მანასკერტის ბრძოლა
მანასკერტის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ფრანგული მინიატურა, მანასკერტის ბრძოლა | |||
თარიღი | 19 აგვისტო, 1071 | ||
მდებარეობა | მალაზგირთი, თანამედროვე თურქეთი | ||
შედეგი | თურქ-სელჩუკების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
მანასკერტის ბრძოლა ვიკისაწყობში |
მანასკერტის ბრძოლა, ან მანციკერტის ბრძოლა – ბრძოლა თურქ-სელჩუკებსა და ბიზანტიელებს შორის. გაიმართა 1071 წლის 19 აგვისტოს მანასკერტთან, თანამედროვე თურქეთის ქალაქ მალაზგირთთან. თურქებმა ალფ-არსლანის ხელმძღვანელობით დაამარცხეს ბიზანტიელები და ტყვედ ჩაიგდეს იმპერატორი რომანოზ IV. თურქების გამარჯვებამ დააჩქარა სელჩუკთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება მცირე აზიაში. ტყვედ ჩავარდნილმა იმპერატორმა რომანოზ IV-მ საკუთარი სიცოცხლე ბიზანტიის მიწების საფასურად იყიდა.
წინაისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი შეტაკებები სელჩუკებსა და ბიზანტიელებს შორის მოხდა 1040-იან წლებში. 1064 წელს სელჩუკებმა აიღეს ანისი, თუმცა ფართომასშტაბიანი კონფლიქტი არ დაწყებულა, რადგან ალფ-არსლანს ყურადღება გადატანილი ჰქონდა სირიასა და ეგვიპტეზე, რომელსაც ფატიმიანთა სახალიფო აკონტროლებდა. 1068 წლის გაზაფხულზე რომანოზ IV დიოგენემ სელჩუკების წინააღმდეგ გააგზავნა ჯარი, რომელმაც დაიკავა ქალაქი მემბიჯი და დაამარცხა სელჩუკები კაპადოკიის ქალაქ ლარისასთან ახლოს. ამ დროს რობერტ გუისკარის ჯარმა ალყა შემოარტყა ქალაქ ბარს, ბიზანტიელების უკანასკნელ საყრდენ პუნქტს იტალიაში. ამ ამბებმა აიძულეს იმპერატორი რომანოზი ყურადღება იტალიაზე გადაეტანა. მან რამდენჯერმე გაგზავნა ბიზანტიური ფლოტი, თუმცა ნორმანებმა ჩაძირეს ბერძნული გემები. სამწლიანი ალყის შემდეგ 1071 წლის 16 აპრილს ბარის მოსახლეობამ ქალაქის კარი გაუღო ნორმანებს და რობერტ გუისკარის ჯარი ბარში შევიდა, რითაც დასრულდა ბიზანტიის ხანგრძლივი მმართველობა სამხრეთ იტალიაში. ამ ვითარებით ისარგებლეს სელჩუკებმა, დაამარცხეს ბიზანტიის ჯარი და აიღეს სასაზღვრო ციხე-სიმაგრე მანასკერტი. წარმატებების მიუხედავად, ალფ-არსლანმა ზავი დადო ბიზანტიელებთან.
მზადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანოზ IV-მ შეკრიბა ჯარი და მანასკერტისკენ გაემართა. მას თან ახლდა ანდრონიკე დუკა, ბიზანტიის სახელმწიფო მოღვაწე და ტახტისთვის უშუალო კონკურენტი. ბიზანტიის ჯარი ძირითადად დაქირავებული მეომრებისგან შედგებოდა და 40 000-70 000 ჯარისკაცს ითვლიდა. მუსლიმი ავტორები ასახელებენ ბევრად უფრო მაღალ რიცხვებს — 300 ათასიდან 700 ათასამდე მეომარი.
ბიზანტიელები დიდი ხანი მოუნდნენ მცირე აზიის გავლას. ისინი გეგმავდნენ თავიდან მანასკერტის და მეზობლად მდებარე ხლათის ციხე-ქალაქის აღებას. ამ დროს ვანის ტბას მიუახლოვდნენ სელჩუკებიც, რომლებსაც მეთაურობდა ალფ-არსლანი. მისი ჯარი 30 000 თურქი მეომრისგან შედგებოდა. მისმა მზვერავებმა ზუსტად დაადგინეს ბიზანტიელების ადგილომდებარეობა, რაც სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებდა სელჩუკებს, რადგან ბიზანტიელებმა არ იცოდნენ მტრის სამყოფელი.
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანოზის ჯარმა აიღო მანასკერტი. მეორე დღეს მისმა მეომრებმა თურქ-სელჩუკების ჯარის სამყოფელი გაიგეს. რომანოზმა გააგზავნა მზვერავი რაზმი, რადგან ფიქრობდა, რომ ეს არ იყო ალფ-არსლანის მთლიანი ჯარი. რაზმი სელჩუკებმა ტყვედ აიყვანეს. 25 აგვისტოს ბიზანტიელებმა იერიში მიიტანეს მუსლიმების პოზიციებზე. მარცხენა ფლანგს ნიკიფორე ვრიენიოსი ხელმძღვანელობდა, მარჯვენა ფლანგს — თეოდორე ალიათი. ცენტრს თვითონ იმპერატორი მეთაურობდა, ხოლო სარეზერვო ძალებს — ანდრონიკე დუკა. სელჩუკების ჯარმა ნახევარმთვარის ფორმა მიიღო, რომელიც ოთხი კილომეტრის მანძილზე გრძელდებოდა. მშვილოდესნებმა შეუტიეს ბიზანტიელებს, რა დროსაც ცენტრში მყოფი მხედრობა ნელი ნაბიჯით უკან იხევდა.
ბიზანტიელებმა გაუძლეს მშვილდებით თავდასხმას. მიუხედავად ამისა, თავდასხმამ მარჯვენა და მარცხენა ფლანგებში არეულობა შეიტანა. ცალკეული მეომრები სელჩუკების მხედრობას ესხმოდა თავს, რამაც ბიზანტიის ჯარის დისციპლინის მოშლა გამოიწვია. ანდრონიკე დუკამ დახმარების მაგივრად იმპერატორის გარდაცვალებაზე გაავრცელა ჭორები, რამაც ჯარის დემორალიზაცია გამოიწვია. პიჭანიკების რაზმი სელჩუკების მხარეს გადავიდა. სომხების კონტინგენტის ნაწილი ბრძოლის ველიდან გაიქცა. სელჩუკებმა გაანადგურეს ბიზანტიის ჯარის მარჯვენა ფლანგი და ალყაში მოაქციეს იმპერატორი, რომელიც ჯარის მოტივაციის გასაზრდელად უშუალოდ ჩაება ბრძოლაში. იგი დაიჭრა და ტყვედ ჩაუვარდა სელჩუკებს. იმპერატორი ტყვეობიდან ერთი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს.
ბრძოლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორად აკურთხეს 20 წლის რომანოზ IV-ის გერი მიხეილ VII დუკა, რადგან რომანოზი გარდაცვლილად ჩათვალეს. გათავისუფლების შემდეგ რომანოზმა ტახტის დაბრუნება სცადა, თუმცა კონსტანტინოპოლიდან გამოგზავნილ ჯართან რამდენიმე წარუმატებელი შეტაკების შემდეგ რომანოზი კილიკიის ქალაქ ადანაში ჩაიკეტა, რომელსაც ალყა შემოარტყა ანდრონიკე დუკამ და აიძულა ტახტზე უარი ეთქვა და ბერად აღკვეცილიყო. სანაცვლოდ რომანოზს პირად უსაფრთხოებას დაპირდნენ. თუმცა რომანოზი მოატყუეს: მას თვალები დათხარეს, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობების გამო.
მანასკერტის ბრძოლამ განსაზღვრა მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხედრო-პოლიტიკური და ეთნო-რელიგიური სიტუაცია შემდეგი საუკუნეების მანძილზე. ბიზანტიელების ჯარის მარცხმა გზა გაუხსნა სელჩუკების მიერ ანატოლიის დაპყრობას და ათვისებას. ოღუზი თურქების მიგრაციამ მკვეთრად შეცვალა რეგიონის დემოგრაფიული მდგომარეობა. გერმანელი ისტორიკოსი ჰაინრიხ გელცერი მანასკერტის ბრძოლას „დიდი ბიზანტიის იმპერიის სიკვდილს“ უწოდებს, რომლის შემდეგაც სელჩუკებს საშუალება მიეცათ „ძველი რომაული დიდების ნანგრევებზე მომთაბარეების კარვები“ დაედგათ. ბევრი ისტორიკოსი მანასკერტის ბრძოლას პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას უკავშირებს და მის უშუალო მიზეზად ასახელებს, რადგან ბიზანტიის იმპერატორმა თხოვნით მიმართა რომის პაპს ანატოლიის დაკარგვის შემდეგ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 421.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მანასკერტის ბრძოლა დაარქივებული 2007-05-13 საიტზე Wayback Machine.
- Debacle at Manzikert, 1071: Prelude to the Crusades დაარქივებული 2012-02-17 საიტზე Wayback Machine.
- http://www.selcuklular.com/ დაარქივებული 2018-01-05 საიტზე Wayback Machine.