შინაარსზე გადასვლა

ეოვინი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეოვინი
სხვა სახელები დერნჰელმი
ბიოგრაფიული ცნობები
რასა როჰანელი ადამიანები
ნაწარმოები ორი ციხე-კოშკი (1954)
მეფის დაბრუნება (1955)

ეოვინი — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. როჰანელი დიდგვაროვანი, ეომუნდის და თეოდვინის ასული, ბეჭდის ომის დასრულების შემდეგ როჰანის მეფის, ეომერის უმცროსი და და თეოდენის დისწული. მას უწოდებდნენ „ქალბატონ-მკლავფარს“.

ეოვინი გაიზარდა ედორასში ძმასთან ერთად. მშობლების სიკვდილის შემდეგ მეფე თეოდენმა ისინი თავის სამეფოში წამოიყვანა და საკუთარი შვილებივით აღზარდა. როდესაც თეოდენი სარუმანის გავლენის ქვეშ მოექცა, მასზე ყველაზე თავგამოდებით ეოვინი ზრუნავდა.

ედორასში არაგორნის პირველად გამოჩენისას როჰანის ქალწულმა დაარწმუნა საკუთარი თავი მის მიმართ სიყვარულში, რადგან სურდა მამაცურად სიკვდილის პოვნა საბრძოლო ველზე და ამით დიდების მოპოვება. იმის გამო, რომ მისი თხოვნა ომში როჰანელ მეომრებთან ერთად წასვლაზე უარყოფილ იქნა[1], გამოეწყო როჰანელ მეომრად და თან წაიყვანა ჰობიტი მერიადოკ ბრენდიბაკი. პელენორის მინდვრებზე ბრძოლისას ჰობიტთან ერთად მან განგმირა ანგმარის გრძნეული მეფე, თუმცა თავადაც ძლიერ დაშავდა. იგი, როგორც ბევრი სხვა, განიკურნა მეფე ელესარის ხელისგან. სამკურნალო სახლში გაიცნო ფარამირი. საბოლოოდ, მისი ცოლი გახდა, ისევე, როგორც ითილიენის ქალბატონი.

დაიბადა მესამე ეპოქის 2995 წელს. დედამისი - თეოდვინი, იყო მეფე თეოდენის და, ხოლო მამამისი, ეომუნდ ისტფოლდელი - მხედართსამეფოს მთავარსარდალი. მესამე ეპოქის 3002 წელს ეომუნდი განგმირულ იქნა ორკების მიერ, ხოლო მოგვიანებით გარდაიცვალა თეოდვინიც. ობლად დარჩენილი ეოვინი და ეომერი თეოდენმა წაიყვანა მედუსელდში და იქ ცხოვრობდა მათთან და თავის შვილ თეოდრედთან ერთად[2]. მეფე მათ იგი საკუთარი მამასავით უყვარდათ.

მესამე ეპოქის 3014 წელს მეფე თეოდენი შეუძლოდ გახდა. იგი მოექცა სარუმანის ავი გავლენის ქვეშ, გონება დაებინდა და უდროოდ მოხუცდა. სარუმანს მედუსელდში თავისი კაციც ჰყავდა, მეფის ყოფილ მხლებელ გრიმა ენაგესლის სახით, რომელიც თეოდენს გონებას უბინდავდა და ასუსტებდა თავისი საუბრით. გრიმას ეოვინი თავისთვის სურდა და მას ყველგან დაჰყვებოდა და უთვალთვალებდა. სარუმანი დაჰპირდა გრიმას ეოვინს, როგორც ერთგული მსახურობისთვის გასამრჯელოს.

თეოდენზე ზრუნვა გახდა ეოვინის მოვალეობა. ხუთი წლის განმავლობაში ის თვალს ადევნებდა, თუ როგორი უმწეო ხდებოდა ოდესღაც მამაცი მეფე. სანამ მასთან იჯდა და იძულებული იყო, ესმინა გრიმა ენაგესლის სიცრუე, ეომერი და თეოდრედი იცავდნენ როჰანის საზღვრებს. ეოვინი წლების განმავლობაში გახდა ცივი ხასიათის პატრონი.

მესამე ეპოქის 3019 წლის 25 თებერვალს იზენის ფონთან ბრძოლისას დაიღუპა თეოდრედი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს უბედურება მოხდა სარუმანის გამო, რადგან მისი მიზანი იყო მეფის ერთადერთი შვილის და მემკვიდრის მოსპობა.

იმავე წლის 2 მარტს ოქროს სასახლეს ესტუმრნენ ჯადოსანი განდალფ თეთრი, არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი. ჯადოსანმა გაათავისუფლა თეოდენი სარუმანის გავლენისგან. ყველას თვალწინ როჰანის მეფე შეიცვალა და დაუბრუნდა თავის ძველ და ძლევამოსილ იერს. სწორედ მაშინ იხილა პირველად ეოვინმა არაგორნი, თავისი ძლევამოსილებით და დააჯერა საკუთარ თავს, რომ მას ეს გულადი ადამიანი შეუყვარდა.

თეოდენმა გადაწყვიტა, სარუმანის წინააღმდეგ საბრძოლველად წასულიყო და მას არაგორნიც თავის მეგობრებითურთ და განდალფი მიჰყვებოდნენ. გაცილების საღამოს ეოვინმა შესვა მათი წარმატების სასმისი და შემდეგ თასი გაუწოდა არაგორნს, რომელიც ქალის ხელების კანკალზე მიხვდა, რომ ეოვინი მის მიმართ გულგრილი არ იყო. იგი დამწუხრდა, რადგან იცოდა, რომ ვერ დაუბრუნებდა გრძნობას, რომელსაც მისგან ეოვინი მოელოდა. ჰამამ, თეოდენის პირადმა მცველმა, შესთავაზა მეფეს, ეოვინი საკუთარ ხალხთან დაეტოვებინა, რომელსაც უყვარდა იგი.

ეოვინმა ხალხი ედორასიდან წაიყვანა თეთრი მთებისკენ, თავშესაფარში. ზოგიერთს არ სურდა სახლის დატოვება, მაგრამ ეოვინმა დაარწმუნა, რომ იქ დარჩენა მათთვის სახიფათო იქნებოდა. ხალხი დათანხმდა და გაჰყვა ქალბატონს. ეოვინმა ისინი თავშესაფარში საკვებითაც მოამარაგა.

7 მარტს გამოჩნდა არაგორნი თავის რუხ რაზმთან ერთად. მან ახარა როჰირიმ ქალბატონს ჰელმის ხრამში თეოდენის გამარჯვების შესახებ. თავდაპირველად ეოვინს გაუხარდა ეს და ისიც, რომ სწორედ არაგორნი მივიდა მასთან ამ ამბის საცნობად, მაგრამ მალევე შეიტყო, რომ მას მკვდართა ბილიკისკენ გეზი ჰქონდა აღებული.

ეოვინმა სცადა მისი გადარწმუნება, რადგან ნათქვამი იყო, რომ ვინც ამ ბილიკს გაუყვებოდა, უკან ცოცხალი არასოდეს დაბრუნდებოდა. მცდელობა ამაო აღმოჩნდა, ამიტომ მუხლი მოიდრიკა არაგორნის წინაშე და შეევედრა, თან წაეყვანათ. არაგორნმა კი შეახსენა, რომ მეფემ იმისთვის დატოვა, რომ მისი არყოფნაში საკუთარი ხალხისთვის ეპატრონა[1]. ამაზე ეოვინმა უპასუხა:

- თქვენი სიტყვებით მხოლოდ ამას მეუბნებით: ქალი ხართ და თქვენი ვალი სახლში დარჩენააო. ხოლო როცა კაცები ბრძოლაში სახელოვნად დაიხოცებიან, თუნდაც სახლები სულ გადაუწვიათ და თქვენც შიგნით გამობუგულხართო. მე ეორლის საგვარეულოს ვეკუთვნი, უბრალო მოახლე კი არ ვარ. მე ცხენზე ამხედრება და მახვილის ჭერა შემიძლია, არც ტკივილისა მეშინია და არც - სიკვდილის.

- მაშ, რისი გეშინიათ, ქალბატონო? - ჰკითხა არაგორნმა.

- გალიის, - მიუგო ეოვინმა - სიბერემდე რკინის რიკულებში ყოფნისა და სახელის მოხვეჭის შესაძლებლობის და სურვილის დაკარგვისა. (ბეჭდების მბრძანებელი - „მეფის დაბრუნება - თავი მეორე. მკვდართა ბილიკი“).

მეორე დილით ეოვინი კვლავ შეევედრა, რომ ლაშქრობაში წაეყვანათ, მაგრამ არაგორნმა იგი წამოაყენა ზეზე, ხელებზე ეამბორა და თავის რუხ რაზმთან ერთად გზას გაუდგა.

მეორე დღეს მოვიდნენ თეოდენი და ეომერი. ეოვინი მათ მეომარივით აბჯარგამოწყობილი დახვდათ და აუწყა არაგორნის მკვდართა ბილიკით გამგზავრების ამბავი, რის გამოც თავად ძლიერ დამწუხრებულიყო. მერიადოკმა შეამჩნია, რომ იგი ჩუმად ქვითინებდა. თეოდენმა სცადა, დაემშვიდებინა თავისი დისწული და უთხრა: „შესაძლებელი იყო, რომ არაგორნი, ლეგენდის თანახმად, სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გაევლო ეს გზა, შესულიყო ბნელ კარში და გამოსულიყო იქიდან ცოცხალი“. დილით თეოდენი ეომერსა და როჰანის ჯართან ერთად გონდორისკენ გაეშურა, ეოვინი კი უნდა დარჩენიყო კვლავ თავის ხალხთან. მეფე მერი ბრენდიბაკსაც გამოემშვიდობა და უთხრა, რომ ეოვინთან დარჩენილიყო და ემსახურა მისთვის.

ეოვინი გამოეწყო როჰირიმ მეომრად და გონდორში საომრად მერიც თან წაიყვანა, რადგან იცოდა, რომ ჰობიტიც არანაკლები სიმამაცით გამოირჩეოდა და მასაც სურდა ომში ებრძოლა მეგობრების გვერდით. თავდაპირველად მერიმ ვერ იცნო თავისი ქალბატონი, რომელიც გაეცნო მას მეომარ დერნჰელმად. მან მერი ცხენზე, თავის წინ მოისვა. ჰობიტი და დერნჰელმი გაყვნენ ელფჰელმის ეორედს.

15 მარტის გარიჟრაჟზე როჰირიმები მიადგნენ პელენორის მინდვრებს. ეოვინმა გადაინაცვლა თეოდენის ეორედში და მასთან ერთად იბრძოდა. უეცრად ბრძოლის მინდორზე ფრთიან ურჩხულზე ამხედრებული ანგმარის გრძნეული მეფე გამოჩნდა. მერი და ეოვინი საკუთარმა ცხენმა ჩამოაგდო და შეშინებულმა გაკურცხლა. როდესაც ეოვინმა დაინახა საკუთარი ცხენის ქვეშ მომწყვდეული დასახიჩრებული მეფე, სიმწრისგან განრისხებული, აღუდგა ნაზგულთა ბატონს:

- მოშორდი აქედან, საძაგელო აჩრდილო, ლეშისმჭამელთა მეუფევ! მოასვენე მკვდარი!

მას ცივმა ხმამ მიუგო: - ნუ ჩადგები ნაზგულსა და მის ნადავლს შორის! თორემ დროზე ადრე მოგიღებს ბოლოს. მოთქმა-გოდების სავანეში წაგიყვანს, მიღმა ყველანაირი წყვდიადისა, სადაც ხორცი შენი, დალპება და გონება შენი გაშიშვლებული დარჩება დიადი თვალის წინაშე. ქარქაშიდან ამოგებულმა ხმალმა გაიჟღრიალა. - რაც გინდა, ის ქენი, მე ხელს შეგიშლი, თუ მოვახერხებ. - ხელს შემიშლი? შე ბრიყვო. მოკვდავი კაცი მე ხელს ვერ შემიშლის! - და მერის ყველაზე უჩვეულო ხმა მოესმა, რომლის მოსმენაც იმ წუთას შეიძლებოდა. დერნჰელმა გაიცინა, თითქოს რკინამ დაიწკარუნაო და მკაფიოდ წარმოთქვა:

- მაგრამ მე კაცი არ ვარ! შენ ქალს დაჰყურებ. ეოვინი ვარ, ეომუნდის ასული. ახლა ჩემსა და ჩემს მეფესა და ბიძას შორის დგახარ. გამეცალე, თუ უკვდავი არ ხარ! თორემ თუ შეეხები, ვინც უნდა იყო, მანდვე აგკუწავ![3]

ურჩხულმა დასჭყივლა ქალს, მაგრამ ის არ შეუშინდა და თავი წააცალა ხმლის ერთი მოქნევით. ანგმარის მეფემ ეოვინს დაუმსხვრია ფარი და ფართან ერთად ხელიც დაუჭრა. დარტყმისგან მიყენებული სიმძიმისა და ტკივილისგან იგი მუხლებზე დაეცა. გრძნეული მეფე ეოვინის მოსაკლავად გაემზადა, შავი სუნთქვით უნდა განეგმირა, მაგრამ მოულოდნელად უკნიდან მერიმ თავისი მახვილი ჩასცხო. ეოვინმა იხელთა დრო და თავისი ხმალი ნაზგულთა ბატონს გვირგვინსა და მოსასხამს შორის გაუყარა. ასე ახდა 1000 წლის წინანდელი ელფ გლორფინდელის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება[4]. ეოვინიც და მერიც მიწაზე გულწასულები დაეცნენ.

ეომერმა ბრძოლის ველზე თავისი და იპოვა, რომელიც მანამდე უკვე დაღუპული ეგონა. მან იგი მიაბარა მინას ტირითისკენ მიმავალ მეომრებს, რომელთაც დახოცილი და დაჭრილი მეომრები მიჰყავდათ. იქ დოლ ამროთის მთავარმა იმრაჰილმა შეამჩნია, რომ ეოვინი სუნთქავდა და როჰანელი ქალბატონი სამკურნალო სახლში გადაიყვანეს[5]. ომის შემდეგ, მერი, ეოვინი და ფარამირი არაგორნმა, განკურნებით იხსნა წყვდიადისგან.

ეოვინი სხეულით განიკურნა, თუმცა მისი გონება მთლიანად ბნელი ძალისგან ვერ გათავისუფლებულიყო. იგი ძლიერ დამწუხრდა, როდესაც შეიტყო, რომ არაგორნი დასავლეთის ლაშქართან ერთად შავი კარიბჭისკენ გაემართა. სამკურნალო სახლში მან ფარამირი გაიცნო. თავად გული შესტკიოდა იმაზე, რომ არ შეეძლო მორდორის კარიბჭესთან ბრძოლაში მონაწილეობის მიღება და სამკურნალო სახლში იყო გამოკეტილი[5]. ფარამირი დამწუხრდა, ხედავდა რა ახალგაზრდა და მშვენიერი ქალბატონის ასეთ მდგომარეობას. მკურნალობის პერიოდში ისინი დაახლოვდნენ და ერთმანეთი შეუყვარდათ. მალე მოვიდა ცნობა, რომ დასავლეთის ლაშქარმა არაგორნის წინამძღოლობით ომი მოიგო. ეომერმა საკუთარი და იხმო კორმალენის მინდვრებზე ამბის აღსანიშნად, მაგრამ ეოვინმა არჩია, დარჩენილიყო სამკურნალო სახლში, რადგან იქ ნამდვილი სიყვარული ჰპოვა.

10 აგვისტოს, თეოდენის დაკრძალვაზე ეომერმა აცნობა თავის ხალხს, რომ მისი და ცოლად მიჰყვებოდა გონდორის მოურავ ფარამირს. 3020 წელს ფარამირმა და ეოვინმა იქორწინეს და დასახლდნენ ემინ არნენში. ფარამირი გახდა ითილიენის მმართველი უფლისწული. სანამ ფარამირმა გაწმინდა ითილიენი ირგვლივ არსებული ბოროტი ძალისგან, ბნელტევრელი ელფების დახმარებით ეოვინმა დარგო უამრავი ხე, გაანაყოფიერა ბაღები და გაალამაზა ითილიენი. ფარამირმა და ეოვინმა ერთად მრავალი წელი იცხოვრეს. ჰყავდათ ერთადერთი შვილი, ელბორონი. ეოვინის გარდაცვალების თარიღი ცნობილი არ არის.

გარეგნობა და ხასიათი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეოვინი აღწერილია როგორც ტანმაღალი უმშვენიერესი ქალი. მას ჰქონდა გრძელი ქერა თმა და ნაცრისფერი თვალები. ფლობდა ცხენზე ჯირითს და მახვილის ჭერას. ხალხს ძალიან უყვარდა თავისი ქალბატონი უშიშარი ხასიათის და ამტანობის გამო.

ძველ ინგლისურში, რომელსაც ტოლკინი იყენებდა როჰანულის წარმოებისთვის, eoh (ან eh) ნიშნავს „საბრძოლო-ცხენს“[6], ხოლო wyn – „სიხარულს“[7] (ამასთან, Bosworth and Toller-ში მოყვანილია მაგალითი, რომლის მიხედვით wyn ნიშნავს „ხალისს“ ან „ხალისიანს“). ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიტყვა ძველ ინგლისურში არ მოიპოვება, სახელი Éowyn შესაძლოა, ნიშნავდეს „მომხიბლავ ჰუნეს“.[8]

Éowyn-ის პირველი მარცვალი ჟღერს როგორც eh-oh, სადაც oh ნათლად არ წარმოითქმის. ისევე, როგორც ჩრდილო გერმანიკულ ან ფინურ ენებში, y მეორე მარცვალში არის იგივე ასო-ბგერა, რაც გერმანული ü ან ფრანგული u.

ტოლკინი ამბობდა, რომ Éowyn არ იყო პერსონაჟის ნამდვილი სახელი. როჰანულად ეს სახელი მითითებული არ არის, მაგრამ, ისევე, როგორც ეომერის და ეომუნდის ნამდვილი სახელების შემთხვევაში, იგი უნდა იწყებოდეს ელემენტით Lô- ან Loh-. ეს ნიშნავს ცხენს, რომელიც ტოლკინთან აღინიშნება ძველი ინგლისური Eoh--ით[9]

მიუხედავად იმისა, რომ ეოვინს პრინცესის წოდება არ უტარებია, იგი მეფის დისწული იყო, ისევე, როგორც ეომერის, შემდგომი მეფის და და გონდორელი უფლისწულის ცოლიც. ეოვინს უწოდებდნენ როჰანის თეთრ ქალბატონს, ითილიენის ქალბატონს და ემინ არნენის ქალბატონს. მას აგრეთვე შეარქვეს ქალბატონი მკლავფარი - ანგმარის გრძნეული მეფის დამარცხების აღსანიშნავად.

ჩანაფიქრი და შექმნა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ტოლკინს სურდა, ეოვინი არაგორნთან დაქორწინებულიყო. მოგვიანებით მან გადაიფიქრა, ვინაიდან არაგორნი „მეტად ასაკოვანი და მკაცრი“ იყო. ეოვინი, მწერლის ჩანაფიქრით, ეომუნდის ტყუპისცალი უნდა ყოფილიყო, რომელიც უნდა დაღუპულიყო თეოდენზე შურისძიების მცდელობისას. ერთ-ერთი ჩანაფიქრით, არაგორნს უნდა ჰყვარებოდა ეოვინი და განეცადა, რომ მასთან არ იქორწინა[10].

ერთ-ერთ ჩანაწერში ეოვინი აღწერილია, როგორც „სასტიკი ამორძალი“[10]. მოგვიანებით იგი განმარტავს: „მართალია, ხასიათით „ძიძა“ არ ყოფილა, არც მებრძოლი, არც „ამორძალი“ სინამდვილეში არ ყოფილა, მაგრამ, როგორც მრავალ მამაც ქალბატონს, კრიზისის ჟამს შეეძლო დიდი მამაცობის გამომჟღავნება“.[11] (აქ იგი იხსენებს ეოვინის მიერ არაგორნისთვის წარმოთქმულ სიტყვებს - „მაგრამ განა მეც ეორლის საგვარეულოს არ ვეკუთვნი? მებრძოლი ვარ თუ ძიძა?“[1])

მირანდა ოტო, ეოვინის როლის შემსრულებელი პიტერ ჯექსონის „ორ ციხე-კოშკში“ (2002) და „მეფის დაბრუნებაში“ (2003).

რენკინის და ბასის 1980 წლის ანიმაციურ ფილმში „მეფის დაბრუნება“ პერსონაჟს ახმოვანებს ნელი ბელფლაუერი. 1981 წლის რადიოსერიალში იგი ელინ ჯენკინსმა განასახიერა.

ეოვინი აგრეთვე ჩნდება რალფ ბაკშის 1978 წლის ფილმში, მაგრამ დიალოგებში არ მონაწილეობს და არც რამე სახის მონოლოგები აქვს.

პიტერ ჯექსონის „ორ ციხე-კოშკში“ (2002) და „მეფის დაბრუნებაში“ (2003) ეოვინს განასახიერებს მირანდა ოტო. მანამდე როლი იბენ იეილეს უნდა შეესრულებინა, რომელმაც უარი თქვა, ვინაიდან აუცილებელი იყო მშობლიური დანიის დატოვება. ერთ-ერთი კანდიდატი ეოვინის როლზე იყო უმა თურმანიც[12].

ორიგინალურ რომანში და ჯექსონის ადაპტაციაში ხაზგასმულია, რომ სარუმანმა გრიმას ეოვინი აღუთქვა. ერთ-ერთ სცენაში, რომელშიც ეოვინი დასტირის დაღუპულ ბიძაშვილს, გრიმა თავს აბეზრებს. თეოდრედის დასაფლავებისას იგი სამგლოვიარო გალობას ასრულებს. „ორი ციხე-კოშკის“ გაფართოებულ ვერსიაში ეოვინი გაოგნებული აღმოაჩენს, რომ არაგორნი არის დუნადანი.

ჯექსონის „მეფის დაბრუნების“ ორიგინალურ, კინოთეატრებისთვის განკუთვნილ ვერსიაში, ეოვინი პელენორის მინდვრებზე ბრძოლისას უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვიდრე წიგნში, სადაც ყველაზე გამოკვეთილია მისი ბრძოლა ანგმარის გრძნეულ მეფესთან და გოთმოგთან. ფილმში იგი არ ასახელებს თავის ვინაობას, არამედ უბრალოდ წარმოთქვამს „მე კაცი არ ვარ!“ ამასთან, თუკი წიგნში მომაკვდავ თეოდენთან მერიადოკი იმყოფება, ფილმში მას ეოვინი ემშვიდობება. გაფართოებულ ვერსიაში ნაჩვენებია, რომ ბრძოლის შემდეგ ეოვინი სიკვდილის პირას არის. მას პოულობს ძმა, რომელიც, ჯავრიანი, შეჰყვირებს, დარწმუნებულია რა, რომ მისი და უკვე მკვდარია. მოგვიანებით ნაჩვენებია, რომ ეოვინს არაგორნი მკურნალობს. აგრეთვე წარმოდგენილია სცენა, რომელშიც იგი ფარამირს ესაუბრება.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ეოვინი ბრძოლის წინ გარეგნობას იცვლის, სახელ დერნჰელმს არ ახსენებს. გაფართოებულ ვერსიაში თეოდენი ამჩნევს, თუ როგორ ებრძვის იგი ორკებს, მაგრამ არ არის ნათელი, ხვდება თუ არა, რომ იგი მისი დისწულია. ფილმის გუნდი ხაზს უსვამდა, რომ წიგნში ეოვინის ვინაობის ამოცნობა ადვილია, ხოლო კინოში მაყურებლები მას უფრო მარტივად ამოიცნობდნენ და სცენის დამაჯერებლობა გაქრებოდა.

ფილმში ეოვინი უკანასკნელად არაგორნის გვირგვინის დადგმისას ჩნდება, ფარამირთან ერთად. გაფართოებულ ვერსიაში ნაჩვენებია მისი ფარამირთან შეხვედრის და შეყვარების სცენაც, თუმცა არ არის ხაზგასმული, რომ ისინი დაქორწინდებიან. DVD-ის კომენტარების თანახმად, გადაიღეს მათი ქორქინების სცენაც. ნგილა დიკსონი, ოსკარის მფლობელი კოსტიუმების დიზაინერი, ამბობდა, რომ კინოტრილოგიაში სწორედ ამ სცენაში გამოიყენეს საუკეთესო ჩაცმულობა. მიუხედავად იმისა, რომ სცენა აღწერილია DVD-ის კომენტარებში და სხვა ინტერვიუებში, ისიც ამოჭრეს და არ შეიტანეს გაფართოებულ ვერსიაშიც. არ არსებობს ფოტოს სახით მისი რამე ვიზუალური მოწმობაც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1955), მეფის დაბრუნება, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), მკვდართა ბილიკი, ISBN 0-395-08256-0
  2. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ორი ციხე-კოშკი, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), მეფე ოქროს სასახლეში, ISBN 0-395-08254-4
  3. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1955), მეფის დაბრუნება, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), ბრძოლა პელენორის მინდვრებზე, ISBN 0-395-08256-0
  4. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1955), მეფის დაბრუნება, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), დანართები, ISBN 0-395-08256-0
  5. 5.0 5.1 ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1955), მეფის დაბრუნება, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), სამკურნალო სახლი, ISBN 0-395-08256-0
  6. Eoh: საბრძოლო ჰუნე, ბოსუორთი, ჯოზეფ, დ.დ., ფ.რ.ს. და ტოლერი, ტ. ნორთკოუტი, მ. ა. (1898, 1921). ანგლო-საქსონურის ლექსიკონი, დაფუძნებული ჯოზეფ ბოსუორთის ხელნაწერების კოლექციაზე. Oxford University Press. გვ. 253. Google Book Search. წაკითხვის თარიღი: 3 აპრილი, 2009.
  7. Wyn(n): სიხარული, ბოსუორთი, ჯოზეფ, დ.დ., ფ.რ.ს. და ტოლერი, ტ. ნორთკოუტი, მ. ა. (1898, 1921). ანგლო-საქსონურის ლექსიკონი, დაფუძნებული ჯოზეფ ბოსუორთის ხელნაწერების კოლექციაზე. Oxford University Press. გვ. 1285. Google Book Search. წაკითხვის თარიღი: 3 აპრილი, 2009.
  8. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1996), შუახმელეთის ხალხები, ბოსტონი: Houghton Mifflin, ISBN 0-395-82760-4
  9. ფაუსკანგერი, ჰელგე. Various Mannish Tongues - the sadness of Mortal Men?. Ardalambion (ტოლკინის კვლევა). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-19. ციტირების თარიღი: 2017-11-15.
  10. 10.0 10.1 ტოლკინი, ჯ. რ. რ. ტოლკინი (1989), კრისტოფერ ტოლკინი, რედ., იზენგარდის ღალატი, ბოსტონი: Houghton Mifflin, ISBN 0-395-51562-9
  11. კარპენტერი, ჰამფრი, რედ. (1981), ჯ. რ. რ. ტოლკინის წერილები, ბოსტონი: Houghton Mifflin, #244, ISBN 0-395-31555-7
  12. ადლერი, შოუნ. (17 აპრილი 2008) „ბეჭდების მბრძანებელი“": რა იქნებოდა თუ: უმა თურმანი როგორც ეოვინი?. MTV Movies Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი 2010.