შინაარსზე გადასვლა

მლაშობურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მლაშობურა
Salsola oppositifolia
Salsola oppositifolia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Caryophyllales
ოჯახი:  ჯიჯლაყასებრნი
გვარი:  მლაშობურა
ლათინური სახელი
Salsola

მლაშობურა (ლათ. Salsola) — მცენარეთა გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი ბალახები, ჯუჯა ბუჩქბალახები და ბუჩქებია, იშვიათად დაბალი ხეები.

150-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში (ამერიკასა და ავსტრალიაში შეტანილია). კავკასიაში გვხვდება 26 (მათ შორის 5 ენდემური), საქართველოში — 6. იზრდება ძირითადად დაბლობებში, მთის ქვემო ნაწილობრივ შუა სარტყელში, ჩვეულებრივ თიხიან, ქვიშიან, დამლაშებულ და აგრეთვე ქვიან ნიადაგებზე, კონტინენტურ მშრალი და ცხელი ჰავის პირობებში, თითო-ოროლა სახეობა - ზღვის სანაპიროს ქვიშაზე.

მლაშობურას სახეობები უმეტესად სუკულენტური ჰალოფიტები ან ქსეროფიტებია. ორიოდე უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოს მცენარეულ საფარში ავშანთან ერთად ქმნის დაჯგუფებებს. მაგ., აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლის ვაკეებზე, ივრის ზეგანზე და სხვა ადგილებზე) ბევრგან დომინანტია ყარღანი, რომელიც ქმნის ყარღანიანსა და ავშნიან-ყარღანიანს.

მლაშობურას ზოგიერთი სახეობა ზამთრის საძოვრების კარგი საკვები მცენარეა. ზოგი გამოიყენება ალკალოიდების, პოტაშის, სოდის, საღებავი და სხვა ნივთიერეების მისაღებად. მერქნიანი სახეობები გამოსადეგია უდაბნოში მოძრავი ქვიშის გასამაგრებლად., ასევე მშრალი და დამლაშებული ადგილების გასამწვანებლად.

ზოგჯერ სახელწოდება „მლაშობურა“ იხმარება კრებითი მნიშვნელობით — ამავე ოჯახის სხვა გვარის (მაგ. ჩოღანოს, დურღენის, ხვარხვარას და სხვა გვარები) სუკულენტური ჰალოფიტების აღსანიშნავად.