შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ბატონიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ბატონიშვილი (დ. 1783, თბილისი, — გ. 21 ნოემბერი, 1862, სანქტ-პეტერბურგი) — ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII-ისა და მარიამ დედოფლის ვაჟი, სამეფო კარის უკანასკნელი წარმომადგენელი.

გიორგი XII-ის ხანმოკლე მეფობის დროს ახალგაზრდა მიხეილს თავისი თანატოლებისგან ჩამოყალიბებია ქვეითთა მუდმივი სამხედრო რაზმი, რომელიც იმდროინდელი რუსული არმიის სტანდარტებით იწვრთნებოდა. საქართველოში მყოფი რუსეთის ჯარის მეთაური გენერალი ივანე ლაზარევი მიხეილს მეფე გიორგის მეორე ქორწინებიდან შეძენილი შვილებიდან ყველაზე პერსპექტიულად თვლიდა. ბევრი სხვა ბატონიშვილისგან განსხვავებით, მიხეილი არ შეეწინააღმდეგა 1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ სამეფო სახლის წევრების საქართველოდან გადასახლების ბრძანებას. ამისთვის წმ. ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, ყოველწლიური პენსია დაენიშნა და საქართველოს მონახულების უფლება მიეცა. ცხოვრება უმეტესად რუსეთში გაატარა. 1827 წელს მოსკოვში მიხეილი მოინახულა ქართველ შეთქმულთა ერთ-ერთმა ლიდერმა ფილადელფოს კიკნაძემ. იგი რამდენჯერმე იხსენიება 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო მასალებში, თუმცა მასში პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღია. 1859-1860 წლებში რუსეთის მთავრობის ე. წ. განსაკუთრებული კომისიის წევრი იყო. მფარველობას უწევდა და ეხმარებოდა რუსეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს, მ. შ., ი. ხელაშვილსა და გ. ქიქოძეს. თანამედროვეთა დახასიათებით მიხეილი გონიერი, განათლებული, თავმდაბალი და ქველმოქმედი ყოფილა. ცოლ-შვილი არ ჰყოლია. გარდაიცვალა პეტერბურგში. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრის ოქროპირის მონასტერში.