გამრავლება
გამრავლება — ცოცხალ ორგანიზმთა ერთ-ერთი ძირითადი თვისება, წარმოქმნან თავისივე მსგავსი ახალი არსებები. მისი მეშვეობით ხდება სახეობის შენარჩუნება და რიცხობრივი ზრდა. არსებობს გამრავლების ორი ფორმა — უსქესო და სქესობრივი. უსქესო გამრავლების დროს ახალი ორგანიზმი ვითარდება ან ერთი ორგანიზმის რომელიმე ნაწილიდან (გაყოფა, დაკვირტვა), ან მასში წარმოქმნილი სპეციფიკური უჯრედებიდან — სპორებიდან.
გაყოფით მრავლდებიან ერთუჯრედიანი ორგანიზმები, — ამებები, შოლტოსნები, ინფუზორიები, ბაქტერიები, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები და ზოგი მწვანე წყალმცენარე; დაკვირტვით — საფუარი სოკოები, ზოგიერთი ინფუზორია, ნაწლავღრუიანი და სხვა (ამ დროს დედისეულ ორგანიზმზე წარმოიქმნება ამობურცულობა, რომელიც თანდათან დიდდება და ახალ არსებათ ვითარდება), ხშირად ახალი ორგანიზმი წარმოიშობა დედისეული ორგანიზმის რომელიმე ორგანოს ნაწილიდან (ვეგეტატიური გამრავლება). ასე მრავლდებიან შედარებით მარტივი მრავალუჯრედიანი ცხოველები — ღრუბლები, ზოგიერთი ნაწლავღრუიანი, ბრტყელი და რგოლოვანი ჭიები. ვეგეტატიური გამრავლება განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებულია მცენარეულ სამყაროში, მათ შორის უმაღლეს მცენარეებში. ზოგ მცენარს აქვს გამრავლების სპეციალური ორგანოები — გორგლები, ბოლქვები, „ულვაშები“ და სხვა.
სოფლის მეურნეობის პრაქტიკაში ვეგეტატიურად ამრავლებენ კარტოფილს, ვაზს, ვარდს, ხეხილს, დეკორატიულ და ბევრ სხვა მცენარეს. უსქესო გამრავლება ისტორიულად უფრო ძველია; თანამედროვე ორგანიზმების უმრავლესობა სქესობრივად მრავლდება (ახალი არსება წარმოიქმნება მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედების შერწყმის შედეგად). სასქესო უჯრედები სპეციალურ ჯირკვლებში ვითარდება. ცხოველთა უმრავლესობა ერთსქესიანია, თუმცა ზოგ ცხოველს, მაგალითად, ბრტყელ ჭიებს, ჭიაყელებს, მოლუსკებს ორივე სქესის ჯირკვლები აქვს. ორსქესიანია ყვავილოვან მცენარეთა უმრავლესობა — მათი ბუტკო (მდედრობითი სასქესო ორგანო) და მტვრიანები (მამრობითი სასქესო ორგანო) ერთ ყვავილშია თავმოყრილი. მაგრამ ზოგი სახეობის მცენარეს ერთსქესიანი (ბუტკოიანი ან მტვრიანიანი) ყვავილები აქვს.
ხერხემლიანი ცხოველები (ძუძუმწოვრების გარდა) უმთავრესად კვერცხის დებით მრავლდებიან. ძუძუმწოვრები, გარდა მცირე გამონაკლისისა, ცოცხლადმშობი არიან, რაც სხვა ჯგუფის ცხოველებში იშვიათ გამონაკლისს შეადგენს. ადამიანის გამრავლების კანონზომიერებებს არა მარტო ბიოლოგიური თავისებურებები განაპირობებს, არამედ სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები და ადამიანის ფსიქიკაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დ. ჯოხაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 665-666.