პლზენი
პლზენი — ქალაქი ჩეხეთში, მდინარე ბეროუნკის (ვლტავის შენაკადი) შემადგენელი მდინარეების: მჟეს, რადბუზის, უჰლავის და უსლავის შესართავთან. დასავლეთ ჩეხიის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 163 ათასი მცხოვრები (2006). პლზენი დააარსა ჩეხიის მეფე ვაცლავ II-მ დაახლოებით 1292 წელს. XIV საუკუნეში პრივილეგირებული სამეფო ქალაქის სტატუსი მიიღო. XIV-XV საუკუნეებში ვაჭრობა-ხელოსნობის დიდი ცენტრია. 1419 წელს ჰუსიტების რევოლუციური ფრთის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1420 წლის შემდეგ კათოლიკური რეაქციის, ხოლო XV-XVI საუკუნეებში ჰაბსბურგების დასაყრდენი გახდა. ძლიერ დაზარალდა ოცდაათწლიანი ომის (1618-48) დროს. XVII საუკუნის დამლევიდან ჩეხეთის ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ცენტრია. 1648 წელს პლზენში დაარსდა პირველი სტამბა, XIX საუკუნეში მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრი გახდა.
პლზენი მძიმე მრეწველობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია (უნივერსალური მანქანათსაშენი საწარმოები, ყოფილი შკოდა). ელექტრომავლების, ენერგეტიკული, მეტალურგიული, ატომური მრეწველობის მოწყობილობათა წარმოება. სპეციფიკური ფოლადის გამოდნობა. კვების (მ.შ. ლუდის), ქაღალდის, კერამიკული, მინის, ტყავის მრეწველობა. ქალაქის მახლობლად ქვანახშირისა და რკინის მადნის საბადოებია.
ქალაქს შენარჩუნებული აქვს შუა საუკუნის იერი. არქიტექტურული ძეგლებია: წმ. ბართლომეს გოთიკური ეკლესია (XIV საუკუნის დასაწყისი-XV საუკუნე), შტერნბერგის კაპელითურთ (1510-29), გვიანდელი რენესანსისა და ბაროკოს სტილის სახლები, რენესანსის სტილის რატუშა (ახლა სურათების საქალაქო გალერეა, XVI საუკუნის შუა წლები), წმ. ანას ბაროკოს სტილის ეკლესია (1711), ეკლექტიკური სტილის თეატრი (1899-1902). 1940-იანი წლებიდან მიმდინარეობს ახალი რაიონების განაშენიანება. პლზენში არის სამედიცინო, მანქანათსაშენი, ელექტროტექნიკური, პედაგოგიური ინსტიტუტები. მუზეუმები. თეატრები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 109.
|