შინაარსზე გადასვლა

ლუი IX

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი IX წმინდა

ლუი IX წმინდა (ფრანგ. Louis IX; დ. 25 აპრილი,1214 — გ. 25 აგვისტო, 1270) — საფრანგეთის მეფე 1226–1270 წლებში. კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი. ლუი VIII-სა (1187–1226) და ბლანკა კასტილიელის შვილი.

დედამისის ბლანკა კასტილიელის რეგენტობის (1226–1236) დროს ჩააქრეს დიდკაცობის ჯანყი, წარმატებით დასრულდა ალბიგოელების წინააღმდეგ ლაშქრობა. 1248 წლის აგვისტოში ლუი IX-მ წამოიწყო მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა. 1250 წელს მეფე დამარცხდა ელ-მანსურის ბრძოლაში და ტყვედ ჩაუვარდა ეგვიპტის სულთანს. 1250 წლის აპრილში დიდი გამოსასყიდით დაიხსნა თავი ტყვეობიდან. გაამაგრა ჯვაროსანთა ხელში მყოფი ქალაქები სირიაში და გამოისყიდა დიდძალი ქრისტიანი ტყვე. 1259 წლის პარიზის ზავით ინგლისს გიენი დაუტოვა. ინგლისის მეფემ საფრანგეთის ვასალად სცნო თავი და უარი განაცხადა პლანტაგენეტთა დანარჩენ ფრანგულ სამფლობელოებზე.

გაატარა მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეფორმები. შეკვეცა სენიორთა სასამართლო უფლებები, პარიზში შექმნა უზენაესი სასამართლო პალატა (მოგვიანებით ეწოდა პარლამენტი) და უმაღლესი ფინანსური ორგანო - საანგარიშო პალატა. 1258 წელს აკრძალა სასამართლო დუელი, სამეფო დომენში - ფეოდალური „კერძო ომები“; დანარჩენ მიწა-წყალზე შემოიღო „მეფის ორმოცი დღე“, რომლის განმავლობაში მოდავეებს შეეძლოთ სამეფო სასამართლოში საქმის გასაჩივრება. სისხლის სამართლის საქმეები, ე. წ. „მეფის შემთხვევები“, დაექვემდებარა მხოლოდ სამეფო სასამართლოს. 1263 და 1265 წლების ორდონანსებით სავალდებულო გახდა სამეფო მონეტის მიღება მთელს სამეფოში. 1270 წლის 1 აგვისტოს ლუი IX-მ წამოიწყო მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა (ტუნისზე), რომლის დროსაც დაიღუპა შავი ჭირით. 1297 წელს პაპმა ბონიფაციუს VIII-მ ლუი IX წმინდანად გამოაცხადა.