შინაარსზე გადასვლა

ფრიდონ საყვარელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდონ საყვარელიძე
დაბადების თარიღი 3 სექტემბერი, 1954
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 6 თებერვალი, 2018 (63 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის დოქტორი.
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
ძირითადი იდეები ლიბერალიზმი
საქმიანობა პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, მთარგმნელი
შვილ(ებ)ი 4

ფრიდონ საყვარელიძე (დ. 3 სექტემბერი, 1954, თბილისი — გ. 6 თებერვალი, 2018) — ქართველი პოლიტიკოსი, მედიკოსი და პუბლიცისტი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი (1992, 2012).

წარჩინების დიპლომით დაამთავრა თბილისის I საშუალო სკოლა 1971 წელს, ხოლო 1978 წელს — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმ-კარდიოლოგის სპეციალობით. არის მედიცინის დოქტორი. 1992-2016 წლებში რესპუბლიკური პარტიის და მისი ეროვნული კომიტეტის წევრი. 1989 წლიდან იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის („დასი”, „საქართველოს კონსტიტუციის დაცვის ლიგა”, „პლურალიზმის ცენტრი”, „რესპუბლიკური ინსტიტუტი") — დამფუძნებელი და მმართველი ორგანოს წევრი. არის „ქრისტიანული განათლების ფონდის” დირექტორი. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, საგანი — „დიადი წიგნები” 2011-2016 წლებში, 2017 წლიდან "პოლიტიკური იდეოლოგიები". 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „11 ოქტომბერი“. 2012 -2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

საყვარელიძე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა მედიცინაში. 1998 წელს შეადგინა და გამოსცა „ადამიანის უფლებათა ლექსიკონი”. წერდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით გამომავალ ჟურნალ „სოლიდარობაში“ ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიის, პოლიტიკური იდეოლოგიების და დემოკრატიის საკითხებზე.

სხვადასხვა დროს მისი რედაქტორობით გამოიცა: „შენიშვნები ადამიანის უფლებებისა და ადამიანის უფლებების მონიტორინგის შესახებ“, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლები“, „ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“, „ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო წამების წინააღმდეგ“.

არის ავტორი წიგნისა „მადამ გილიოტინას საყვარლები“, თანაავტორი წიგნებისა — „საქართველოს კონსტიტუცია (შინაარსისა და საფუძვლების მიმოხილვა)“, „ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა“, „დემოკრატია და ქართული კულტურა“.

ოთარ ზოიძესთან ერთად ქართულ ენაზე თარგმნა მეოცე საუკუნის ღვთისმეტყველის, პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის წიგნები: „მართლმადიდებლობის ისტორიული გზა“, „ცოცხალი რწმენის შესახებ“, „ევქარისტია“, „ღვთისმსახურება და ღვთისმეტყველება“. ჰყავს მეუღლე, ოთხი შვილი და სამი შვილიშვილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]