სტრატოვულკანი
სტრატოვულკანი, შრეებრივი ვულკანი (ლათ. stratum — ფენა და ვულკანი) — შერეული ვულკანი, რომლის კონუსი აგებულია ერთმანეთის მონაცვლე გამყარებული ლავური ნაკადებისა და ლავის შეცემენტებული (ლავა, ტეფრა, პემზა, ვულკანური ფერფლი) ნატეხებისაგან. წარმოიქმნება ლავის ამონთხევისა და ვულკანის აფეთქებითი მოქმედების დროს.
ფარისებრი ვულკანისგან განსხვავებით, სტრატოვულკანი ხასიათდება ციცაბო პროფილითა და პერიოდული, ფეთქებადი ამოფრქვევებით. კონუსის სიმაღლე რამდენიმე ათეული მეტრიდან რამდენიმე კილომეტრამდეა. ძაბრისებრი კრატერის დიამეტრი - ათეული მეტრიდან 2-3 კილომეტრამდე. ამოსული ლავა გამოირჩევა წებოვნების მაღალი ხარისხით, რაც ხელს უშლის მის დიდ მანძილზე გავრცელებას.
ყველაზე ცნობილი სტრატოვულკანებია კრაკატაუ, რომელიც ყველაზე მასშტაბურად 1833 წელს ამოიფრქვა და ვეზუვი, რომლის ამოფრქვევამაც ჩვ.წ. 79 წელს ქალაქები, პომპეი და ჰერკულანუმი გაანადგურა.
მნიშვნელოვანი სტრატოვულკანებია ასევე კლიუჩევსკაია-სოპკა, ფუძიამა და სხვ.