შინაარსზე გადასვლა

ევსევი (ილინსკი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთავარეპისკოპოსი ევსევი

მთავარეპისკოპოსი ევსევი (რუს. Евсевий), ერისკაცობაში — ალექსი ალექსის ძე ილინსკი (Алексей Алексеевич Ильинский; დ. 1809, ბელგოროდი — გ. 12 მარტი, 1879, ტვერი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი (1 მარტი, 1858-8 დეკემბერი, 1877).

ალექსი ილინსკი დაიბადა კურსკის გუბერნიაში, მიახლოვებით 1808 წელს. 1834 წელს ბერად აღიკვეცა, 1835 წელს სწავლა დაასრულა კიევის სასულიერო აკადემიაში. იყო ჯერ კიევის, მერე ვილენსკის სემინარიის რექტორი. 1849 წელს იყო კოვენსკის ეპისკოპოსად, 1851 წ. პოდოლის ეპისკოპოსი.

1858 წლიდან 1877 წლამდე იყო საქართველოს ეგსარქოსი. 1865 წლის 30 აგვისტოს მიიღო ალმასის ჯვარი კუნკულზე სატარებლად. 1878 წელში გადაყვანილ იქნა ტვერის მთავარეპისკოპოსად, სადაც გარდაიცვალა 1879 წელს.

საქართველოში მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1860 წელს ევსევიმ დააარსა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოება. კავკასიის მთიანეთში „საზოგადოების“ სახელით შეიქმნა სასულიერო სკოლები; მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში, დაარსდა სასწავლებელი სამღვდელო პირთა ქალიშვილებისათვის; თბილისის სასულიერო სემინარიასთან შეიქმნა საკვირაო სკოლა.

ევსევის მოღვაწეობის პერიოდში სასულიერო წრეებში იდევნებოდა თავისუფალი აზრი. იმავე დროს ქართული საეკლესიო ქონების დაკარგვა განსაკუთრებულად ხშირი მოვლენა გახდა. ილინსკის ხელშეწყობით ქართული საეკლესიო ქონება რუსი კოლექციონერების კერძო კოლექციებში ხვდებოდა. მაგალითად, 1860-ან წლებში ილინსკის დახმარებითა და მფარველობით ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა ვლადიმირ ვასილის ძე ლევაშოვმა გელათის მონასტერში დაცული ხახულის ღვთისმშობლის ხატი გაძარცვა, კერძოდ, ღვთისმშობლის ტიხრულ მინანქარში შესრულებული ხატი და მინანქრის სხვა უნიკალური ნამუშევრები მოიპარა და იმ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუს კოლექციონერს, მიხეილ ბოტკინს მიჰყიდა.[1]

  • ბუბულაშვილი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • Русский биографический словарь: В 25 т. / под наблюдением А. А. Половцова. 1896—1918

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
ისიდორე
საქართველოს ეგზარქოსი
1858-1877
შემდეგი:
იოანიკე