The Lamb Lies Down on Broadway
The Lamb Lies Down on Broadway | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 29 ნოემბერი, 1974 | |||
ჩაიწერა | აგვისტო - ოქტონბერი, 1974, სტუდია Island Mobile, უელსი | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 94:22 | |||
ლეიბლი |
Charisma Atco | |||
პროდიუსერი | ჯონ ბერნსი; ჯენესისი | |||
ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The Lamb Lies Down on Broadway | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [1] |
BBC Music | (კეთილგანწყობილი)[2] |
რობერტ კრისტგოუ | B−[3] |
The Rolling Stone Album Guide | [4] |
The Lamb Lies Down on Broadway — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის ორმაგი კონცეპტუალური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1974 წლის 29 ნოემბერს. ეს არის ჯგუფის რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი და უკანასკნელი, ჩაწერილი პიტერ გებრიელის მონაწილეობით.
ალბომში მოთხრობილია პუერტო რიკოელი ახალგაზრდის, რაელის სიურრეალისტური ამბავი, რომელიც ვითარდება ნიუ-იორკის ქუჩებსა და მიწისქვეშეთში. მიწისქვეშ რაელი აღმოაჩენს თავის გარდაცვლილ ძმა ჯონს. სხვადასხვა მოგზაურობისას იგი სიურრეალისტურ სამყაროში ამოჰყოფს თავს. საბოლოოდ, იგი საკუთარ ბედს შეეგუება და მოულოდნელად მიხვდება, რომ უკვე დიდი ხნის მკვდარია.
ალბომის კონცეფცია პიტერ გებრიელს ეკუთვნის. დღემდე ეს მისი ტექსტობრივად ყველაზე რთული ნაწარმოებია. The Lamb Lies Down on Broadway ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კონცეპტუალურ ალბომად.
დისკის გამოცემის შემდეგ მოეწყო მასშტაბური თეატრალიზებული ტურნე, რომლის დასრულებისას გებრიელმა განაცხადა ჯგუფიდან წასვლაზე.
ჩაწერის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის ევოლუცია დაიწყო ჯერ კიდევ 1974 წლის მარტში. ამ პერიოდში ჯენესისი მოგზაურობდა საკონცერტო ტურნეთ შტატებსა და კანადაში, ალბომის Selling England by the Pound მხარდასაჭერად. ამერიკელი მსმენელები ცუდად იცნობდნენ ჯგუფის რეპერტუარს, ასე რომ ყოველი ახალი ქალაქის ათვისება ცალკე ამოცანას წარმოადგენდა. ტურის გრაფიკი იყო დაძაბული და მუსიკოსები დაღლილები იყვნენ. უკანასკნელი კონცერტები ჩატარდა ნიუ-იორკში და ამბობენ, რომ სწორედ ამ პერიოდში მოხდა ალბომის იდეის ჩასახვა.
1974 წლის ზაფხულში ჯენესისი შევიდა სტუდიაში და დაიწყო მუშაობა ყველაზე ამბიციურ სტუდიურ დისკზე. მუსიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ალბომი ასი პროცენტით კონცეპტუალური იქნებოდა[5], ხოლო მისი შემადგენელი ნაწილები პირდაპირ კავშირში იქნება სიუჟეტურ ხაზთან. განიხილებოდა ორი ვარიანტი. პირველი მაიკლ რეზერფორდის მიერ იქნა შემოთავაზებული - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ ალბომად გადაქცევა. პიტერ გებრიელს ეს იდეა არ მოეწონა, მას უკვე ჰქონდა თავისი სიუჟეტური ხაზი, რომელიც უამრავ სიურეალისტურ, აბსტრაქტულ თუ ალეგორიულ ელემენტს შეიცავდა, სადაც რეალური არარეალურს უერთდებოდა. საბოლოოდ, მუსიკოსები შეთანხმდნენ, რომ გებრიელის იდეა მნიშვნელოვანია.
შემდეგ ადგილი ჰქონდა ლირიკის შექმნასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგრამ გებრიელმა კვლავ დაარწმუნა კოლეგები - ამჯერად იმაში, რომ სჯობდა, ყველა ტექსტი მისთვის ენდოთ. თავის ინტერვიუებში იგი იხსენებდა:
„1974 წელი იყო, პანკამდე ხდებოდა ყველაფერი. დარწმუნებული ვიყავი, რომ სიუჟეტის გმირი უნდა ყოფილიყო თანამედროვე ფიგურა და არა - ფანტაზია. 70-იანების სუპერჯგუფების ხანაში შევდიოდით და არ მსურდა, რომ ამ „ტიტანიკს“ ჩავყოლოდი ფსკერზე. ამ ალბომში მე ნაწილობრივ ჩემი პირადი ემოციური განცდები შევიტანე, ასე რომ არ მსურდა, რომ ვინმე სხვას მათი საკუთარი ვერსია შეექმნა. შედეგად, ალბომზე არის ნაწილები, რომლებიც თითქმის გაუგებარი ან აღსაქმელად რთულია, რომლებიც არც ისე წარმატებულია. გარკვეულწილად, ეს მეტად ტრადიციული კონცეპტუალური ალბომი იყო - რაღაც „ოდისეის“ მსგავსი, მაგრამ ქუჩური ხასიათის მატარებელი, ტყავის ქურთუკით და სამუშაო კოსტუმით. რაელი ალბათ პანკი იქნებოდა, ყველაფერი 76 წლის შემდეგ რომ დატრიალებულიყო. Ramones ჯერ კიდევ არ იწყებდა, მაგრამ New York Dolls უკვე არსებობდა, მაგრამ ეს უფრო გლემ-როკი იყო.[6]
“
|
გებრიელმა დაიწყო ტექსტების წერა და მუსიკალური ექსპერიმენტების ძიება. რეპეტიციები გადიოდა სტუდიაში Headley Grange, სადაც უფრო ადრე მუშაობდა ლედ ზეპელინი. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. ახალი მასალა იყო უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა ალბომების ვრცელი ეპიკური ნაშრომები, მაგრამ პიტერი მეტად უცნაური, გამუდმებით დაძაბული იყო. ნაწილობრივ ვიღაცამ ეს დააბრალა სტუდიის აურას - ლედ ზეპელინის გიტარისტი ჯიმი პეიჯი თითქოს თავის ოკულტურ წესებს იცავდა და უცნაურ ცდებს ატარებდა ამ სტუდიაში (თუმცა, არავის ეს არ დაუმტკიცებია). თავისი როლი ითამაშა მუდმივმა დაღლილობამ, ყველაფერთან ერთად პიტერის მეუღლე ჯილი ფეხმძიმედ იყო.
ალბომზე მუშაობა უკვე მთელი ძალებით მიმდინარეობდა, როდესაც გებრიელს დაურეკა ჰოლიველმა რეჟისორმა უილიამ ფრიდკინმა. მას სურდა ისეთ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელსაც ჰოლივუდთან შეხება არ ჰქონია. პიტერთან დაკავშირების სურვილი გაუჩნდა ალბომის Genesis Live კონვერტზე გამოტანილი უცნაური ისტორიის წაკითხვის შემდეგ. მისი თქმით, ამან მისცა სიგნალი. თავდაპირველად პიტერმა უარი უთხრა თანამშრომლობაზე, მაგრამ რამდენიმე დღეში მისი ბერვები აღარ ძლებდა, იგი აბსოლუტურად არ აკონტროლებდა თავის თავს. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს გებრიელი მოულოდნელად შეახტა ველოსიპედს, გაიქცა უახლოესი სატელეფონო ჯიხურისკენ, დაურეკა ფრიდკინს, შემდეგ კი დაუბრუნდა კოლეგებს და აუწყა, რომ რამდენიმე თვე სცენარზე იმუშავებდა. მისივე თქმით, ეს იქნებოდა მცირე შესვენება, მაგრამ სხვებმა უარი უთხრეს, რაზეც პიტერმა განაცხადა, რომ ჯგუფიდან წავიდოდა. მაშინ ჯენესისის სხვა წევრებმა ისიც კი ივარაუდეს, რომ დარჩებოდნენ ინსტრუმენტულ კოლექტივად. საბოლოოდ, სიტუაცია განმუხტა Charisma Records-ის პროდიუსერმა ტონი სტრეტონ-სმითმა. მან ღიად განუცხადა ფრიდკინს, რომ მისმა პროექტმა შესაძლებელია დაასამაროს ეს ჯგუფი. ფრიდკინი გაოგნებული იყო და უბრალოდ თავს იმართლებდა იმით, რომ მხოლოდ რამდენიმე იდეა სჭირდებოდა და არა პიტერის აქტიური ჩართვა მის პროექტში. ამის შემდეგ ტონის რამდენიმე საათი დასჭირდა, რათა პიტერი ჯგუფში დაებრუნებინა.
სარეპეტიციო სესიების მსვლელობისას მუსიკოსებს მრავალი იმპროვიზაციის საშუალება ჰქონდათ. ერთ-ერთი ასეთი იმპროვიზაციის შედეგი იყო „Fly On A Windshield“, ალბომის მეორე კომპოზიცია. ჩაწერისას ასეთი რამ მოხდა - მუსიკოსებმა სტუდიაში ჩააქრეს განათება. სტივმა და ტონიმ დაიწყეს ინსტრუმენტებით უცნაური ხმების შექმნა. მოულოდნელად გაისმა ჭექა-ქუხილის ხმა. ეს იმპროვიზაცია, ცნობილი როგორც „Evil Jam“, ალბომში „The Waiting Room“-ის სახეს ატარებს.
მას შემდეგ, რაც მასალაზე მუშაობა დაასრულეს, ჯგუფმა უელსში ინსტრუმენტული ნაწილის ჩაწერა დაიწყო. ამ პერიოდში გებრიელს პირველი შვილი ეყოლა, რომელიც მოათავსეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. „უელსში ვიწერდით, ჩემი გოგონა კი სიკვდილ-სიცოცხლის პირას, პედინგტონში იმყოფებოდა. ამიტომ ხუთსაათიანი მგზავრობები მიწევდა. ძალიან მღლიდა. სხვები მითანაგძნობდნენ, მაგრამ ბოლომდე არ ესმოდათ. ჯგუფისთვის ყოველთვის მთავარი იყო ჩვენი ვალდებულებები. ჩვენი ცხოვრება იყო მუშაობა და არსებობის სხვა სახით გამოხატვა აღიქმებოდა, როგორც საშიში“.
მას შემდეგ, რაც მუსიკალური ნაწილი ჩაიწერა, დარჩა ტექსტების დამატება. ჯგუფში არ მოსწონდათ, რომ პიტერი აგვიანებდა მათ მიტანას. ვინაიდან მასზე ზეწოლა ხდებოდა, ყოველივე აისახა საბოლოო ტექსტების ბუნდოვან ხასიათში - პიტერს არ ჰქონდა საკმარისი დრო, კონცეფციისთვის გადაეხედა. საბოლოო ჯამში, მხოლოდ „The Light Dies Down On Broadway“-ის ტექსტი დაწერეს ტონი ბენქსმა და მაიკ რეზერფორდმა. ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ მუშაობა Island Studios-ში, ნოტინგ-ჰილში გაგრძელდა. პიტერი შეხვდა ბრაიან ინოს, რომელსაც სთხოვა, ალბომის ჩაწერაში დახმარებოდა. უამრავი ექსპერიმენტის შემდეგ ალბომში მისი მონაწილეობით მხოლოდ ორი კომპოზიცია შევიდა - „In the Cage“ და „The Grand Parade of Lifeless Packaging“. საბოლოო ეტაპზე ალბომზე ლონდონში მუშაობდნენ. ფილ კოლინზი მასზე ღამით იჯდა და საბოლოო მიქსს ამზადებდა.
ჩაწერის მიწურულს სტივ ჰეკეტმა ცერა თითზე ნერვი დაიზიანა, რის გამოც ინგლისში დაგეგმილი სამკვირიანი ტურნე გადაიდო.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყველა სიმღერის ავტორები - ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, პიტერ გებრიელი, სტივ ჰეკეტი და მაიკ რეზერფორდი.
- Atco-ს მიერ აშშ-ში გამოცემულ დისკზე „The Carpet Crawl“ მითითებულია, როგორც „The Carpet Crawlers“, ხოლო „Here Comes The Supernatural Anaesthetist“ - როგორც „The Supernatural Anaesthetist“.
დისკი 1
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „The Lamb Lies Down on Broadway“ | 4:55 |
2. | „Fly on a Windshield“ | 2:47 |
3. | „Broadway Melody of 1974“ | 2:11 |
4. | „Cuckoo Cocoon“ | 2:14 |
5. | „In the Cage“ | 8:15 |
6. | „The Grand Parade of Lifeless Packaging“ | 2:45 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Back in N.Y.C.“ | 5:49 |
2. | „Hairless Heart“ | 2:13 |
3. | „Counting Out Time“ | 3:45 |
4. | „The Carpet Crawlers“ | 5:16 |
5. | „The Chamber of 32 Doors“ | 5:44 |
დისკი 2
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარე 3 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Lilywhite Lilith“ | 2:40 |
2. | „The Waiting Room“ | 5:28 |
3. | „Anyway“ | 3:18 |
4. | „Here Comes the Supernatural Anaesthetist“ | 2:50 |
5. | „The Lamia“ | 6:57 |
6. | „Silent Sorrow in Empty Boats“ | 3:06 |
მხარე 4 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „The Colony of Slippermen
| 8:14 |
2. | „Ravine“ | 2:05 |
3. | „The Light Dies Down on Broadway“ | 3:32 |
4. | „Riding the Scree“ | 3:56 |
5. | „In the Rapids“ | 2:24 |
6. | „it“ | 4:58 |
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტონი ბენქსი – კლავიშებიანი საკრავები, ფორტეპიანო
- ფილ კოლინზი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, ვიბრაფონი, დამატებითი ვოკალი
- პიტერ გებრიელი – ვოკალი, ფლეიტა, ჰობოი
- სტივ ჰეკეტი – გიტარები
- მაიკ რეზერფორდი – ბასი, 12 სიმიანი გიტარა, ბას პედლები
- ბრაიან ინო – „ენოსიფიცირება“
ტურნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტი (1974) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[7] | 15 |
იტალია | 14[8] |
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[9] | 34 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[10] | 10 |
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[11] | 41 |
სერტიფიცირებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
კანადა (Music Canada)[12] | Gold | 50 000^ |
საფრანგეთი (SNEP)[13] | Gold | 100 000* |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[14] | Gold | 100 000^ |
აშშ (RIAA)[15] | Gold | 500 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Annotated Lamb Lies Down on Broadway - ალბომის კონცეფციის განხილვა
- ალბომის შექმნის ისტორია (რუსულ ენაზე)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ერლეუაინი, სტივენ თომას. (2011)The Lamb Lies Down on Broadway. AllMusic. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
- ↑ Easlea, Daryl. (23 აპრილი 2007) BBC – Music – Review of Genesis – The Lamb Lies Down on Broadway. BBC. ციტირების თარიღი: 7 ივნისი 2012.
- ↑ კრისტგოუ, რობერტ. (2011)Robert Christgau: Album: Genesis: The Lamb Lies Down on Broadway. robertchristgau.com. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
- ↑ (2004) The new Rolling Stone album guide. New York: Simon & Schuster, გვ. 327. ISBN 978-0-7432-0169-8.
- ↑ Charone, Barbara (26 ოქტომბერი 1974). „Mickey Mouse Lies Down on Broadway“. Sounds: 22, 27. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2016.[მკვდარი ბმული]
- ↑ http://www.bloovis.com/music/lamb.html
- ↑ "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 3919a." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 5 დეკემბერი 2016.
- ↑ http://www.hitparadeitalia.it/hp_yenda/lpe1975.htm
- ↑ "Genesis – The Lamb Lies Down on Broadway". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 5 დეკემბერი 2016.
- ↑ "1974-12-07 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 5 დეკემბერი 2016.
- ↑ „Genesis ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 5 დეკემბერი 2016.
- ↑ Canadian album certifications – Genesis – The Lamb Lies Down on Broadway. Music Canada.
- ↑ French album certifications – Genesis – The Lamb Lies Down on Broadway ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
- ↑ British album certifications – Genesis – The Lamb Lies Down on Broadway. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ The Lamb Lies Down on Broadway ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Genesis – The Lamb Lies Down on Broadway. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
- ჯენესისის ალბომები
- 1974 წლის ალბომები
- კონცეპტუალური ალბომები
- Atco Records-ის ალბომები
- Charisma Records-ის ალბომები
- როკ-ოპერები
- ალბომები Hipgnosis-ის გარეკანის დიზაინით
- ალბომები პიტერ გებრიელის პროდიუსერობით
- ალბომები ფილ კოლინზის პროდიუსერობით
- ალბომები ტონი ბენქსის პროდიუსერობით
- ალბომები მაიკ რეზერფორდის პროდიუსერობით