შინაარსზე გადასვლა

პალიასტომი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პალიასტომი
პალიასტომის ტბა
პალიასტომის ტბა
კოორდინატები: 42°07′30″ ჩ. გ. 41°43′47″ ა. გ. / 42.12500° ჩ. გ. 41.72972° ა. გ. / 42.12500; 41.72972
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, გურიის მხარე
სიმაღლე ზღვის დონიდან — 0,3 
ფართობი 18,2 კმ²
მოცულობა 0,052 კმ³
საშუალო სიღრმე 2,6 
მაქსიმალური სიღრმე 3,2 
აუზის ფართობი 547 კმ²
პალიასტომი — საქართველო
პალიასტომი
პალიასტომი — გურიის მხარე
პალიასტომი
მედიაფაილები ვიკისაწყობში

პალიასტომი — გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან. ადმინისტრაციულად მოქცეულია ნაწილობრივ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში (ხობის მუნიციპალიტეტი), ნაწილობრივ — გურიის მხარეში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ-ზე დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,1 °C), ცივია იანვარში (5,2 °C), ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, თევზჭერისთვის. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.

გიორგი გამყრელიძის აზრით სიტყვა პალიასტომი შედგება ორი ბერძნული სიტყვისაგან "პალიას" (ძველი) და "სტომა" (ციხე-სიმაგრე). ე.ი. ძველი ციხე-სიმაგრე.

ლეგენდა პალიასტომის ტბის სახელწოდების შესახებ აღწერილი აქვს ეგნატე ნინოშვილს 1891 წლის მოთხრობაში „პალიასტომის ტბა“:

ვიკიციტატა
„ახლა რომ ტბაა, იმ ადგილას თურმე ხმელეთი იყო. ზედ ხალხი იდგა და იმ ხალხს პავლიას ტომს ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხი და ყოველი სულდგმული დაიღრჩო. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკონიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენეს“

პალიასტომის ტბის ფსკერზე, კაპარჭინას ბოლოში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქართული ტიპის სასოფლო სოფლური დასახლება, ადგილ „ნაეკლესიარზე“ აღმოჩნდა რიყის ქვებით ნაგები კედელის ნაშთები. ამ მიდამოებიდან, არის ქართული მხედრულწარწერიანი ბარძიმი, რომელიც ქ. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. ბარძიმს აქვს ქართული წარწერა. ასევე ქუთაისის მუზეუმშია დაცული პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ასევე აქვს ქართული წარწერა. ტბის დასავლეთ ნაწილში, მალთაყვასთან, დადასტურდა III-VIII სს-თა ნამოსახლარის ნაშთები. არქეოლოგიური კვლევით გაირკვა, რომ პალიასტომის ტბაში პუნქტ „ნატეხებში“ ძველი ნამოსახლარია და მისი ნაშთები 900 კვ.მ-ზე ვრცელდება. „ნატეხების“ ნამოსახლარის კერამიკა (აგური, კრამიტი) ისეთივეა, როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა არქეოლოგიური ნაშთებისა (ბიჭვინთა, სოხუმი, ოჩამჩირე, გუდავა, ნოქალაქევი, ვაშნარი, ქობულეთი, ციხისძირი, გონიო). აქ აღმოჩნდა უცხოური ბრტყელი კრამიტიც.

პალიასტომის ტბა XIX საუკუნემდე შედიოდა გურიის სამთავროში. გურიის მთავარი იღებდა პალიასტომში დაჭერილი თევზის ბაჟს. 1828 წელს, გურიის სამთავროს გაუქმებით ისარგებლა ოდიშის მთავარმა და დაეუფლა პალიასტომს. 1836 წელს საქართველოს მთავარმართებელმა გრიგოლ როზენმა პალიასტომი ოდიშის სამთავროს ტერიტორიად სცნო.[1]

1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 30-31.