მონღოლეთის ალთაი
მონღოლეთის ალთაი | |
---|---|
კოორდინატები: 46°53′00″ ჩ. გ. 91°28′00″ ა. გ. / 46.88333° ჩ. გ. 91.46667° ა. გ. | |
ქვეყანა | მონღოლეთი ჩინეთი |
ტერიტორიული ერთეული | ბაიან-ულგიი, გობი-ალთაი, სინძიანი, ხოვდის აიმაკი |
უმაღლესი წერტილი | მუნხ-ხაირხანი |
სიმაღლე | 4362 მ |
სიგრძე | 1000 კმ |
სიგანე | 150–300 კმ |
მონღოლეთის ალთაი — მთათა სისტემა მონღოლეთსა და ჩინეთში. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 1000 კმ-ზე, სიგანე 300 კმ-დან (ჩრდილო-დასავლეთით) 150 კმ-მდე (სამხრეთ-აღმოსავლეთით). მაქსიმალური სიმაღლე 4362 მ (მთა მუნხ-ხაირხანი). ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთა დამრეცია და მოკლე, სამხრეთ-აღმოსავლეთი — შედარებით ციცაბო და წაგრძელებული. ძლიერაა დანაწევრებული, აქ წარმოდგენილია თვალწარმტაცი კლდოვანი ქედები, დაკბილული თხემები, ღრმა ვიწრო ხეობები. გავრცელებულია აგრეთვე პლატოსებრი წყალგამყოფი ქედები — ძველი პენეპლენის შთენილები.
ქედები ყოფენ ტბებითა და ჭაობებით დაკავებულ გასწვრივ ტექტონიკურ ხეობებს. არის პლეისტოცენური გამყინვარების კვლები, თხემურ ნაწილში 4000 მ-ზე ზემოთ თანამედროვე მყინვარები და თოვლნარები. დიდწილად გაბატონებულია კარული და დაკიდული მყინვარები; ტავან-ბოგდო-ულასა და მონღოლეთის ალთაის მიჯნაზე მდებარეობს პოტანინის მყინვარი. აგებულია კრისტალური ფიქლებით, პორფირებით, პორფირიტებითა და გრანიტებით.
დატენიანების დეფიციტი (წელიწადში 100–500 მმ ნალექი, უმეტესად ზაფხულში) განაპირობებს მაღალი სარტყლების ნახევარუდაბნოს მწკრივს. ლარიქსის ტყე გვხვდება მხოლოდ ადგილ-ადგილ ჩრდილოეთ კალთებზე (2000–2600 მ სიმაღლეზე) და სამხრეთისაზე — მდინარე შავი ირტიშის ხეობაში, სადაც ნოტიო დასავლეთის ქარები ქრიან. სამხრეთი კალთების ქვედა ნაწილები (2300 მ-მდე) უკავია მთის ვაციწვერიან ნახევარუდაბნოებს, ბუჩქბალახიან აიანიებსა და ტერესკენებს.
3200 მ-მდე გაბატონებულია კაპუეტით, ვაციწვერითა და პეტროფიტული ნაირბალახეულით წარმოდგენილი მშრალი სტეპის სარტყელი, რომელიც გადადის წვრილკორდიან-მარცვლოვან სტეპში. 3800 მ-ზე ზემოთ კრიოფიტული მდელოების სარტყელია.
თოვლის ხაზი გადის 3000–3500 მ-ზე, მყინვარების ბოლოები ეშვება 2400–2700 მ-მდე. მონღოლეთის ალთაი ძნელმისადგომია, რის გამოც უმნიშვნელოდაა ათვისებული. ზაფხულში საძოვრების სახით ინტენსიურად გამოიყენება მაღალმთიანი სტეპი და ბალიშიანები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მონღოლეთის ალთაი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)