ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა
ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა | |
---|---|
Köprülü Fazıl Mustafa Paşa | |
ოსმალეთის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 ნოემბერი, 1689 |
მმართ. დასასრული: | 19 აგვისტო, 1691 |
წინამორბედი: | ბექრი მუსტაფა-ფაშა |
მემკვიდრე: | ბაჰადირზადე არაბაჯი ალი-ფაშა |
მონარქი: |
სულეიმან II აჰმედ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1637 |
დაბ. ადგილი: | ქოფრიულიუ (დღევანდელი ველესი), ალბანეთი |
გარდ. თარიღი: | 19 აგვისტო, 1691 |
გარდ. ადგილი: | სლანკამენი |
დინასტია: | ქოფრიულიუები |
მამა: | ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა |
რელიგია: | ისლამი |
ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა (თურქ. Köprülü Fazıl Mustafa Pasha; დ. 1637, ველესი — გ. 19 აგვისტო, 1691, სლანკამენი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი 1689-1691 წლებში, სულეიმან II-ისა და აჰმედ II-ის მმართველობის პერიოდში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1637 წელს, ქოფრიულიუში (დღევანდელი ველესი). იგი იყო ოსმალეთში ცნობილი გვარის, ქოფრიულიუს წარმომადგენელი. მუსტაფა იყო ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშას შვილი, ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშას ძმა და ქოფრიულიუ ამჯაზადე ჰუსეინ-ფაშას ბიძაშვილი.
მის მამას, მეჰმედს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ, ამიტომ მუსტაფა და აჰმედი მუდამ დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ ოსმალეთის სამეფო კარზე. მუსტაფას კარიერულ წინსვლაში ძალიან უწყობდა ხელს ის, რომ ის მეჰმედ-ფაშას შვილი იყო. 1687 წელს, მოჰაჩის ბრძოლაში ოსმალეთის არმიის განადგურების შემდეგ, მუსტაფა-ფაშა სულთან მეჰმედ IV-ის წინააღმდეგ აჯანყდა და ტახტიდან ჩამოაგდო. სულთნის ტახტზე კი მეჰმედის ძმა, სულეიმან II აიყვანა.
1689 წელს, ბექრი მუსტაფა-ფაშას ნაცვლად, სულთან სულეიმან II-მ მუსტაფა ოსმალეთის დიდ ვეზირად დანიშნა. სულეიმანი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას სახელმწიფოს მართვის საქმეებს, ამიტომ მთელი ძალაუფლება მუსტაფას ხელთ იყო. თუმცა, მუსტაფას მმართველობის პერიოდში ოსმალეთში სავალალო მდგომარეობა იყო, რადგან ძალიან მწვავედ მიმდინარეობდა დიდი თურქული ომი ჰაბსბურგების წინააღმდეგ.
1691 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა სულეიმან II და ტახტზე მისი ძმა, აჰმედ II ავიდა. მუსტაფა-ფაშა დიდი ნდობით სარგებლობდა სულთან აჰმედის მხრიდან.
1691 წლის 19 აგვისტოს, ოსმალეთისა და ჰაბსბურგების არმიას შორის გაიმართა სლანკამენის ბრძოლა. არმიის მეთაური მუსტაფა-ფაშა იყო. ოსმალები ამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ და დაკარგეს ბელგრადი. სწორედ ამ ბრძოლაში გარდაიცვალა ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა და მის მაგივრად დიდი ვეზირი ბაჰადირზადე არაბაჯი ალი-ფაშა გახდა.