ფლევოლანდი (ნიდერლ.Flevoland) — პროვინცია ნიდერლანდებში, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ზიუდერზეეს ყოფილი უბის ადგილას. შეიქმნა 1986 წლის 1 იანვარს და ქვეყნის მე-12 პროვინცია გახდა. დედაქალაქია ლელისტადი. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 394 758 ადამიანია, ფართობი 1 419 კმ². პროვინცია 6 მუნიციპალიტეტისგან შედგება.
XIII-XX საუკუნეებში პროვინციის ამჟამინდელ ტერიტორიაზე ჩრდილოეთის ზღვის ზიუდერზეეს უბე მდებარეობდა, რომელიც დაახლოებით 5000 კმ² ტერიტორიას იკავებდა. 1916 წელს მსხვილმასშტაბიანი დატბორვა მოხდა, რის შემდეგაც უბის დაშრობის გადაწყვტილება მიიღეს. 1927-1933 წლებში აშენებულმა დამბამ ყურე ჩრდილოეთის ზღვისგან გამოყო და შედეგად, თავთხელი ტბა წარმოიქმნა. მეორე დამბის აშენების შემდეგ, ტბა ორად გაიყო. 1975 წელს, ერთ-ერთი მათგანი ამოაშრეს და უკვე 1986 წლის 1 იანვარს, მის ადგილას ფლევოლანდის პროვინცია შექმნეს.