შინაარსზე გადასვლა

რკინის ხანა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რკინის ხანის გამაგრებული დასახლება, დასავლეთ ევროპაში.[1][2] სურათი გადაღებულია 1935 წელს მაიორ ჯორჯ ალენის მიერ (1891–1940).

რკინის ხანა — საზოგადოების განვითარების ისტორიის ერთ-ერთი ეპოქა, როდესაც საბრძოლო და სამეურნეო იარაღის დასამზადებლად ძირითადად რკინა გამოიყენებოდა. 2 ათასი წლის წინ ტიტუს ლუკრეციუს კარუსმა კაცობრიობის განვითარების ისტორია 3 ეპოქად დაყო: ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანებად. XIX საუკუნის შუა წლებში აღნიშნული მოსაზრების სისწორე არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით მეცნიერულად პირველად დაასაბუთა დანიელმა არქეოლოგმა კ. თომსენმა. ამ ტერმინით არქეოლოგიაში აღინიშნება რკინის წარმოების ადრინდელი საფეხურები: ადრინდელი რკინის ხანა და რკინის ფართოდ ათვისების ხანა.

ამ მასალის ათვისება ასევე დაემთხვა ცვლილებებს ზოგიერთ საზოგადოებაში განსხვავებული აგრარული პრაქტიკის სახით, რელიგიურ რწმენებში და ხელოვნების მიმდინარეობებში.

რკინის ხანა ბოლო პრინციპული პერიოდია წინაისტორიულ საზოგადოებათა კლასიფიცირების სისტემაში, რომელსაც წინ ბრინჯაოს ხანა უძღოდა. მისი თარიღი მერყეობს ქვეყნისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით.

რკინის ხანა საქართველოს ტერიტორიაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერებაში დამკვიდრდა შეხედულება, რომ გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელ რკინის ხანაში კავკასიის ტერიტორიაზე რამდენიმე არქეოლოგიური კულტურა იყო: ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში - ყუბანისპირეთის, ცენტრალურში - ყუბანის და მის აღმოსავლეთით - ყაიაქენთ-ხოროჩოისა. ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში - კოლხური, აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ აზერბაიჯანსა და სომხეთის უდიდეს ნაწილში - ცენტრალური ამიერკავკასიური, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში - თალიშისა. რკინის ფართოდ ათვისების ხანაში სომხეთის ტერიტორიაზე გავრცელდა ურარტული კულტურა, რომლის გავლენა საქართველოს სამხრეთ რაიონებშიც აისახა. შემდგომი კვლევ-ძიების შედეგად აღნიშნული მოსაზრებანი რამდენადმე შეიცვალა. მაგალითად, ყაიაქენთ-ხოროჩოის კულტურა ძირითადად შუა ბრინჯაოს ხანისად მიიჩნიეს. ადრინდელი რკინის ხანას ალბათ ამ კულტურის მხოლოდ ყველაზე გვიანდელი პერიოდის ძეგლები ეკუთვნის. საკუთრივ რკინის ხანაში დაღესტნის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში არსებობდა სარმატულთან ახლოს მდგომი არქეოლოგიური კულტურა, ხოლო სამხრეთით გავრცელებული იყო წინამორბედ კულტურასთან გენეტიკურ კავშირში მყოფი ე. წ. მუგერგანის არქეოლოგიური კულტურა. ადრე, ძირითადად ლითონის ინვენტარზე დაყრდნობით, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური კულტურა ცენტრალური ამიერკავკასიის კულტურის ლოკალურ ვარიანტად ითვლებოდა.

რკინა-ფოლადის წარმოების დონისა და მასშტაბის მიხედვით, რკინის ხანა საქართველოს ტერიტორიაზე 2 ძირითად პერიოდად იყოფა: ადრინდელ რკინის ხანად და რკინის ფართოდ ათვისების ხანად. მცხეთის მასალების მიხედვით, რკინის ფართოდ ათვისების ხანაში 3 საფეხურის გამოყოფა ხერხდება. რკინის ხანა ამიერკავკასიასა და, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ერთდროულად არ დაწყებულა. რკინის წარმოების უძველესი კერაა რკინის მადნებით მდიდარი ქვემო ქართლი. აქ აღმოჩენილი რკინის ნივთები ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეებით თარიღდება. ერთ-ერთი უძველესი კერა უნდა იყოს სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთი, სადაც რკინის წარმოება მაგნეტიტის უხვად შემცველი ქვიშის ბაზაზე განვითარდა.

  • აბრამიშვილი რ., რკინის ათვისების საკითხისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (ძვ. წ. XIV-XIII სს) «ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1961, ტ. 22 B;