მარკოს ვაფიადისი
მარკოს ვაფიადისი (ბერძ. Μάρκος Βαφειάδης; ერზურუმი,[1] დ. 28 იანვარი, 1906, ათენი, – გ. 22 თებერვალი, 1992)[2] — საბერძნეთის კომუნისტური პარტიის (KKE) წამყვანი ფიგურა საბერძნეთის წინააღმდეგობის მოძრაობისა და საბერძნეთის სამოქალაქო ომის დროს.[3]
ომამდელი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარკოს ვაფიადისი დაიბადა ტოსიაში, ოსმალეთის იმპერიაში, 1906 წელს, თუმცა ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ იგი შენკაიაში, ერზრუმში, დღევანდელ თურქეთში დაიბადა.[1] 17 წლის ასაკში, 1923 წლის საბერძნეთსა და თურქეთს შორის მოსახლეობის გაცვლის შემდეგ, ვაფიადისი, როგორც ლტოლვილი, სალონიკსა და კავალაში გადავიდა. 1928 წლიდან მუშაობდა სალონიკში საბერძნეთის ახალგაზრდა კომუნისტური ლიგის (OKNE) წევრად. 1932 წელს პოლიტიკური საქმიანობისათვის დააპატიმრეს და შიდა გადასახლებაში გაგზავნეს. 1933 წლის ოქტომბერში გათავისუფლების შემდეგ იგი საბერძნეთის მრავალ რაიონში პარტიის ინსტრუქტორად მუშაობდა.
იოანეს მეტაქსასის დიქტატურის დასაწყისში („ 4 აგვისტოს რეჟიმი“) იგი კვლავ გადაასახლეს კუნძულ აი-სტრატისზე, მაგრამ ერთ თვეზე ნაკლებ დროში მოახერხა გაქცევა. შემდგომ მუშაობდა კრეტაზე, პარტიის იატაკქვეშა ორგანიზაციაში და იყო ქანიის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ (1938 წლის 28 ივლისი). აჯანყების ჩახშობის შემდეგ წავიდა ათენში, სადაც დააპატიმრეს. ჯერ განათავსეს აკრონაფლიაში, შემდეგი კი გადაასახლეს კუნძულ გავდოსზე.
წინააღმდეგობა და სამოქალაქო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1941 წლის მაისში, ნაცისტური გერმანიის მიერ საბერძნეთის ოკუპაციის დასაწყისში, იგი, სხვა ბერძენ სამხედრო ტყვეებთან ერთად, გაიქცა კუნძულ გავდოსიდან. შემდეგ, იატაკქვეშეთიდან მუშაობდა გერმანული ოკუპაციის წინააღმდეგ, თავდაპირველად კრეტაზე, მოგვიანებით, ათენში, სალონიკში და საბოლოოდ მთელ მაკედონიაში . 1942 წელს იგი აირჩიეს საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტის წევრად და დაინიშნა საბერძნეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის (ELAS) მაკედონიის ფრთის ზედამხედველად. 1944 წლის მაისში იგი აირჩიეს თესალონიკის წარმომადგენლად ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც გაიმართა ევრიტანიის სოფელ კორიშადესში. მაგრამ, ვაფიადისი ყრილობას ვერ დაესწრო. 1944 წლის 30 ოქტომბერს, გერმანული არმიის საბერძნეთიდან გასვლის და უსაფრთხოების ბატალიონების წინააღმდეგ გამართული ბრძოლების შემდეგ, ის, როგორც განმათავისუფლებელი, ელას-ის ჯარისკაცებთან ერთად შევიდა სალონიკში.[4]
1944 წლის ნოემბერში, მისმა ძალებმა გაათავისუფლეს ცენტრალური მაკედონია. ვაფიადისი ათასობით ბერძენი ებრაელს დაეხმარა ნაცისტური რეჟიმისგან მომავალი გარდაუვალი საფრთხისგან. 1946 წლის თებერვალში ვაფიადისს უთანხმოება მოუვიდა ნიკოს ზაქარიადისთან. კერძოდ, არ ეთანხმებოდა KKE-ს გენერალურ მდივან ნიკოს ზაქარიადისს, რომელსაც სურდა მუდმივი კომუნისტური არმიის შექმნა. ვაფიადისი თვლიდა, რომ საბერძნეთის მთავრობის ძალები ძალიან ძლიერი იყო და KKE-სთვის საუკეთესო ვარიანტად პარტიზანულ ბრძოლებს მიიჩნევდა.
მიუხედავად ამისა, 1946 წლის ივლისში ზაქარიადისმა მარკოს ვაფიადისი კომუნისტური პარტიზანული ფორმირებების ლიდერად დანიშნა. 1946 წლის ოქტომბერში, როდესაც ჩამოყალიბდა საბერძნეთის დემოკრატიული არმიის (DSE) გენერალური სარდლობა, ვაფიადისმა იკისრა მისი ხელმძღვანელობა, ხოლო 1947 წლის დეკემბერში იგი დაინიშნა პრემიერ-მინისტრად და დროებითი დემოკრატიული მთავრობის ომის მინისტრად.
სამოქალაქო ომის ბოლო ეტაპებზე, ვაფიადისის უთანხმოებამ ზაქარიადისთან სამხედრო დოქტრინის საკითხებზე, გამოიწვია მისი გადაყენება ხელმძღვანელობიდან (1948 წლის აგვისტო) და მოგვიანებით ყველა თანამდებობიდან (1949 წლის იანვარი). 1950 წლის ოქტომბერში, საბჭოთა კავშირში ემიგრაციაში ყოფნისას, იგი გააძევეს კომუნისტური პარტიიდან.
სამოქალაქო ომის შემდგომ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოსებ სტალინის ეპოქის დასრულების შემდეგ, მარკოს ვაფიადისი დააბრუნეს KKE-ში და აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრად. თუმცა, პარტიის ხელმძღვანელობასთან ახალი უთანხმოების შედეგად, ის თანამდებობიდან გადააყენეს 1958 წლის იანვარში და KKE-დან გააძევეს 1964 წლის ივნისში. 1968 წელს პარტიის განხეთქილების შემდეგ, KKE-ს ე.წ. "შიდა" (εσωτερικού) ფრაქციამ მას მისცა დაბრუნების შესაძლებლობა. 1983 წლის მარტში, დაასრულა საბჭოთა კავშირში 33-წლიანი ემიგრაცია[5]. იგი დაბრუნდა საბერძნეთში, კუნძულ ქიოსში, სადაც მოგვიანებით გამოაქვეყნა თავისი მემუარები . იგი გახდა ანდრეას პაპანდრეუს პოლიტიკური მხარდამჭერი და 1989 წლის ნოემბერსა და 1990 წლის აპრილში, იგი საბერძნეთის პარლამენტში საპატიო წევრად აირჩიეს, პანელინისტური სოციალისტური მოძრაობის (PASOK) ეროვნული სიით. 1984 წელს მიენიჭა საბერძნეთის არმიის გენერლის წოდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dominique Eude, Les Kapetanios (ფრანგულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე), Artheme Fayard, 1970 წ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Şentek, Arif (29 January 2022). „Markos ve Tosya’daki evi“. Bianet. ციტირების თარიღი: 11 January 2023.
- ↑ Vafeiadis, Markos (1984). ΒΑΦΕΙΑΔΗΣ: ΑΠΟΜΝΗΜΟΝΕΥΜΑΤΑ (ΠΡΩΤΟΣ ΤΟΜΟΣ. Athens: ΔΙΦΡΟΣ, გვ. 9.
- ↑ „Markos Vafiades | Greek political leader“. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 2016-12-26.
- ↑ Το Ρεπορτάζ Χωρίς Σύνορα. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-31. ციტირების თარიღი: 2009-04-27
- ↑ Binder, David (19 October 1986). „Odysseus of the Greek Left Feels Back 'In My Element'“. The New York Times.