შინაარსზე გადასვლა

კლისთენე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლისთენე
ძვ. ბერძნ. Κλεισθένης
დაბადების თარიღი ძვ. წ. 565[1] ან ძვ. წ. 570[2] [3]
დაბადების ადგილი ძველი ათენი
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ.1 ათასწლეული
გარდაცვალების ადგილი ძველი ათენი
მოქალაქეობა ძველი ათენი
საქმიანობა პოლიტიკოსი, რეფორმატორი
მამა მეგაკლე[4] [5]
დედა აგარისტე სიკიონელი[5]

კლისთენე[6] (ბერძ. Κλεισθένης; დ. VI საუკუნის მე-2 ნახევარი — გ. ძვ. წ. V საუკუნის დასაწყისი) — ძველი ათენელი პოლიტიკოსი და რეფორმატორი. წარმოშობით ალკმეონიდების წარჩინებული და გავლენიანი საგვარეულოდან, რომელთან ერთადაც ტირან პისისტრატესა და მისი ვაჟების (პისისტრატიდების) მმართველობის დროს მოუწია გარკვეული დროის ათენს გარეთ გატარება. თუმცა, მისი განდევნა არ იყო პერმანენტული სახის და ზოგიერთ პერიოდში თანამშრომლობდა კიდევაც პისისტრატიდებთან; ცნობილია, რომ 525/524 წელს იგი ათენში არქონტის თანამდებობას იკავებდა. 510 წელს ტირან ჰიპიას განდევნის შემდეგ, ხელისუფლების გამო ისაგორას კონსერვატიულ პოლიტიკასთან გააფთრებული ბრძოლის დროს, დემოსის მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, გადმოიბირა ეს უკანასკნელი თავის მხარეზე და 509–508 წლებში ათენის სახელმწიფო წყობილება დემოკრატიულ ყაიდაზე გადაიყვანა. კლისთენეს მთავარი რეფორმა იყო ატიკის (თავად ათენის ჩათვლით) ახალი ადმინისტრაციული დაყოფის შემოღება: ტერიტორია დაიყო 10 ოლქად (ფილედ), რომლებმაც ჩაანაცვლეს ძველი საგვარეულო ფილეები და ფრატრიები, რითაც შესუსტდა ძველი არისტოკრატიის გავლენა.[7] პირველადი ადმინისტრაციული ერთეული იყო სასოფლო თემი — დემი.[6] შესაბამისად შეიცვალა საგვარეულო ფილეების მიხედვით არჩეული ოთხასთა საბჭო ხუთასთა საბჭოთი — ბულეთი (ყოველი ახალი ფილედან 50 კაცი). რეფორმა განხორციელდა ლაშქარშიც, მისი დაკომპლექტება დაიწყო ახალი ფილეების მიერ გამოყვანილი რაზმებისგან; დამტკიცდა ახალი სამხედრო კოლეგია 10 სტრატეგოსის შემადგენლობით, რაც მალე უმაღლესი სამთავრობო ორგანო გახდა. მოქალაქეებს შორის დემოკრატიული თანასწორობის განმტკიცებისათვის დაწესდა ახალი განსაკუთრებული პროცედურა — ოსტრაკიზმი („თიხის ნამტვრევების სასამართლო“), რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო სახალხო საბჭოზე მიეღოთ სახელმწიფოდან, 10 ან 5 წლით, იმ პოლიტიკოსის გაძევების გადაწყვეტილება, რომლის მზარდ გავლენას შეეძლო საფრთხე შეექმნა დემოკრატიული წყობილებისათვის. ამ გარდაქმნების მნიშვნელობა ძალზედ დიდი იყო: თუკი სოლონმა ათენში საფუძველი ჩაუყარა სამოქალაქო საზოგადოებას, კლისთენეს წყალობით მან მკაფიო დემოკრატიული ხაზი შეიძინა.[7]

  1. autori vari Enciclopedia TreccaniIstituto dell'Enciclopedia Italiana, 1929.
  2. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  3. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  4. https://www.enciclopedia.cat/EC-GEC-0018261.xml
  5. 5.0 5.1 Любкер Ф. Clisthenes // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 304–305.
  6. 6.0 6.1 კლისთენე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 561.
  7. 7.0 7.1 Фролов Э. Д. Клисфен // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 304.