვნული ავტონომიებიც, რათა ეროვნულ უმცირესობებს ეზრუნათ საკუთარ განვითარებაზე[17].

1917 წლის ივლისის თვეში ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის თავმჯდომარე ვ. ხარლამოვი იმყოფებოდა პეტროგრადში სახელმწიფო სათათბიროს კერძო სხდომაზე, სადაც ის ვრცელი მოხსენებით წარსდგა. სხდომაზე მან კატეგორიულად უარყო მოსაზრება ამიერკავკასიის რუსეთიდან გამოყოფის თაობაზე[18].

1917 წლის ზაფხულიდან თავი იჩინა სამხარეო ძალის დამოკიდებულებამ ადგილობრივი პოლიტიკური ძალების მიმართ, რომლებიც კონცენტრირებული იყო საბჭოებში, რამაც დაასუსტა იგი. აღნიშნული თავს იჩენდა ნაციონალური, მუშათა და აგრარული საკითხების გადაწყვეტის დროს.

ამიერკავკასიის მხარეში გუბერნიებისა და მაზრების საზღვრების შეცვლის პროექტი, რომელიც წარედგინა დროებითი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრს 1917 წლის 14-15 ოქტომბერს ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან (ოზაკომი) გამართული თათბირის მიერ (თათბირი ეხებოდა საერობო რეფორმის გატარებასა და ამიერკავკასიის გუბერნიებისა და მაზრების ადმინისტრაციული საზღვრების გადანაწილებას), ასევე ამიერკავკასიის კომისარიატის 1917 წლის 16 დეკემბრის დეკრეტით „ამიერკავკასიაში ერობის შემოღების შესახებ“.

2 (15) სექტემბერს ოზაკომის წევრებმა ვ. ხარლამოვმა, მ. პაპაჯანოვმა, გუტოპმა და მ. ჯაფაროვმა პეტროგრადში მინისტრ-პრეზიდენტს კერენსკის გაუგზავნეს შემდეგი შნიაარსის დეპეშა: „რადგან კავკასიაში შედგა დროებითი რევოლუციური კომიტეტი, რომლის ხელშიც გადავიდა სრული უფლება და რაგდანაც დროებითი მთავრობას სურს, რომ სამინისტროს წევრებად მხოლოდ სოციალისტები იყვნენ, გთხოვთ განგვათავისუფლოთ აღნიშნული თანამდებობიდანო“[19].

28 ოქტომბერს (10 ნოემბერი), რევოლუციის შემდეგ, ოზაკომმა გამოაცხადა, რომ პეტროგრადში ბოლშევიკების, მუშათა და გარნიზონის შეთანხმებული მოქმედებით წარმოიქმნა ძალაუფლების კრიზისი, და მოუწოდა ტფილისის გუბერნიის კომისარს მიეღო გადამწყვეტი ზომები მშვიდობისა და წესრიგის დასაცავად.

29 ოქტომბერს (11 ნოემბერი) ოზაკომმა ჩამოაყალიბა „საზოგადოებრივი უსაფრთხოების დროებითი კომიტეტი“, რომელშიც შევიდნენ სხვადასხვა ანტიბოლშევიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის მენშევიკები, ესერები, დაშნაკები, ქართველი სოციალ-ფედერალისტები და მუსულმანური ორგანიზაციები.

11 (24) ნოემბერს ტფილისში შედგა სხდომა ამიერკავკასიაში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზაციასთან დაკავშირებით, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შექმნილიყო ამიერკავკასიის დამოუკიდებელი მთავრობა — „ამიერკავკასიის კომისარიატი“. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, სამხარეო და ტფილისის საბჭოების, ოზაკომის, კავკასიის ფრონტის მეთაურის, მოკავშირეების (კავკასიის არმიის შტაბთან მდებარე ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო აგენტებმა) და აშშ-ის კონსულმა. პოლიტიკურ პარტიათა შორის გამოირჩეოდა ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტია, „მუსავატელები“, „დაშნაკცუთიუნიები“, ასევე მემარჯვენე ესერები. ბოლშევიკებმა ბოიკოტი გამოუცხადეს სხდომის მსვლელობას, რომელზეც მხოლოდ კავკასიის სამხარეო კომიტეტის პარტიის დეკლარაცია გამოაცხადეს, რომელზეც მხარდაჭერილი იყო პეტროგრადში წარმოებული რევოლუცია და აღიარებული იყო საბჭოთა მთავრობა.

სხდომის შედეგად გადაწყვეტილ იქნა ცნობილიყო საბჭოთა რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს ხელისუფლება.

ამიერკავკასიაში ხელისუფლების კანონიერმა ორგანომ (ოზაკომმა) და ხელისუფლების რევოლუციურმა ორგანოებმა (დეპუტატთა საბჭოებმა) შეძლეს საერთო ენის გამონახვა და ფუნქციათა გადანაწილება. თუმცა რეალურ ძალას ამიერკავკასიასა და საქართველოში სხვადასხვა დონის დეპუტატთა საბჭოები წარმოადგენდა და არა ოზაკომი.

15 (28) ნოემბერს ოზაკომმა მხარის მართვის უფლებამოსილება მოიხსნა და რწმუნებანი ამიერკავკასიის კომისარიატს გადასცა.

  • სურგულაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 383.;
  • ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიის ნარკვევები, ნაწ. 1, თბ., 1971;
  • სურგულაძე ა., ნარკვევები რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდან საქართველოში (1917-1921), თბ., 1954;
  • Хачапуридзе Г. В., Борьба грузинского народа за установление Советской власти, 3 изд., М., 1956.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ვიკიციტატა
    „Об образовании Особого Комитета для установления и устроения Закавказского края и гражданского управления в областях, занятых по праву войны на Кавказском фронте.

    Постановление 9 Марта 1917 г. (Вестник временного правительства №5/51)

    Временное Правительство постановило:

    I. Образовать Особый Комитет из членов Государственной Думы: В. А. Харламова, М. И. Пападжанова, М. Ю. Джафарова, а также г.г. князья Кита-Абашидзе и П. Н. Переверзева, уполномочить названный комитет действовать от имени и с правами Временного Правительства в целях установления прочнего порядка и устроения Закавказского края на основах, всенародно объявленных Временным Правительством 6-го Марта 1917 года, а ровно для принятия мер к устройству гражданскаго управления в областях, занятых по праву войны, на Кавказском фронте.

    II. Полномочия председателя помянутого Особого Закавказского Комитета возложить на члена Государственной Думы В. А. Харламова.

    III. Поручить помянутому Комитету, для исполнения возлагаемых на него задач, безотлагательно выехать в Закавказье.

    Подписал: Министр-Председатель /Князь Львов/“
  1. გაზეთი „ერთობა“, 1917 წლის 17 ნოემბერი
  2. გაზ. „საქართველო“ №49, 3 მარტი, 1917
  3. გაზ. „საქართველო“ №51, 5 მარტი, 1917
  4. გაზ. „საქართველო“ №52, 7 მარტი, 1917
  5. газ. «Вестник Временного правительства», №4(50), 9(22) марта, 1917
  6. გაზ. „საქართველო“ №57, 12 მარტი, 1917
  7. газ. Кавказ, №57, 11 марта, 1917
  8. газ. «Вестник Временного правительства», №7(53), 12(25) марта, 1917
  9. გაზ. „საქართველო“ №56, 11 მარტი, 1917
  10. გაზ. „საქართველო“ №58, 14 მარტი, 1917
  11. გაზ. „საქართველო“ №62, 18 მარტი, 1917
  12. გაზ. „ერთობა“ 1917 19 მარტი
  13. გაზ. „საქართველო“ №63, 19 მარტი, 1917
  14. გაზ. „საქართველო“ №64, 21 მარტი, 1917
  15. გაზ. „საქართველო“ №92, 29 აპრილი, 1917
  16. გაზ. „საქართველო“ №109, 24 (6) მაისი, 1917
  17. გაზ. „საქართველო“ №114, 30 (12) მაისი, 1917
  18. გაზ. „საქართველო“ №167, 1 აგვისტო, 1917
  19. გაზ. „საქართველო“ №195, 5 სექტემბერი, 1917