სიტიგრუპ ცენტრი
სიტიგრუპ ცენტრი
Citigroup Center
მისამართი | 601 ლექსინგტონ ავენიუ ნიუ-იორკი |
---|---|
აშენდა | 1974-1977 |
სიმაღლე | 279 მ (915 ფტ) |
სართული | 59 |
არქიტექტორი | Stubbins Associates, ემერი როთი & შვილები |
სტრუქტ. ინჟინრები | Le Messurier Consultants; ჯეიმზ რუდერმანის ოფისი |
ღირებულება | $195 მილიონი |
სიტიგრუპ ცენტრი (Citigroup Center; ყოფილი სიტიკორპ ცენტრი) — ერთ-ერთი უდიდესი ცათამბჯენი ნიუ-იორკში, აშშ, მდებარეობს 601 ლექსინგტონ ავენიუზე 53-ე და 54-ე ქუჩებს შორის მიდთაუნ მანჰეტენზე. 59 სართულის 279 მ შენობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ნიუ-იორკის პანორამაზე, 45° კუთხის სახურავითა და უნიკალური საყრდენების სტილის საძირკველით. შენობას 120.000 კვ.მ საოფისე ფართი აქვს. 45-გრადუსიანი დაქანების სახურავი თავდაპირველად მზის პანელებისთვის იყო გამიზნული შენობისთვის ენერგიის გამოსამუშავებლად, თუმცა ეს იდეა მოგვიანებით უარყვეს. შენობის პროექტი ეკუთვნის ჰიუ სტაბინს სიტიბანკისთვის და დასრულებულ იქნა 1977 წელს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ადგილას ადრე 1862 წელს დაარსებული წმ. პეტრეს ევანგელისტური ლუთერანული ეკლესია მდებარეობდა. 1905 წელს ეკლესიამ 54-ე ქუჩაზე გადაინაცვლა ლექსინგტონ ავენიუზე.
შენობა თავიდანვე ინჟინერთათვის თავსატეხი გახდა. 1970-იან წლებში ცათამბჯენის პროექტირებისას დანიშნული ადგილის ჩრდილოდასავლეთი კუთხე ლუთერანულ ეკლესიას ეკუთვნოდა. ეკლესიამ ცათამბჯენის აგების ნება დართო ერთი პირობით: ახალი ეკლესია უნდა აგებულიყო იმავე კუთხეში, სიტიგრუპის შენობისაგან დამოუკიდებლად და მას ცათამბჯენის არც ერთი სვეტი არ უნდა შეხებოდა. არქიტექტორებს თავიდან ეგონათ, რომ ამ პირობით ამ ადგილას ცათამბჯენის აგება შეუძლებელი იქნებოდა.
ინჟინერ-კონსტრუქტორმა უილიამ ლემესურიემ 59-სართულიანი ტაუერი ოთხ მასიურ 35 მ სიმაღლის სვეტზე შესვა, რომლებიც გვერდების შუაში განათავსა კუთხეების ნაცვლად. ამგვარმა კონსტრუქციამ შესაძლებელი გახდა შენობის ჩრდილოდასავლეთი კუთხე ახალ ეკლესიას თავზე 22 მეტრის კანტილევრით გადასცდენოდა. ამ მიზნის განსახორციელებლად ლემესურიემ მოიფიქრა მზიდი ბრასების წყობა, შებრუნებული (ინვერტული) შევრონების ფორმით. ყოველი შევრონი გადაიტანდა მასიურ დატვირთვას მათი ცენტრისკენ, შემდეგ კი ქვევით მიწაში არასტანდარტულად მიმრთული სვეტების მეშვეობითი.
შენობის საინჟინრო კრიზისი 1978 წელს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მშენებლობის პროცესში შეტანილი ცვლილებების გამო დასრულებული პროდუქტის კონსტრუქცია არამყარი გამოდგა. 1978 წელს ერთ-ერთი სტუდენტის შეკითხვით დაფიქრებულმა ლემესურიემ აღმოაჩინა პოტენციურად დამანგრეველი ხარვეზი შენობის კონსტრუქციაში: ცათამბჯენის ჭანჭიკებით დამაგრებული შეერთებები ზედმეტად სუსტი იყო გარკვეული კუთხეებით 113 კმ/სთ ქარების წინაღობისთვის.
ლემესურიეს თავდაპირველ პროექტში დატვირთვა გათვლილი იყო სპეციალური დიზაინის შევრონის მზიდ ბრასებზე, რომლებიც ნაგებობას ამყარებდა შედუღებული გადაერთებებით, თუმცა მუშახელისა და სხვა დანახარჯების დაზოგვის გამო გადაერთებები ჭანჭიკების კონსტრუქციით შეცვალეს შენობის გეგმის დამტკიცების შემდეგ.
ინჟინრებს ხელმეორედ არ დაუთვლიათ თუ მათი ცვლილება რა ეფექტს მოახდენდა კონსტრუქციაზე ქარების ძალების ზემოქმედების ქვეშ შენობის ორ მხარეს. ქარიშხლის სიძლიერის ქარის შენობაზე ზემოქმედება 45-გრადუსიანი კუთხით კატასტროფით შეიძლებოდა დასრულებულიყო ჭანჭიკის მოვარდნის გამო. ქარის გვირაბში ჩატარებული ტესტებით გამოთვლილ იქნა, რომ ამგვარი სიძლიერი ქარების მოხდენის ალბათობა ნიუ-იორკში ყოველ 16 წელიწადზე მოდიოდა.
ლემესურიე ამ პრობლემამ აგონიაში ჩააგდო - ამ ხარვეზის გახმაურება მისი კარიერის დასასრული იქნებოდა. ქარიშხლის სეზონი ახლოვდებოდა და მან გადაწყვიტა პირდაპირ სიტიკორპის მმართველობისთვის მიემართა და ურჩია სასწრაფოდ მიეღოთ შესაბამისი ზომები. მან შეძლო დაერწმუნებინა სიტიკორპი დაექირავებინათ შემდუღებელთა ჯგუფი, რომელიც შეაკეთებდა შენობის მყიფე კონსტრუქციას საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის გამხელის გარეშე, რაც შესაძლებელი გახდა ამ პერიოდს დამთხვეული პრესის გაფიცვის გამო.
შემდეგი სამი თვის განმავლობაში მშენებელთა ჯგუფმა ხუთი სმ სისქის ფოლადის ფირფიტები მიადუღა ცათამბჰენის 200 ჭანჭიკიან შეერთებას ღამით, ყოველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, რაც თითქმის შეუმჩნეველი გახდა საზოგადოებისთვის. სამუშაოს დაწყებიდან ექვს კვირაში ძლიერი ქარიშხალი "ურაგანი ელა" აღმოცენდა ატლანტის ოკეანეში, რომელმაც გეზი ნიუ-იორკისკენ აიღო. გამაგრების სამუშაოები მხოლოდ ნახევრად იყო დასრულებული და ნიუ-იორკი მხოლოდ რამდენიმე საათში იყო ავარიული ევაკუაციისგან. ელამ ტრაექტორია შეიცვალა და მუშებს საკმარისი დრო მისცა პრობლემის აღმოფხვრისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საინჟინრო ლაფსუსის გამო ფაქტობრივად არაფერი მომხდარა, კრიზისი საზოგადოებისგან თითქმის 20 წელი დამალეს. შემთხვევა მხოლოდ 1995 წელს გამოქვეყნდა ვრცელ წერილში ჟურნალ ნიუ-იორკერში.[1] ლემესურიეს გადაწყვეტილება სიტიკორპისთვის ეცნობებინა მისი საკუთარ პროექტთან დაკავშირებული შეცდომის შესახებ ამჟამად ეთიკური ქცევის ნიმუშად არის გამოყენებული რამდენიმე საინჟინრო სახელმძღვანელოში. ერთ-ერთ სტატიაში ლემესურიე გაკრიტიკებულ იქნა არასაკმარისი დაკვირვებისთვის, რომელიც აღნიშნული პრობლების საბაბი გახდა და საინჟინრო დეტალების კოლეგებისგან ორი ათწლეულის განმავლობაში დამალვის გამო.[2]
შემდუღებლების მიერ გამაგრების სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე ნაგებობად თვლება.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯო მორგენსტერი (1995), "The Fifty-Nine-Story Crisis" (ორმოცდათერთმეტსართულიანი კრიზისი), ნიუ-იორკერი, 29 მაისი, 1995. გვ. 45–53.
- ↑ იუჯინ კრემერი (2002). "(Re)Examining the Citicorp Case: Ethical Paragon or Chimera" (სიტიკორპის შემთხვევის გადახედვა: ეთუკური პარაგონი თუ ქიმერა) დაარქივებული 2007-05-23 საიტზე Wayback Machine. , Cross Currents, Fall 2002, Vol. 52, No 3.
- (ინგლ.) Horsley, Carter B. The Midtown Book. The City Review.
- (ინგლ.) PBS's "Building Big" სერია
- (ინგლ.) A პოტენციურად სავალალო საინჟინრო შეცდომა