დიეგო ავსტრიელი
დიეგო ავსტრიელი | |
---|---|
პრინცი დიეგო 1577 წელს, შესრულებულია ალონსო სანჩეს კოელოს მიერ | |
ასტურიის პრინცი | |
მმართ. წლები: | 1578-1582 |
წინამორბედი: | ფერდინანდი |
მემკვიდრე: | ფილიპე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 აგვისტო, 1575 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 21 ნოემბერი, 1582, (7 წლის) |
გარდ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალი, ესპანეთი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ფილიპე II, ესპანეთის მეფე |
დედა: | ანა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დიეგო ფელიქს ავსტრიელი (ესპ. Diego Félix de Austria; დ. 15 აგვისტო, 1575, მადრიდი, ესპანეთი ― გ. 21 ნოემბერი, 1582, მადრიდი, ესპანეთი) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე II-ისა და დედოფალ ანა ავსტრიელის ძე. ასტურიის პრინცი 1578, ხოლო პორტუგალიის პრინცი 1580 წლიდან გარდაცვალებამდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიეგო დაიბადა 1575 წლის 15 აგვისტოს მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისა და მისი მეოთხე ცოლის, დედოფალ ანა ავსტრიელის შუათანა ვაჟი. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლები ერთმანეთის ღვიძლი ბიძა-დისშვილი იყვნენ. მას მამის მხრიდან პაპა-ბებიად ესპანეთის მეფე კარლოს I და დედოფალი ისაბელ პორტუგალიელი, ხოლო დედის მხრიდან საღვთო რომის იმპერატორი მაქსიმილიან II და იმპერატრიცა მარია ესპანელი ერგებოდნენ. როდესაც ის დაიბადა ტახტის მემკვიდრე ჯერ კიდევ მისი უფროსი ძმა, ფერდინანდი იყო. დიეგოს კიდევ ერთი უფროსი ძმა, პრინცი კარლოს ლორენცო მის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. როგორც დედოფალმა ანამ შემდეგში განაცხადა, მან დიეგო სწორედ ვაჟის დაღუპვით გამოწვეული შოკისა და ტკივილის გასაქარწყლებლად გააჩინა.
1578 წელს მისი მეორე უფროსი ძმა, ფერდინანდიც გარდაიცვალა, რითაც ტახტის ახალი მემკვიდრე დიეგო გახდა. 1580 წლის 1 მარტს მადრიდში ფილიპე II-მ იგი ოფიციალურად გამოაცხადა ასტურიის პრინცად. ცნობილია, რომ ამ ამბავთან დაკავშირებით ესპანელმა პოეტმა კრისტობალ დე ვირუესმა სონეტაც დაწერა.
1580 წელს დიეგოს მამა პორტუგალიის მეფე გახდა, რამაც იგი ამ ტახტის მემკვიდრედაც აქცია. დედამისი, დედოფალი ანა პორტუგალიისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა, 30 წლის ასაკში, თუმცა მეფე ფილიპემ გზა გააგრძელა და ლისაბონში მაინც ჩავიდა. ამ პერიოდში მცირეწლოვან დიეგოზე მისი უფროსი ნახევარ-დები, ისაბელ კლარა ეუხენია და კატალინა მიკაელა ზრუნავდნენ, რომლებიც მეფე ფილიპეს თავისი მესამე ცოლის, დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუასაგან დარჩა, რომელიც დიეგოს დაბადებამდე შვიდი წლით ადრე გადაჰყვა მშობიარობას.
ცნობილია, რომ ფილიპე ხშირად ამაყობდა დიეგოთი, რამეთუ იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა იმით, რომ ადვილად შეეძლო ყველაფრის შეთვისება. ორი წლის ასაკში იგი უკვე გამართულად საუბრობდა ესპანურად, ხუთი წლის ასაკში კი ცეკვა და წერა-კითხვაც ისწავლა. 1582 წელს მეფე ფილიპეს ბრძანებით ინდოეთის მეფისნაცვალმა ფრანსისკო დე მასკარენასმა პრინც დიეგოს სპილო ჩაუყვანა საჩუქრად. ცნობილია ისიც, რომ ფილიპეს ბრძანებით მას პორტუგალიურ ენასაც ასწავლიდნენ. ვინაიდან იგი ერთ დღეს პორტუგალიის მეფეც უნდა გამხდარიყო, ამ ენის ცოდნა დასჭირდებოდა ადგილობრივ დიდებულებსა და მინისტრებთან მოსალაპარაკებლად. ამასთან, პორტუგალიასთან კავშირის გასამყარებლად ფილიპე გეგმავდა დიეგოს დაქორწინებას ბრაგანსის ჰერცოგ ჟუანისა და ჰერცოგინია კატარინა პორტუგალიელის ერთ-ერთ ქალიშვილზე, თუმცა ეს ვეღარ მოხერხდა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად ტახტის პირველი მემკვიდრეობისა, დიეგო მეფე არასოდეს გამხდარა. 1582 წლის დამლევს იგი ყვავილით დავადდა და იმავე წლის 21 ნოემბერს 7 წლის ასაკში გარდაიცვალა კიდეც. ამის შემდეგ მეფე ფილიპე იძულებული გახდა ტახტის მემკვიდრედ თავისი უკანასკნელი ვაჟი, პრინცი ფილიპე გამოეცხადებინა, რომელიც ძალიან სუსტი და პატარა იყო. ამის გამო მეფემ გასცა ბრძანება, რომ სარაგოსას ღვთისმშობლის სახელობის კათედრალში გამუდმებით ელოცათ სამეფო ბავშვების ჯანმრთელობისათვის.
1598 წელს ფილიპე II გარდაიცვალა და ტახტი მისმა ძემ, ფილიპე III-მ დაიკავა, რომლისგანაც გაგრძელდა ჰაბსბურგთა დინასტიის ესპანური შტო.
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Friedrich Christoph Schlosser, Georg Ludwig Kriegk: World History for the German people, Vol. 13, Varrentrapp, 1852, p. 202.
- Freiherr von Münch: Book for Latin and English literature, Ferd. Dümmler, 1860, p.159.
|